ზღვარი ოჯახსა და კანონს შორის
რა ხდება, როცა კანონი და ადამიანური ბუნება ერთმანეთს ეჯახება? გაიგეთ, რას ამბობს სსკ-ის 375-ე მუხლი

წარმოიდგინეთ სცენა: შუაღამეა, კარზე აკაკუნებენ. ზღურბლზე დგას ადამიანი, რომელიც თქვენთვის ყველაზე ძვირფასია: შვილი, ძმა, მეუღლე ან უახლოესი მეგობარი. ტანსაცმელზე სისხლის ლაქები აქვს და გეუბნებათ: „საშინელება ჩავიდინე... დამეხმარე, დამმალე“.
პირველი რეაქცია, სავარაუდოდ, ინსტინქტური იქნება: დაიცვა, გადაარჩინო. კანონი კი ამ სიტუაციას სხვაგვარად აფასებს; ვინც დამნაშავეს ხელს დააფარებს, შესაძლოა, თავადაც დამნაშავე გახდეს.
როგორ იქცევა სახელმწიფო, როდესაც მისი საჭიროება დამნაშავის პოვნაა, ადამიანის კი ოჯახის წევრის, ძვირფასი ადამიანის გადარჩენა? სად მთავრდება ადამიანური თანაგრძნობა და სად იწყება დანაშაული? ამ უძველეს დილემაზე, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლი პასუხობს, ადვოკატი გიორგი ანთაძე გვესაუბრება. მისი თქმით, ეს მუხლი ბევრად მეტს მოგვითხრობს სამართლის ბუნებაზე, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს:
„ეს არ არის უბრალოდ მშრალი სამართლებრივი აბზაცი. ეს არის ნორმა, სადაც ერთმანეთს ეჯახება სახელმწიფოს ინტერესი დაიცვას მართლწესრიგი და ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური, პირველყოფილი ემოციები.“
375-ე მუხლი კოდექსის იმ თავშია, რომელიც მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს აერთიანებს. მისი არქიტექტურა მარტივია: რაც უფრო მძიმეა დაფარული დანაშაული, მით მკაცრია სასჯელი დამფარავისთვის.
სწორედ აქ, ორ უწყინარ სიტყვაში - „წინასწარ შეუპირებლად“ - იფარება მთელი მუხლის არსი. ეს ფორმულირება თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ სასამართლო დარბაზში სწორედ ის არჩევს, ვინ დაფარვისთვის დაისჯება და ვინ- მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის.
გიორგი ანთაძე ზღვარს ორ ძირითადი გარემოებით ავლებს. პირველი სურათი დანაშაულამდე იხატება:
„თუ მე მეგობარს მკვლელობამდე ვეუბნები: „შენ წადი, მოკალი, მე კი იარაღს გადაგიმალავ ან მანქანით დაგელოდები და გაგიყვან“, მე უკვე ვარ თანამონაწილე. ჩემი ქმედება მკვლელობაში დახმარებად დაკვალიფიცირდება.“
მეორე სურათი სხვა დროშია დახატული. დანაშაული უკვე მოხდა, უცბად და ყოველგვარი ჩარევის გარეშე. და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება სისხლიანი ტანსაცმლის რეცხვა, იარაღის მდინარეში გადაგდება, სათვალთვალო კამერის ჩანაწერის წაშლა.
„აი, სწორედ აქ შემოდის 375-ე მუხლი“, ამბობს ადვოკატი და აზუსტებს, რომ სიჩუმე და უმოქმედობა ჯერ კიდევ დაფარვა არ არის: „ეს არის აქტიური, ქმედითი ჩარევა, რომელიც მიმართულია მართლმსაჯულების განხორციელების დაბრკოლებისკენ.“
ამ ზღვრის საილუსტრაციოდ გიორგი ანთაძე ექიმების საქმეებს იშველიებს შემთხვევებს, სადაც პროფესიული ეთიკა და კანონი პირდაპირ შეეჯახა ერთმანეთს.
1865 წელს, პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ, ჯონ უილქს ბუტმა თეატრის აივნიდან გადმოხტომისას ფეხი მოიტეხა. ღამით მან მიაკითხა მერილენდელ ექიმს, სამუელ მადს. ექიმმა მას მოტეხილი ფეხი შეუხვია, ყავარჯნები მისცა და სახლში დააძინა. თუმცა, როდესაც დილით გამომძიებლები მივიდნენ, მადმა დამალა უცნობის ყოფნის ფაქტი და პოლიცია მცდარ კვალზე დააყენა. სამხედრო ტრიბუნალმა დაადგინა: პირველადი სამედიცინო დახმარება ექიმის მოვალეობა იყო, მაგრამ მკვლელის დამალვა და პოლიციის შეცდომაში შეყვანა უკვე მართლმსაჯულების დაბრკოლება და დანაშაულის დაფარვა. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
1930-იანი წლების ამერიკაში ჯონ დილინჯერი FBI-ის ყველაზე საშიშ ძებნილად ითვლებოდა. პოლიციასთან შეტაკებისას ფეხში დაჭრილი დილინჯერი თანამზრახველებმა მიიყვანეს დოქტორ კლეიტონ მეისთან. ექიმმა იცოდა, ვინ იყო პაციენტი, თუმცა ტყვია ამოუღო, მალულად უმკურნალა რამდენიმე დღე და პოლიციას არაფერი შეატყობინა. ფედერალურმა სასამართლომ ექიმის ქმედება შეაფასა არა როგორც სამედიცინო ეთიკის დარღვევა, არამედ როგორც ფედერალური ძებნილის შეგნებული დაფარვა (Conspiracy to harbor a fugitive). მას 2 წლით პატიმრობა და სამედიცინო ლიცენზიის ჩამორთმევა მიესაჯა.
იმავე ეპოქაში ჩიკაგოს განგსტერების არალეგალური ქირურგი, დოქტორი ჯოზეფ მორანი, კიდევ უფრო შორს წავიდა. ის ბანდიტებს არა მხოლოდ ჭრილობებს უმუშავებდა, არამედ უტარებდა პლასტიკურ ოპერაციებს სახის ნაკვთების შესაცვლელად და მჟავით უწვავდა თითის ბალიშებს, რათა დანაშაულის ადგილზე ანაბეჭდები აღარ დარჩენილიყო. ეს უკვე აღარ იყო უბრალოდ „დახმარება“ - ეს იყო მტკიცებულებებისა და იდენტობის მიზანმიმართული განადგურება, რაც წინასწარ შეუპირებელი დაფარვისა და თანამონაწილეობის ყველაზე მძიმე გამოვლინებაა.
საუკუნე გავიდა, მაგრამ დილემა იგივე დარჩა. თანამედროვე სამართალი მას უფრო მკაფიოდ პასუხობს: საექიმო საიდუმლოება იცავს პაციენტის დიაგნოზსა და პირად ისტორიას, მაგრამ არა დანაშაულის კვალს.
გიორგი ანთაძის თქმით, ცეცხლნასროლი ან ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობისას კანონი ექიმს შეტყობინებას ავალდებულებს. ჭრილობის დამალვა, ტყვიის „გაქრობა“ ან სამედიცინო ისტორიის გაყალბება ექიმს უკვე სისხლის სამართლის განზომილებაში გადაიყვანს - დაფარვის ან მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის შემადგენლობით.
იგივე ლოგიკა მოქმედებს ევროპაში. გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსი დამფარავს ორ განსხვავებულ სიტუაციაში სჯის:
- § 257 (Begünstigung) იმას ეხება, ვინც დამნაშავეს დანაშაულით მოპოვებული სარგებლის შენარჩუნებაში ეხმარება.
- § 258 (Strafvereitelung) კი იმას, ვინც მას სასჯელს არიდებს.
გიორგი ანთაძის შეფასებით, საზღვრების მიუხედავად პრინციპი ერთიანია:
„ვინც შეგნებულად უწყობს ხელს დამნაშავეს პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევაში, ის პირდაპირ ხელყოფს მართლმსაჯულების ინტერესს.“
მაგრამ გერმანულ კოდექსშიც იმავე § 258-ში ერთი წინადადება იმას ამბობს, რაც ქართულ კანონში ყველაზე ადამიანურ ნაწილად იქცა: სასჯელის გარეშე რჩება ის, ვინც ამას ახლო ნათესავის გამო ჩაიდენს.
დავუბრუნდეთ შუაღამის კარს. თუ ზღურბლზე უცხო დგას, კანონი უკომპრომისოა. მაგრამ თუ შვილია?
375-ე მუხლს აქვს შენიშვნა, რომელსაც გიორგი ანთაძე მუხლის ყველაზე ემოციურ და ჰუმანურ ნაწილს უწოდებს. კანონი პირდაპირ ამბობს: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც წინასწარ შეუპირებლად დაფარა თავისი ახლო ნათესავი - მშობელი, შვილი, მეუღლე, და, ძმა, ბებია, პაპა ან შვილიშვილი.
ადვოკატის თქმით, ამ ჩანაწერში სახელმწიფო ადამიანურ ბუნებას აღიარებს და თითქოს ასე ამბობს:
„მე ვარ ძლიერი, მე მაქვს კანონი, პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო, მაგრამ მე არ მაქვს მორალური უფლება, დედას მოვთხოვო, რომ საკუთარი შვილი ციხისთვის გაწიროს, ან მეუღლეს მოსთხოვოს პარტნიორის გაცემა.“
ეს ნორმა ბუნებითი სამართლის ძველ პრინციპს ეყრდნობა: არავინ არის ვალდებული, ამხილოს საკუთარი თავი ან ახლობელი. გიორგი ანთაძე ისევ შუაღამის სცენას უბრუნდება - დედას, რომელიც შვილის სისხლიან ტანსაცმელს წვავს: მისთვის ამ წუთში კანონი აღარ არსებობს, არსებობს მხოლოდ დედობრივი ინსტინქტი.
„კანონი არ უნდა ითხოვდეს ადამიანისგან შეუძლებელს - საკუთარი ბუნების სრულ განადგურებას“ - ამბობს ის.
თუმცა შეწყალებასაც აქვს ზღვარი და ის ისევ იმ ორ სიტყვაზე გადის. თუ დედა შვილს დანაშაულამდე დაჰპირდა „შენ ეს გააკეთე, მე კვალს წავშლი“, ის უკვე თანამონაწილეა. წინასწარი დაპირება დანაშაულის მომზადების ნაწილი ხდება და სიყვარული ამას ვეღარამართლებს.
შენიშვნას სრული მხარდაჭერა არა აქვს. ყოველ დაფარულ დანაშაულს მსხვერპლიც ჰყავს და მისი ოჯახისთვის დედის მიერ დამწვარი სისხლიანი ტანსაცმელი შესაძლოა სამუდამოდ დაკარგული სიმართლე იყოს. სწორედ ამიტომაა ეს მუხლი ცოცხალი დისკუსიის საგანი.
გიორგი ანთაძისთვის 375-ე მუხლი სამართლის ნამდვილი სახის სარკეა:
„ეს არის ბალანსი ორ უკიდურესობას შორის: ერთი მხრივ, შეუვალი სიმკაცრე მათ მიმართ იქნება ეს რიგითი მოქალაქე თუ ექიმი - ვინც უცხო დამნაშავეს ეხმარება კვალის წაშლაში; მეორე მხრივ, უდიდესი ჰუმანიზმი და თავშეკავება ოჯახური და სისხლისმიერი კავშირების წინაშე.“
შუაღამის კაკუნზე საბოლოო პასუხს კანონი ვერ გასცემს - ეს არჩევანი ისევ იმას რჩება, ვინც კარს აღებს. მაგრამ ერთს ამბობს მკაფიოდ: სახელმწიფო სიყვარულს არ სჯის. სანამ იგი დანაშაულამდე დადებულ შეთანხმებად არ იქცევა.




