ლეგიტიმური ბაზა თუ უკანონო პრაქტიკა - სად მთავრდება უსაფრთხოება და სად იწყება თვითნებობა
სად გადის ზღვარი სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესსა და ადამიანის პირად სივრცეს შორის? - ადვოკატ გიორგი გოგინავას შეფასებები
თანამედროვე ქალაქის ყოველდღიურობაში მოქალაქისა და პოლიციელის შეხვედრა ხშირად იქცევა სამართლებრივი ცნობიერების ლაკმუსის ქაღალდად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი ეხება ქუჩაში შეჩერებას და მოულოდნელ ფოტო-გადაღების პრაქტიკას, რომელიც საზოგადოებაში ხშირად გაურკვევლობას, უსამართლობის მძაფრ განცდასა და დაძაბულობას იწვევს.
სად გადის ზღვარი სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესსა და ადამიანის პირად სივრცეს შორის? ადვოკატ გიორგი გოგინავას შეფასებით, სამართლებრივი წესრიგი მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებს, როდესაც კანონი არ აღიქმება ცალმხრივ მექანიზმად.
კანონი, არა მარტო მოქალაქეს ავალდებულებს გარკვეული მოქმედებების შესრულებას, არამედ ავალდებულებს - პოლიციელსაც, როგორც საჯარო მოხელეს.
საჯარო წესრიგი თუ ინდივიდუალური ახირება?
დემოკრატიულ საზოგადოებაში, სამართალდამცავი უწყებების მიერ, შესაბამისი საინფორმაციო ბაზების წარმოება, დანაშაულის გახსნისა და პრევენციის აპრობირებული გზაა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მსგავსი ღონისძიებების სრული დემონიზება არასწორია, რადგან სწორედ ამ მეთოდით, არაერთი მძიმე სამართალდარღვევა გახსნილა.
თუ მივყვებით, და ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, საჭიროა ეს ბაზაც რომ არსებობდეს სახელმწიფოში, იმიტომ, რომ კონკრეტული კატეგორიის დანაშაულს აყენებს პირის დაჭერის შემთხვევაში... ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამ ფოტოს საშუალებით გახსნილა ესა თუ ის, სხვადასხვა სახის და კატეგორიის დანაშაული.
თუმცა ლეგიტიმური მიზანი ავტომატურად არ ამართლებს თვითნებურ მეთოდებს. მოქალაქის ფოტოზე აღბეჭდვა, არ შეიძლება იქცეს სამართალდამცავის ექსკლუზიურ სურვილად ან უმიზნო რუტინად.
მან აუცილებლად უნდა განუმარტოს, რის საფუძველზე ხდება მისი ფოტო-გადაღება, კონკრეტულად რა საპოლიციო ღონისძიებას ემსახურება ეს და უშუალოდ ეს ფოტო-გადაღება უნდა იყოს კანონიერი მიზნისკენ მიმართული და არა ის, რომ მარტო პოლიციელის სურვილი არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
მართალია, „პოლიციის შესახებ“ კანონი იცნობს დათქმას, რომლის თანახმადაც ოფიცერი თავისუფლდება განმარტების ვალდებულებისგან, თუ ეს კონკრეტულ მომენტში მის ოპერატიულ საქმიანობას უშლის ხელს, თუმცა ამ ნორმის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია მშვიდობიანი პატრულირებისას, როდესაც არანაირი გადაუდებელი ღონისძიება არ მიმდინარეობს, მოქალაქისთვის სამართლებრივი არსის ახსნა, იმპერატიული მოთხოვნაა.
დიალოგი კონფრონტაციის ნაცვლად: როგორ იბადება დაუმორჩილებლობის ილუზია
როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მას უსაფუძვლოდ ექცევიან, ბუნებრივი რეაქცია ხშირად ემოციური პროტესტია, თუმცა სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა გააზრებულ, გაწონასწორებულ ნაბიჯებს მოითხოვს.
მოქალაქეს როდის უჩნდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვევის სურვილი? როდესაც მას არასწორად ეპყრობა, ანუ უსამართლობის განცდა როდესაც უჩნდება მას... ამიტომ პირველ რიგში ვურჩევ მოქალაქეს: არ იყოს აგრესიული და იყოს მეტად ყურადღებით, როდესაც პოლიციელს ესაუბრება, აბსოლუტურად გადაიაზროს ყველაფერი.
პრაქტიკაში გავრცელებული მანკიერი მიდგომაა, როდესაც ფოტო-გადაღებაზე უარის თქმა ან საფუძვლის მოთხოვნა სამართალდამცავის მხრიდან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობად (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის ჭრილში) აღიქმება. გიორგი გოგინავა ხაზს უსვამს, რომ დაკავებას მკაფიო, ობიექტური ფაქტობრივი საფუძველი სჭირდება:
ყოფილა შემთხვევები, მსმენია, რომ „აი, ფოტოს არ მაღებინებს და უნდა წავიყვანო პოლიციაში“. ასე არ არის... ის, რომ ფოტო არ გადავიღე ვერ გახდება დაკავების საფუძველი. კონკრეტულად რას არ დაემორჩილა მოქალაქე,მნიშვნელოვანია, ამის განმარტებაც.
განსაკუთრებული მზრუნველობის ზონა: არასრულწლოვნები
როდესაც საქმე მოზარდებს ეხება, კანონმდებლის მიდგომა კიდევ უფრო მკაცრი და შეუვალია. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ არა მხოლოდ დამატებით გარანტიებს უქმნის არასრულწლოვანს, არამედ სამართალდამცავსაც მკაცრ პროცედურულ ჩარჩოებში აქცევს.
არასრულწლოვნის შეჩერება, ფოტოს გადაღება და ნებისმიერ საპოლიციო ღონისძიებაში მისი ჩართვა, მოითხოვს მისი კანონიერი წარმომადგენლის დასწრებას, მინიმუმ - მშობელი. თუ გვინდა ჩვენ მომავალი თაობა გვყავდეს, სწორედ უნდა გავზარდოთ, სწორედ უნდა მოვექცეთ და სამართლიან ქვეყანაში უნდა გაიზარდონ.
დანაშაულზე უშუალო წასწრების იშვიათი შემთხვევების გარდა, ნებისმიერი საეჭვო გარემოებისას პოლიციელი ვალდებულია იმოქმედოს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით: შეაკავოს მოზარდი, დაადგინოს მისი ვინაობა, დაუყოვნებლივ ჩართოს პროცესში ოჯახის წევრები და პროცედურები ექსკლუზიურად მათი თანდასწრებით წარმართოს.
ყვითელი ლენტი და დახურული კარი: სად იზღუდება კამერა?
თუკი საჯარო სივრცეში მოქალაქეს აქვს განცდა, რომ ყველაფრის დაფიქსირების აბსოლუტური თავისუფლება გააჩნია, რეალობა აქაც გარკვეულ წითელ ხაზებს ავლებს. ობიექტივის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება მართლმსაჯულების ხელშეუხებლობა ან სხვათა უფლებები.
- შემოსაზღვრული შემთხვევის ადგილი: მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებისას, იქნება ეს ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული ტერიტორია თუ ცოცხალი ჯაჭვით დაცული პერიმეტრი, მოქალაქე ვალდებულია გაჩერდეს და არ გადაკვეთოს ზღვარი, რათა საფრთხე არ შეექმნას მტკიცებულებებს.
- სპეციალური და შიდა ობიექტები: საელჩოები, სამხედრო ნაწილები, ისევე როგორც საგამოძიებო ორგანოთა და პროკურატურის შიდა სივრცეები, შიდაუწყებრივი და საკანონმდებლო რეგულაციებით დაცულია.
რაც შეეხება შიდა სივრცეს საგამოძიებო ორგანოშ - დაცულია იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი - ვიღაცის ცხოვრებას ეხება. შეიძლება ვიღაცა მოწმე ჰყავთ მიყვანილი, მაგ პროცესში იკითხება... ამიტომ ყველაფერი არის დასაფიქრებელი და გონიერად სამოქმედო მიზანს უნდა ემსახურებოდეს.
ბალანსის ხელოვნება
დემოკრატიული სახელმწიფოს არსი ძალთა თანაფარდობაშია. სამართალდამცავი, რომელიც პატივს სცემს მოქალაქის ღირსებას და ნათლად უხსნის მას საკუთარ მოქმედებათა სამართლებრივ ბუნებას, ქმნის ნდობას. თავის მხრივ, მოქალაქე, რომელიც საკუთარ უფლებებს იცავს არა დესტრუქციული აგრესიით, არამედ კანონის ცოდნითა და სიმშვიდით, ამყარებს მართლწესრიგს.
საბოლოოდ, უსაფრთხოება და თავისუფლება ერთმანეთის გამომრიცხავი ცნებები არ არის - ისინი მხოლოდ მაშინ თანაარსებობენ, როდესაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია.




