რეპრესიის მანკიერი წრე
სად მთავრდება პირადი მოხმარება და იწყება „რეალიზაციის ხელშეწყობა“?
საქართველოს ნარკოპოლიტიკა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე უშეღავათოა, რეგიონში კი - უპირობო ლიდერი სიმკაცრით. საქართველოს კანონმდებლობა გაცილებით რეპრესიულია, ვიდრე მეზობელ აზერბაიჯანში, სომხეთსა თუ თურქეთში. წლების განმავლობაში შექმნილი განცდა, თითქოს ქვეყანა დამსჯელობითი ლოგიკიდან ადამიანზე ზრუნვაზე გადადიოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე გახმაურებულმა გადაწყვეტილებამ დაბადა. თუმცა დღეს საკანონმდებლო რეალობა საპირისპირო მიმართულებით, ახალი და კიდევ უფრო მძიმე რეპრესიული მექანიზმებით ვითარდება.
სად გადის ზღვარი მომხმარებელსა და რეალიზატორს შორის მაშინ, როდესაც კანონი ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნივთს შესაძლო დანაშაულის მტკიცებულებად განიხილავს? როგორი ქცევის სისხლის სამართლის კოდექსის ახალი ჩანაწერები პოლიციური სტატისტიკის მთავარ საყრდენად? ამ მწვავე სამართლებრივ რეალობასა და სისტემურ ჩიხზე ადვოკატი გიორგი მახარაძე გვესაუბრება.
ქართულ სამართლებრივ სივრცეში ლიბერალიზაციის მოლოდინი სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტებს უკავშირდება. პირველი და ყველაზე რეზონანსული ბექა წიქარიშვილის საქმე იყო პარლამენტის წინააღმდეგ, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვის გამო ადამიანის ციხეში გაშვება დაუშვებელია. ამას მოჰყვა მოხმარებული შპრიცების საქმე, სადაც ნარკოტიკული საშუალების მიკროსკოპული ნარჩენების - მეათიათასედებისა და მეასიათასედების - გამო პატიმრობის შეფარდება ასევე არაკონსტიტუციურად გამოცხადდა.
თუმცა, როგორც გიორგი მახარაძე აღნიშნავს, ვექტორის შეცვლისა და ზრუნვაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის იმედი მალევე გაქრა:
„გარღვევები ნამდვილად იყო და გაჩნდა განცდა, რომ ეს დამსჯელობითი, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა შესაძლოა ზრუნვისკენ მიტრიალებულიყო. თუმცა გასული წლის ივლისიდან სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლები შემოვიდა. მათ შორის ყველაზე საგულისხმო - 260-ე პრიმა მუხლია, რომელიც ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობას სჯის. ერთი შეხედვით, სათაური ლოგიკურია რეალიზაციის ხელშეწყობა უნდა დაისაჯოს, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, თუ რას გულისხმობს კანონი ამ ხელშეწყობაში.“
- კანონის შენიშვნაში ჩაიწერა, რომ რეალიზაციის ხელშეწყობად შეიძლება ჩაითვალოს იმ საგნების ფლობაც, რომლებიც თეორიულად შესაძლებელია პირმა გამოიყენოს ნარკოტიკების გასასაღებლად. აქ საუბარი არ არის სახლში მოწყობილ სპეციალურ ლაბორატორიაზე - საქმე ეხება ჩვეულებრივ ნივთებს, რომლებიც ნებისმიერ ოჯახში მოიპოვება.
ადვოკატის შეფასებით, სწორედ აქ იწყება აბსურდული და სახიფათო პრაქტიკა:
„მაკრატელი, სამზარეულოს სასწორი, წებოვანი ლენტი - ეგრეთ წოდებული სკოჩი, საკანცელარიო და ჩვეულებრივი ქსელური მარკეტის პარკები. როდესაც პოლიცია სახლში შემოდის და პოულობს ნარკოტიკულ საშუალებას, თუნდაც მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის, ამ ნივთებს ბინის სხვადასხვა კუთხიდან ერთად აგროვებენ. მაგიდაზე ერთად დაალაგებენ, ფოტოს გადაუღებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე იქმნება ილუზია, თითქოს ადამიანს რაღაც კონვეიერი ჰქონდა აწყობილი. სინამდვილეში კი, თუ სახლში სკოჩი და სასწორი გაქვს, ავტომატურად რეალიზაციის ხელშემწყობი ხდები. ისმის ლოგიკური კითხვა: ვის ვუწყობ ხელს? ვინ არის რეალიზატორი? ამ კითხვებზე პასუხი საქმეებში უბრალოდ არ არსებობს.“
ეს სამართლებრივი კონსტრუქცია პირდაპირ ცვლის პასუხისმგებლობის სიმძიმეს. აღნიშნული ქმედება 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, რაც ავტომატურად მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ასეთ დროს მოსამართლეს კანონი არ უტოვებს სივრცეს პირობითი მსჯავრისთვის: 5 წელზე ნაკლები რეალური სასჯელის გამოტანა შეუძლებელია, ერთადერთ გამოსავლად კი საპროცესო შეთანხმება რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველკვირეული ანგარიშები დაკავებულთა სიმრავლით გამოირჩევა. თითქმის ყოველ ბრიფინგზე საუბარია 100-მდე პირის დაკავებაზე, რომელთა დიდი ნაწილი ოფიციალურ ცნობებში სწორედ რეალიზატორად ან მის ხელშემწყობად არის მოხსენიებული.
სამართლებრივი ლოგიკა კი ამ ციფრებთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის, ამბობს ადვოკატი გიორგი მახარაძე:
„თუ კვირაში 100 რეალიზატორს აკავებენ და ცხადია, ყველას ვერ დაიჭერდნენ, ვისზე ყიდის ეს ხალხი ამდენ ნარკოტიკს? მით უმეტეს, როდესაც ყველა საქმე გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს: შეძენა-შენახვის ეპიზოდებში ყველგან წერია 'მივდიოდი ქუჩაში და ვიპოვე'. ამ აბსურდის კი ერთნაირად სჯერა გამომძიებელსაც, პროკურორსაც და სასამართლოსაც. დღევანდელი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის პირობებში ნარკოვაჭრობის რეალურ ორგანიზატორებზე გასვლა ურთულესია, ამიტომ სახელმწიფო ირჩევს მარტივ გზას: დაიჭიროს რიგითი შემხებელი და მას მძიმე მუხლი მოარგოს.“
სანამ ძალოვანი სტრუქტურების სტატისტიკას რიგითი მომხმარებლების მძიმე მუხლებით გასამართლებით ავსებენ, პრევენციული მიმართულება სრულად პარალიზებულია. სისტემური საგანმანათლებლო მუშაობა, რომელიც მოზარდებში რეალურ ცნობიერებას შექმნიდა, ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს.
- ფორმალური მიდგომა სკოლებში: რეალური საინფორმაციო კამპანიის ნაცვლად, სკოლებში პროკურორების ერთჯერადი, ერთსაათიანი ლექციები ტარდება, რაც შედეგს ვერ იძლევა.
- ზიანის გააზრების ნაკლებობა: მოზარდებს არავინ უხსნის, კონკრეტულად რა ზიანი მოაქვს ნივთიერების მოხმარებას; მხოლოდ მშრალი არძალვა კი საპირისპირო ინტერესს აღძრავს.
- რეალური სურათის იგნორირება: წლებია პოლიცია ადამიანებს იჭერს, თუმცა მომხმარებელთა რაოდენობა ოთხი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა.
ნარკოპოლიტიკის მთავარი პარადოქსი სწორედ მის უცვლელ არაეფექტიანობაშია. როდესაც სახელმწიფო მთელ რესურსს დამსჯელობით ღონისძიებებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებით მძიმე მუხლების შეკერვაზე ხარჯავს, რეალური პრობლემა ხელუხლებელი რჩება.
რეპრესია ვერ ცვლის მოთხოვნას და ვერ აჩერებს მიწოდებას. სანამ პოლიტიკის ამოსავალი წერტილი ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სისტემური განათლება და რეალური ნარკომაფიის წინააღმდეგ ბრძოლა არ გახდება, მკაცრი მუხლები მხოლოდ ციხეების გადავსებასა და დანგრეულ ბედისწერებს მოიტანს, ნარკომანიის რეალური მაჩვენებელი კი კვლავ საგანგაშო ნიშნულზე დარჩება.




