კანონის ზღვარზე
სად მთავრდება პოლიციელის უფლებამოსილება და სად იწყება მოქალაქის თავისუფლება?
ქალაქის ყოველდღიურ რიტმში, გადატვირთულ ქუჩებსა თუ ხმაურიან გამზირებზე, სამართალი ხშირად აბსტრაქტულ, წიგნებში ჩაკეტილ ცნებად გვეჩვენება. ეს განცდა უცვლელი რჩება მანამ, სანამ ის მოულოდნელი შეჩერებით უხეშად არ შემოიჭრება ჩვენს პირად სივრცეში. წამი, როდესაც მოქალაქეს სამართალდამცავი გზას უღობავს, თავისებური ფსიქოლოგიური გამოცდაა. აქ ერთმანეთს თვალებში უყურებს ორი რეალობა: სახელმწიფოს უზარმაზარი ძალაუფლება და ინდივიდის მარტოობა საკუთარი უფლებების წინაშე. ასეთ დროს სიმშვიდის, ღირსებისა და თავისუფლების ერთადერთი საიმედო ფარი არა ემოციები ან შიშია, არამედ კანონის ზუსტი ცოდნა.
სად გადის საზღვარი პოლიციის ლეგიტიმურ პრევენციულ ქმედებასა და რიგითი ადამიანის უსაფუძვლო შევიწროებას შორის? რა ხდება მაშინ, როცა ქუჩაში ფორმიანი თუ უფორმო პირი გვიახლოვდება? ამ რთულ და პრაქტიკულ სამართლებრივ ნიუანსებზე ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი გვესაუბრება. ის გვიხსნის იმ წესებს, რომელთა ცოდნაც ქუჩის ნებისმიერ მოულოდნელობას ჩვეულებრივ სამართლებრივ დიალოგად აქცევს.
ქუჩაში ყველაფერი წამიერი ვიზუალით იწყება: გვერდით დამუხრუჭებული საპატრულო ეკიპაჟი, „შკოდას“ ემბლემა, პოლიციის წარწერიანი ჟილეტი თუ მაისური. ადამიანის პირველი ინსტინქტი ხშირად დაბნეულობა და უპირობო მორჩილებაა, თუმცა სამართალი გარეგნულ შთაბეჭდილებებს არ ცნობს. კომუნიკაცია იწყება არა მაშინ, როცა მოქალაქე კითხვებზე პასუხის გაცემას ჩქარობს, არამედ მაშინ, როცა ზუსტად დგინდება, ვინ დგას ჩვენ წინაშე.
იურისტის თქმით, ფორმა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ლეგიტიმაციას:
„ვიდრე ურთიერთობაში შევალთ სამართალდამცავთან, აუცილებელია ვიცოდეთ, ვის ვესაუბრებით. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ ამბობს, რომ აუცილებელია სამართალდამცავმა წარმოადგინოს სამსახურებრივი მოწმობა, რომელიც ადასტურებს მის ვინაობას. მნიშვნელოვანია, მოვთხოვოთ: სახელი, გვარი და სად არის დასაქმებული.“
სანამ უცნობი პირი სამსახურებრივი მოწმობით საკუთარ უფლებამოსილებას დოკუმენტურად არ დაადასტურებს, ქუჩის ნებისმიერი დიალოგი მხოლოდ ორ გამვლელს შორის საუბარია. მოქალაქეს არ აქვს ვალდებულება, შევიდეს მასთან სამსახურებრივ ურთიერთობაში.
როდესაც იდენტიფიცირების ეტაპი გადალახულია, ჩნდება მეორე, გაცილებით ბუნდოვანი ბარიერი. კითხვაზე „რატომ გამაჩერეთ?“ ყველაზე ხშირად ერთი და იგივე, თითქმის გაცვეთილი პასუხი ისმის: „პრევენციის მიზნით“. თუმცა სამართლებრივი ლოგიკა მიზანსა და მიზეზს შორის მკაცრ საზღვარს ავლებს. პრევენცია შეიძლება იყოს სახელმწიფოს ზოგადი მისწრაფება, მაგრამ კანონს კონკრეტული ადამიანის შესაჩერებლად მკაფიო, ინდივიდუალური მიზეზი სჭირდება.
„როდესაც ჩვენთან სამართალდამცავი მოდის, ჩვენ არ გვაინტერესებს მიზანი, ჩვენ გვაინტერესებს მიზეზი: რატომ ამირჩია მე და არა სხვა? რადგან მოქალაქეების მიმართ არსებობს საერთო მიზანი და ეს არის პრევენცია, მაგრამ უნდა არსებობდეს კონკრეტული მიზეზი, რატომ შემაჩერა იმ მომენტში.“
ეს მიზეზი უბრალოდ ვერ გაჩნდება. „პოლიციის შესახებ“ კანონი ამომწურავად ითვლის იმ გარემოებებს, რომლებიც პოლიციელს შეჩერების უფლებას ანიჭებს:
• თუ პირი გარეგნულად ემთხვევა ძებნილის ორიენტირებას.
• თუ არსებობს ობიექტური ეჭვი, რომ მას თან კანონსაწინააღმდეგო ნივთი აქვს.
• თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ემზადება სამართალდარღვევისთვის ან უკვე ჩაიდინა იგი.
• თუ პირი იმყოფება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიის (საკანონმდებლო, აღმასრულებელი ორგანოები, საპატრულო პერიმეტრი) უშუალო სიახლოვეს.
სამართალდამცავი ვალდებულია, მოქალაქეს მკაფიოდ განუმარტოს, ამ კონკრეტულ საფუძველთაგან რომლის გამო შეარჩია სწორედ ის.
შეჩერებას, როგორც წესი, კითხვების კორიანტელი მოჰყვება: „საიდან მოდიხართ?“, „სად მიდიხართ?“, „რა გიდევთ ჩანთაში?“. აქ მოქალაქეს ხშირად ავიწყდება უმთავრესი კონსტიტუციური სიკეთე - დუმილის უფლება. ქუჩა არ არის საგამოძიებო კაბინეტი და გამვლელის მხრიდან ინფორმაციის გაცემა მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნებაა.
„მოქალაქე არ არის ვალდებული, გასცეს კითხვებზე პასუხი, ეს არის ნებაყოფლობითი, მათ შორის მაშინაც, როდესაც პოლიციის განყოფილებაში დაგვიბარებენ. მხოლოდ სასამართლოშია ადამიანი ვალდებული, გასცეს შეკითხვებს პასუხი. თუ მოქალაქეს სურს ინფორმაციის მიწოდება, მას ხელს არავინ შეუშლის, მაგრამ ეს მისი უფლებაა და არა ვალდებულება.“
როდესაც სამართალდამცავი ხედავს, რომ მოქალაქემ საკუთარი უფლებები იცის და პასუხებისგან თავს იკავებს, კომუნიკაციაში ხშირად ჩნდება ძველი, კარგად ნაცადი ფსიქოლოგიური იარაღი: „არ მპასუხობთ? მაშინ განყოფილებაში წავიდეთ“. თორნიკე მიგინეიშვილის შეფასებით, ეს მომენტი ხშირად გადამწყვეტია, რადგან სწორედ აქ ცდილობს ძალაუფლება ცოდნის დათრგუნვას:
„როდესაც გეუბნებიან, „მობრძანდით განყოფილებაში“, ეს ნებაყოფლობითი ზომაა, შეგიძლია არ წახვიდე. იძულებით გადაყვანა კი პირდაპირ დაკავებას ნიშნავს, რასაც კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი და პროცედურა სჭირდება. მოთხოვნა - „ახლა გადაგიყვან, თუ ინფორმაციას არ მომაწვდი“ - მხოლოდ მოქალაქის დაშინებას და მისი მაღალი ცნობიერების დათრგუნვას ემსახურება.“
სანამ არ არსებობს დაკავების კანონიერი ოქმი, ნებისმიერი ფრაზა „მობრძანდით“ მხოლოდ მიწვევაა, რომელზეც უარის თქმა თავისუფალი ადამიანის სრულიად ლეგიტიმური არჩევანია.
შეჩერების პროცესში ყველაზე სათუთი და სახიფათო ზონა პირადი ნივთების შემოწმებაა. აქ საზღვარი კანონიერებასა და თვითნებობას შორის ხშირად ერთი ხელის მოძრაობაზე გადის. ზედაპირული დათვალიერება არ გულისხმობს ჯიბეებში ქექვას ან ზურგჩანთის სიღრმეებში ჩაძიებას; ეს უკვე პირადი სივრცის უხეში ხელყოფაა.
„ზედაპირული დათვალიერების დროს სამართალდამცავი არ იწყებს შენს ჯიბეებში ყურებას ან „მოდი, გამიხსენი ჩანთა და შიგნით უნდა ჩავყო ხელი“-ს. ეს უკვე პირადი სივრცის დარღვევა და პირადი ნივთების ჩხრეკაა, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო წესით სჭირდება შესაბამისი ორდერი ან სასამართლოს განჩინება. რა მნიშვნელობა აქვს, ზედაპირულად დაგათვალიერებს თუ გაგჩხრეკს, აუცილებლად უნდა შედგეს ოქმი. თუ ოქმი არ დგება, ეს ქმედება უკანონოა. მოქალაქეს აქვს უფლება, გაეცნოს ოქმს, აიღოს ასლი და დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნები
ამასთან, დრო კანონის უმკაცრესი საზომია. ქუჩაში მოქალაქის შეჩერება არ შეიძლება გაგრძელდეს 30 წუთზე მეტხანს. ეს ქრონომეტრაჟი იცავს ადამიანს გაჭიანურებული, დამამცირებელი მოლოდინისგან. წესი ვრცელდება არასრულწლოვნებზეც, თუმცა ერთი არსებითი დათქმით: 14 წლამდე ასაკის მოზარდის გამოკითხვა ან მისგან რაიმე ინფორმაციის მიღება მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გარეშე კატეგორიულად დაუშვებელია.
დაძაბულ ვითარებაში სიტყვა სიტყვის წინააღმდეგ უძლურია. სწორედ ამიტომ, მობილური ტელეფონის კამერა მოქალაქის ყველაზე ძლიერ თავდაცვით მექანიზმად იქცა. კანონი არათუ არ კრძალავს საჯარო მოხელესთან კომუნიკაციის გადაღებას, არამედ ეს ხშირად ერთადერთი გზაა სიმართლის გადასარჩენად.
ადვოკატის რჩევა აქ პრაქტიკული და პირდაპირია:
„ცალსახად არცერთი კანონი არ გვიკრძალავს, რომ გადავიღოთ კომუნიკაცია სამართალდამცავთან. პირველივე წამიდან გაქვს უფლება, ჩაიწერო. თუ ვხვდებით, რომ ვითარება იძაბება, უმჯობესია ეს მოხდეს პირდაპირ ეთერში, „ლაივში“, რათა გამოირიცხოს ვიდეოს წაშლის ან ტელეფონის უკანონოდ წართმევის რისკი. ასე მტკიცებულება ხელუხლებელი რჩება.“
რა თქმა უნდა, იდეალურ სამართლებრივ გარემოში თავად პოლიციელიც ვალდებული უნდა იყოს, აწარმოებდეს უწყვეტ ვიდეოპრეზენტაციასა თუ გადაღებას, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი სუბიექტური ინტერპრეტაცია. თუმცა, სანამ ეს სისტემურ ჩვევად იქცევა, საკუთარი უსაფრთხოებისთვის ჩაწერა მოქალაქის ხელთაა.
თუ სიტუაცია გასცდა ეთიკის ჩარჩოებს, მოქალაქე უმწეო არ არის. არსებობს რეაგირების კონკრეტული გზები:
• დაუყოვნებლივ დარეკვა ნომერზე 126 - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე. ოპერატორთან საუბრის პარალელურად, პოლიციელი იძულებული ხდება, დაასახელოს თავისი სახელი, გვარი და ეკიპაჟის ნომერი, რაც პროცესს მყისიერად აქცევს კონტროლირებადს.
• მიმართვა პროკურატურისადმი, როდესაც ადგილი აქვს უფლებამოსილების აშკარა გადამეტებას, ძალადობას, იძულებას ან უკანონო დაკავებას. ასეთ დროს საქმე უკვე სისხლისსამართლებრივ სიბრტყეში გადადის.
ალბათ ყველაზე მძიმე სურათი ქუჩაში ის წამია, როდესაც რამდენიმე სამართალდამცავის ალყაში მოქცეული ერთი ადამიანი იბოჭება: ეშინია, ხელები უკანკალებს, ტელეფონის ამოღებასაც კი ვერ ბედავს. ასეთ დროს ქუჩაში მიმავალი უცხო ადამიანი აღარ არის უბრალოდ გამვლელი; ის ხდება სამართლებრივი საყრდენი.
„როდესაც რიგითი მოქალაქე ხვდება რამდენიმე სამართალდამცავის პირისპირ და შებოჭილია, სხვა მოქალაქეები მისი ერთადერთი იმედია. ჩვენ ხშირად გვინახავს საქმეები, სადაც 10-20 მეტრის რადიუსიდან ვიღაცის გადაღებული ვიდეო გამხდარა ადამიანის გათავისუფლებისა და სიმართლის დამტკიცების მთავარი საფუძველი. ჩვენ არა მხოლოდ უფლება, არამედ მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნებიდან გამომდინარე, ვალდებულებაც გვაქვს, მივიდეთ, გამოვესარჩლოთ, გადავიღოთ. ეს აბსოლუტურად კანონიერი ქმედებაა და მესამე პირს ამისთვის საფრთხე არ ემუქრება.“
კანონიერი პროცესის გადაღება ან კითხვის დასხვა არ წარმოადგენს პოლიციისთვის ხელის შეშლას. ეს არის სამოქალაქო კონტროლის ყველაზე ჯანსაღი გამოვლინება.
სამართლებრივი წესრიგი ცალმხრივი გზა არ არის. მოქალაქის თავისუფლების დაცვა არ გულისხმობს პოლიციელის საქმიანობის საბოტაჟს, როდესაც სამართალდამცავი თავის მოვალეობას პირნათლად და კანონის ჩარჩოებში ასრულებს.
თუ პოლიციელის მოთხოვნა ემყარება როგორც მკაფიო სამართლებრივ ნორმას, ისე ობიექტურ ფაქტს (მაგალითად, პირი მართლაც იმყოფება შეზღუდული წვდომის პერიმეტრში ან არსებობს ობიექტური ეჭვი), მოთხოვნა კანონიერია. ასეთ დროს უსაფუძვლო წინააღმდეგობა, აგრესია თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა უკვე მოქალაქეს აქცევს სამართალდამრღვევად და პოლიციელის მხრიდან იძულების ზომების გამოყენებას სრულ ლეგიტიმაციას ანიჭებს.
კანონის ძალა მის სიცხადესა და ურთიერთპატივისცემაშია. როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა ზუსტად იცის საკუთარი უფლებების ზღვარი, სახელმწიფო ვეღარ ხდება მოძალადე, ქუჩა კი წყვეტს შიშის სივრცედ ყოფნას. სწორედ აქ იბადება საზოგადოება, სადაც პოლიციელის ფორმა პრივილეგია კი არა, უდიდესი პასუხისმგებლობაა, ხოლო მოქალაქის თავისუფლება - ხელშეუხებელი მოცემულობა.




