სამარტოო საკანი და დეესკალაციის ოთახი: უსაფრთხოების ზომა თუ სადამსჯელო ბერკეტი
კანონმდებლობის მოთხოვნებსა და პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებზე იურისტები გვესაუბრებიან.
პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის იზოლირება, იქნება ეს დეესკალაციის ოთახში გადაყვანა თუ სამარტოო საკანში მოთავსება, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზომაა, რადგან ადამიანის უფლებებში მაღალი ინტენსივობით ჩარევას გულისხმობს. სად გადის ზღვარი პატიმრის უსაფრთხოების დაცვასა და მისი ღირსების შემლახველ მოპყრობას შორის? კანონმდებლობის მოთხოვნებსა და პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებზე იურისტები გვესაუბრებიან.
დეესკალაციის ოთახი: პრევენცია და არა სასჯელი
ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილის განმარტებით, დეესკალაციის ოთახი ციხის ადმინისტრაციისთვის სადამსჯელო ბერკეტი კი არა, კრიზისული სიტუაციების მართვის დამცავი მექანიზმია. მისი მთავარი დანიშნულება პატიმრისგან მომდინარე მყისიერი საფრთხის განეიტრალებაა.
„დეესკალაციის ოთახი განმარტებულია შემდეგნაირად, რომ ეს არის პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალურად მოწყობილი სივრცე, აღჭურვილი ოთახი, სადაც ხდება ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მოთავსება საფრთხის თავიდან ასარიდებლად, ანუ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს თავად ბრალდებულის ან მსჯავრდებულისაგან საკუთარი თავის წინააღმდეგ - თუ მას აქვს სუიციდისაკენ მიდრეკილება ან თვითდაზიანების რისკები არსებობს მისი მხრიდან - ან თუ არსებობს სხვა პატიმრებისა და ციხის თანამშრომლების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის რისკის საფრთხე“, - განმარტავს დიმიტრი მჭედლიშვილი.
იურისტი ხაზს უსვამს, რომ ამ სივრცის გამოყენებას მკაცრი სამართლებრივი ჩარჩო აქვს, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავს პატიმრის დასჯას ან მის მიმართ ღირსების შემლახველი პირობების შექმნას.
„არ უნდა იყოს ღირსების შემლახველი არც იქ შეყვანა და არც იქ ყოფნა პატიმრისთვის. დეესკალაციის ოთახში გადაყვანა არამც და არამც არ შეიძლება პატიმრის დასჯის ან დაშინების მიზნით. მისი მიზანი მხოლოდ საფრთხის თავიდან არიდებაა“
მჭედლიშვილის თქმით, კანონმდებლობა დეესკალაციის ოთახის სტანდარტებს დეტალურად არეგულირებს:
- უსაფრთხო გარემო: შეყვანამდე პატიმარს ამოწმებენ და ართმევენ ყველა ნივთს, რომლითაც შესაძლოა თვითდაზიანება მიაყენოს. თავად ოთახიც ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ფიზიკური დაზიანების რისკი გამოირიცხოს.
- მუდმივი კონტროლი და მედიცინა: სივრცე აღჭურვილია 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობით, პატიმრის ქცევას სპეციალური თანამშრომელი აკვირდება, საჭიროების შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამედიცინო დახმარება.
- ვადები: დაწესებულებების დებულებების მიხედვით, ოთახში მოთავსების ვადა, როგორც წესი, 72 საათამდეა და იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად განეიტრალდება არსებული რისკი.
საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით, მჭედლიშვილი ორ შემთხვევას იხსენებს: მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, ერთ შემთხვევაში სუიციდის მცდელობის გამო, 24 და 48 საათით მოათავსეს დეესკალაციის ოთახში. ადვოკატის თქმით, ამ კონკრეტულ ეპიზოდებში პროცედურული დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ის ზოგად სისტემურ პრობლემაზეც მიუთითებს: პატიმრები ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამენ სამედიცინო სერვისებზე მყისიერი რეაგირების ნაკლებობის გამო.
„შაბლონური გადაწყვეტილებები“ და არაადამიანური მოპყრობის რისკები
თუ კანონი იზოლაციის მკაცრ წესებს ადგენს, პრაქტიკაში პატიმართა პრეტენზიები ხშირად სწორედ ამ წესების დარღვევასა და უფლებამოსილების გადამეტებას უკავშირდება. სამარტოო საკანში მოთავსების პრაქტიკასა და იმ პრობლემურ ტენდენციებზე, რომლებზეც თავად მსჯავრდებულები და ბრალდებულები მიუთითებენ, ყურადღებას ადვოკატი ჯუბა ქათამაძე ამახვილებს.
„პატიმრების მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია, რომ პენიტენციური დაწესებულების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება პირების სამარტოო საკანში მოთავსებასთან დაკავშირებით ხშირად არის შაბლონური. ხშირად ისინი მიუთითებენ იმაზეც, რომ თანამშრომელთა მხრიდან ხდება მათი პროვოცირება იმისათვის, რათა შემდგომში დაისაჯონ და გარკვეულწილად დამცირებისა თუ არასათანადო მოპყრობის კუთხითაც კი განიხილავენ სამარტოო საკანში მათ მოთავსებას“
ქათამაძე განსაკუთრებით ხაზს უსვამს იზოლირებულ სივრცეში სპეციალური საშუალებების, კერძოდ ხელბორკილების გამოყენების დაუშვებლობას. მისი შეფასებით, როცა პირი უკვე იზოლირებულია, დამატებითი ფიზიკური შეზღუდვა ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას სცდება.
„სამარტოო საკანში მოთავსება უკვე თავისთავად წარმოადგენს უფლების ძალიან მკვეთრ ჩარევას და სხვა სახის უფლებების შეზღუდვასაც იწვევს. ამასთან ერთად, როდესაც პირი იზოლირებულია, მისთვის ხელბორკილების მორგება და ხელბორკილებით სამარტოო საკანში განთავსება სრულიად არარელევანტური და არასაჭირო ქმედებაა. მსგავსი შემთხვევა, რა თქმა უნდა, წარმოადგენს დარღვევას და აუცილებლად გაუთანაბრდება არაადამიანურ, არასათანადო და დამამცირებელ მოპყრობას“
გადაყვანისა და შემოწმების პროცესთან დაკავშირებით იურისტი აღნიშნავს, რომ პატიმრისა და საკნის ზედაპირული დათვალიერება სტანდარტული პროცედურაა და მასში რამდენიმე თანამშრომელი შეიძლება ჩაერთოს. თუმცა მთავარი კრიტერიუმი პროპორციულობაა: თანამშრომელთა რაოდენობა და გამოყენებული ზომები მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს რეალურ საჭიროებას და გამორიცხავდეს ძალის გადამეტებას.
დეესკალაციის ოთახიც და სამარტოო საკანიც კანონით გათვალისწინებული ზომებია, თუმცა მათი ლეგიტიმურობა მხოლოდ მიზანსა და პროპორციულობაზეა დამოკიდებული. ამავე ლოგიკას მიჰყვება საერთაშორისო სტანდარტიც. გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესები, ანუ ნელსონ მანდელას წესები, იზოლაციას მხოლოდ უკიდურეს ზომად განიხილავს და სამარტოო პატიმრობად მიიჩნევს დღე-ღამეში 22 საათით ან მეტით ადამიანთან მნიშვნელოვანი კონტაქტის გარეშე მოთავსებას. თუ ასეთი იზოლაცია 15 დღეზე მეტხანს გრძელდება, ის უკვე ხანგრძლივ სამარტოო პატიმრობად ითვლება და აკრძალულია, რადგან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ტოლფასი შეიძლება გახდეს. ამიტომ ორივე ადვოკატის მოსაზრებიდან ერთი საერთო დასკვნა იკვეთება: ზღვარი უსაფრთხოებასა და დასჯას შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების დასაბუთებულობით, ვადებით, სამედიცინო მეთვალყურეობითა და ძალის პროპორციულობით განისაზღვრება.




