ინ-ვიტრო განაყოფიერება, სუროგაცია - „კეისარს კეისრისა, ღმერთს ღმერთისა“
ევროპული გამოცდილება და საქართველოს რეალობა: რატომ ირჩევს ხელისუფლება სუროგაციის სრულ აკრძალვას რეგულაციების გამკაცრების ნაცვლად?

გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ოლდემში 1978 წლის 25 ივლისს საოცრება იშვა - იმ დროისთვის სამეცნიერო საოცრება. იგი რეპროდუქციული ჯანმრთელობის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევის, ხელოვნური განაყოფიერების პირმშო იყო. ახალშობილი გოგონა, დიდი ცისფერი თვალებითა და ოქროსფერი თმით, სახელად ლუიზი Oldham and District General Hospital-ის სამშობიარო ბლოკში გვიან ღამით დაიბადა. ღამის 12:00 საათს 13 წუთი აკლდა, როცა ლესლი ბრაუნი ცხრაწლიანი ლოდინის შემდეგ დედა გახდა.

„კეისარს კეისრისა, ღმერთს ღმერთისა“
ორი ბრიტანელი მეცნიერი, რობერტ ედვარდსი და პატრიკ სტეპტოუ, კვერცხუჯრედის მომწიფებისა და განაყოფიერების პროცესს წლების განმავლობაში იკვლევდნენ. 1950-იანი წლებიდან რობერტ ედვარდსი ცდილობდა, ლაბორატორიაში კვერცხუჯრედის განაყოფიერების პირობები ხელოვნურად შეექმნა. 2010 წელს, როცა ხელოვნური განაყოფიერება რეპროდუქციული მედიცინის გავრცელებულ მეთოდად იყო ქცეული, მას ნობელის პრემია მიანიჭეს.
ლუიზ ბრაუნის დაბადებიდან ოთხი წლის თავზე ინ-ვიტრო განაყოფიერებით ჩასახული კიდევ ერთი ბავშვი, სახელად ამანდინი დაიბადა. ეს საფრანგეთში, კლამარის ანტუან ბეკლერის საავადმყოფოში მოხდა. იმავე წელს კიდევ ერთი ასეთი ბავშვი მოევლინა სამყაროს გეტებორგში (შვედეთში). მას ხუმრობით პირველ „ინ-ვიტრო განაყოფიერების ვიკინგსაც“ უწოდებდნენ.
ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF), რასაც ხშირად ხელოვნურ განაყოფიერებად მოიხსენიებენ, რეპროდუქციული ტექნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ამ მეთოდის გამოყენებით კვერცხუჯრედის განაყოფიერება ქალის ორგანიზმის გარეთ, ლაბორატორიულ პირობებში ხდება, მიღებული ემბრიონი კი შემდგომ საშვილოსნოში გადააქვთ.
დროთა განმავლობაში რეპროდუქციული მედიცინის ამ მეთოდმა მილიონობით წყვილს უშვილობის პრობლემა გადაუჭრა. ხალხური მედიცინა და შუა საუკუნეებიდან გამოყოლილი ცრურწმენები უშვილობასთან დაკავშირებით სამეცნიერო მიღწევებმა შეცვალა.
პირველი ინ-ვიტრო განაყოფიერებით შობილი ბავშვის ისტორიამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია რელიგიურ წრეებში. 1978 წელს The Washington Post-ის ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა სტატია, რომელიც სასულიერო პირების შიშებს ასახავდა. მთავარი დავის საგანი ემბრიონის სიცოცხლის სტატუსი, განაყოფიერების არაბუნებრივი პროცესი და სამედიცინო ექსპერიმენტების ეთიკურობა იყო. ამ ახალ სამეცნიერო მიღწევას განსაკუთრებით სკეპტიკურად რომის კათოლიკური ეკლესია უყურებდა. 1987 წლის 22 თებერვალს, რომის პაპის, იოანე პავლე მეორის მმართველობის პერიოდში, სარწმუნოების დოქტრინის კონგრეგაციამ გამოაქვეყნა დოკუმენტი Donum Vitae, რომელშიც ხელოვნური განაყოფიერება მორალურად მიუღებელ მოვლენად შეფასდა.
2023 წლის 15 დეკემბერს პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის თავმჯდომარემ, მთავარეპისკოპოსმა სტანისლავ გონდეტსკიმ პრეზიდენტ ანჯეი დუდას ოფიციალურად მიმართა და ინ-ვიტრო განაყოფიერების (IVF) სახელმწიფო დაფინანსების შესახებ კანონის უარყოფა მოსთხოვა. კანონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უშვილობის მკურნალობის, მათ შორის IVF-ის დაფინანსებას ითვალისწინებდა. მთავარეპისკოპოსმა რეპროდუქციული მედიცინის ეს მეთოდი ადამიანის სიცოცხლეზე ექსპერიმენტად შეაფასა და განაცხადა, რომ ეკლესიის სწავლებით, უშვილობის სამკურნალოდ მსგავსი პროცედურები მისაღები არ არის. ამის მიუხედავად, 2024 წლის 1 ივნისს პოლონეთში ინ-ვიტრო განაყოფიერების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა მაინც ამოქმედდა.
მიუხედავად რელიგიური წინააღმდეგობისა, დასავლეთის არაერთმა სახელმწიფომ რეპროდუქციული მედიცინის განვითარება და მისი სამართლებრივი რეგულირება სეკულარული სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში განაგრძო.

ევროკავშირისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკა ინ-ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებით
ბოლო წლებში ევროკავშირის არაერთმა სახელმწიფომ უშვილობის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინ-ვიტრო განაყოფიერების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება დაიწყო. ზოგიერთ ქვეყანაში ეს დემოგრაფიული გამოწვევების საპასუხო პოლიტიკის ნაწილადაც კი იქცა.
პირველი ევროპული სახელმწიფო, სადაც ინ-ვიტრო განაყოფიერების დაფინანსება ბიუჯეტიდან განხორციელდა, ნიდერლანდების სამეფო აღმოჩნდა. 1985 წლის ივნისში ნიდერლანდების ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა, რომ სახელმწიფო სადაზღვევო სისტემის მეშვეობით რამდენიმე საავადმყოფოში ხელოვნური განაყოფიერება სპეციალური სუბსიდიით დაფინანსდებოდა. 1995 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ნიდერლანდებში ამ სახელმწიფო პროგრამით 20 000-მდე ქალმა ისარგებლა.
1986 წელს დანიის ჯანდაცვის ეროვნულმა საბჭომ გასცა რეკომენდაცია, ინ-ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის აღიარებულ სამედიცინო მომსახურებად ქცეულიყო. მომდევნო წლებში რეპროდუქციული მედიცინის ეს მეთოდი ოთხ სახელმწიფო საავადმყოფოში დაინერგა, თერთმეტი წლის შემდეგ კი დანიის პარლამენტმა ხელოვნური განაყოფიერების მარეგულირებელი კანონი მიიღო. სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაში თავდაპირველად მკურნალობის სამამდე ციკლი ფინანსდებოდა, მოგვიანებით კი დაფინანსება გაფართოვდა და 2026 წლისთვის სახელმწიფომ პირველი და მეორე შვილის გასაჩენად მკურნალობის ექვსამდე მცდელობის დაფინანსება უზრუნველყო.
ხელოვნური განაყოფიერების თითოეული ციკლი აღნიშნავს დაორსულების ერთ მცდელობას, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება: საკვერცხეების ჰორმონალური სტიმულაცია, კვერცხუჯრედების ამოღება, ლაბორატორიული განაყოფიერება და მიღებული ემბრიონის საშვილოსნოში გადატანა. ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ამ ციკლების რაოდენობა განსაზღვრავს, მკურნალობის რამდენ მცდელობას აუნაზღაურებს სახელმწიფო პაციენტს. ხუთივე ნორდიკულ სახელმწიფოში ბიუჯეტიდან ინ-ვიტრო განაყოფიერების საშუალოდ სამი ციკლი სრულად ან 50%-ით ფინანსდება.
2003 წელს ნორვეგიამ მიიღო ბიოტექნოლოგიის კანონი, რომელმაც ინ-ვიტრო განაყოფიერების ჩატარების სამართლებრივი ჩარჩო განსაზღვრა. ეს კანონი არეგულირებს რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებას, ემბრიონების დაცვას, დონაციის საკითხსა და სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობას. 2020 წლიდან გაფართოვდა რეპროდუქციული უფლებები, რის შედეგადაც ხელოვნური განაყოფიერება მარტოხელა ქალებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა.
ნორვეგიასა და ისლანდიაში სახელმწიფო დაზღვევა ინ-ვიტრო განაყოფიერების სამ მცდელობას თანადაფინანსებით ფარავს, რაც სამედიცინო მომსახურების დაახლოებით 70%-ს შეადგენს.
ესპანეთში ინ-ვიტრო განაყოფიერება სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის დაფინანსებულ მომსახურებაში შედის. შესაბამისი სამედიცინო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო სრულად აფინანსებს მკურნალობის სამამდე ციკლს. პროგრამით სარგებლობა, როგორც წესი, 40 წლამდე ქალებს შეუძლიათ.
ამ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი სამაგალითოა საფრანგეთი, სადაც სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა ინ-ვიტრო განაყოფიერების ოთხ მცდელობას 100%-ით ფარავს. პროგრამა ხელმისაწვდომია როგორც წყვილებისთვის, ისე მარტოხელა ქალებისთვისაც, ასაკობრივი ზღვარი კი 43 წელია.
გერმანიაში სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა ხელოვნური განაყოფიერების პირველი სამი მცდელობის ხარჯებს 50%-ით ანაზღაურებს და ამ თანხაში შედის მედიკამენტოზური მკურნალობაც. ამასთან, გერმანიის რამდენიმე ფედერალური მიწის მთავრობა პაციენტებისთვის დამატებით ფინანსურ დახმარებასაც გასცემს. სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა, ძირითადად, დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ, ასაკობრივი ზღვარი კი ქალებისთვის 25-39 წელია.
1999 წელს ავსტრიის პარლამენტმა მიიღო კანონი ინ-ვიტრო განაყოფიერების დაფინანსების ფონდის შექმნის შესახებ. ეს სახელმწიფო ფონდი უშვილობის მკურნალობის ოთხამდე მცდელობის ხარჯებს 70%-ით აფინანსებს (ასაკობრივი ზღვარი ქალებისთვის 40 წლამდეა).
დღესდღეობით დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობა ინ-ვიტრო განაყოფიერებას ჯანდაცვის სისტემის ფარგლებში სრულად ან ნაწილობრივ ფარავს. ქვეყნებს შორის ძირითადი განსხვავებები ციკლების რაოდენობას, პაციენტთა ასაკობრივ შეზღუდვებსა და თანაგადახდის პირობებს უკავშირდება.
სუროგაცია - რეპროდუქციული თავისუფლება თუ ეკონომიკური ექსპლუატაცია
სუროგაცია დამხმარე რეპროდუქციული მედიცინის პრაქტიკაა, რომლის ფარგლებშიც ქალი, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მუცლით ატარებს და აჩენს ბავშვს სხვა წყვილისთვის ან მარტოხელა მშობლისთვის. არსებობს ორნაირი სუროგაცია: გესტაციური და ტრადიციული. გესტაციური სუროგაციის შემთხვევაში ქალი ორსულდება ინ-ვიტრო განაყოფიერებით შექმნილი ემბრიონის საშვილოსნოში გადატანით (გამოყენებულია სხვა ქალის კვერცხუჯრედი), ხოლო ტრადიციული სუროგაციის დროს გამოიყენება თავად სუროგატი ქალის კვერცხუჯრედი. სუროგაციის სამართლებრივი რეგულირება, მათ შორის მშობლის განსაზღვრა და ქალის თანხმობის პირობები, ყველა სახელმწიფოში განსხვავებულია.

სუროგატი დედის შესახებ უძველესი ჩანაწერები მესოპოტამიაში გვხვდება, როცა დიდგვაროვანი უშვილო წყვილებისთვის მონობაში მყოფი ქალი ბავშვს აჩენდა. სუროგატი დედის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ბიბლიური პერსონაჟი აგარი - ქალი, ვინც უშვილო სარასა და აბრაამს შვილი გაუჩინა.
თანამედროვე სამყაროში სუროგატ დედასა და წყვილს შორის პირველი შეთანხმება კომერციული სუროგაციის შესახებ 1980 წელს აღსრულდა, როცა ქალმა 10 ათასი დოლარის სანაცვლოდ ბავშვი გააჩინა და წყვილს გადასცა.
1986-1988 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე რთული სასამართლო პროცესის შემდეგ ქალთა უფლებებს სუროგატი დედების უფლებებიც მიემატა. ამ პროცესს ამერიკულმა საზოგადოებამ „BABY M“-ის სასამართლო უწოდა. ახალგაზრდა ქალმა, მერი უაითჰედმა 10 000-დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა სტერნების ოჯახთან, მაგრამ ბავშვის გაჩენის შემდეგ მან ახალშობილის დათმობა გადაიფიქრა. ნიუ-ჯერსის სასამართლომ სუროგატ დედასა და წყვილს შორის დადებული ხელშეკრულება ბათილად ცნო, უილიამ სტერნს (ვისი სპერმაც იყო გამოყენებული ხელოვნური ინსემინაციის დროს) ბავშვზე მეურვეობის უფლება მიანიჭა, ხოლო უაითჰედს დედის სამართლებრივი სტატუსი შეუნარჩუნა - მას უფლება ჰქონდა, სტერნების ოჯახში მცხოვრები ბავშვი ენახა ხოლმე. მოსამართლისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა, რომ სუროგატი დედა ბავშვის ბიოლოგიური დედა იყო. ვერდიქტის შემდეგ სუროგაციამ წარმოშვა უმთავრესი კითხვა: სად გადის ზღვარი რეპროდუქციულ თავისუფლებასა და ეკონომიკურ ექსპლუატაციას შორის?
ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ევროკავშირს სუროგაციასთან დაკავშირებით ერთიანი, სწორხაზოვანი პოლიტიკა წლების განმავლობაში არ ჰქონია, თუმცა 2024 წლის 13 ივნისს ევროკავშირმა მიიღო დირექტივა ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის შესახებ, რომელშიც ექსპლუატაციის ფორმებს შორის პირდაპირ დასახელდა სუროგაციის ექსპლუატაცია - როგორც ტრეფიკინგის რისკი და მიზანი. დოკუმენტის ერთ-ერთ პარაგრაფში წერია:
„სუროგაციის, იძულებითი ქორწინების ან უკანონოდ შვილად აყვანის ექსპლუატაცია ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებული დანაშაულის ფარგლებში განიხილება. აღნიშნული პრაქტიკის სიმძიმის გათვალისწინებით და იმ მიზნით, რომ სათანადო რეაგირება მოხდეს ადამიანით ვაჭრობასთან დაკავშირებული დანაშაულის მზარდ შემთხვევებზე, სუროგაციის, იძულებითი ქორწინებისა და უკანონო შვილად აყვანის ექსპლუატაცია ამ დირექტივაში ექსპლუატაციის ფორმებად უნდა განისაზღვროს. სამივე შემთხვევა შესაძლოა შეიცავდეს ადამიანებით ვაჭრობის ნიშნებს. კერძოდ, სუროგაციის ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგთან დაკავშირებული დირექტივა მიმართულია იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ქალებს აიძულებენ ან მოტყუებით უბიძგებენ, გახდნენ სუროგატი დედები“.
რეპროდუქციული კანონმდებლობის მიხედვით, კომერციული სუროგაცია აკრძალულია ევროკავშირის არაერთ სახელმწიფოში, თუმცა სასჯელი მიმართულია არა სუროგატი ქალების, არამედ მათი ზედამხედველებისა და შუამავლების მიმართ. ე.წ. ალტრუისტული სუროგაცია (რაც ანაზღაურების გარეშე ინ-ვიტრო განაყოფიერებასა და შემდგომ ბავშვის გაჩენას მოიცავს) ნებადართულია ირლანდიაში, პორტუგალიაში, საბერძნეთსა და კვიპროსში. სუროგაცია უმკაცრესი რეგულაციების ფარგლებში ნებადართულია დანიასა და ბელგიაში, ხოლო სრულად აკრძალულია ბულგარეთში, ხორვატიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, მალტაში, სლოვენიაში, უნგრეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, შვედეთში, ფინეთსა და ავსტრიაში.
გაეროს ანგარიშის თანახმად, კომერციული სუროგაცია შეიცავს ქალების ეკონომიკური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ექსპლუატაციის საფრთხეებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოციალურად დაუცველ ქალებს, რომელთა გადაწყვეტილებაზე ხშირად გავლენას ახდენს სიღარიბე, ფინანსური დამოკიდებულება და შუამავლების ზეწოლა.
2025 წლის სექტემბერში განცხადება გაავრცელა გინეკოლოგიისა და მეანობის საერთაშორისო ფედერაციამ. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეთიკურად მოწესრიგებული გესტაციური სუროგაცია დასაშვები უნდა იყოს, თუკი დაცულია თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობა, ქალის ღირსება, პირადი სივრცე, ჯანმრთელობა და ექსპლუატაციის რისკები თავიდანაა არიდებული. ამავე განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია სამართლიანი ანაზღაურების ნაკლებობასა და ქალის სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობაზე, რასაც სახელმწიფო ძლიერი სამართლებრივი რეგულაციებით უნდა გაუმკლავდეს.
მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით სუროგაციის აკრძალვა ან მკაცრი რეგულაციების დაწესება უკავშირდება ძირითადად ექსპლუატაციის რისკებს, ასევე ქალის ღირსების, სხეულის ავტონომიისა და ბავშვის უფლებების დაცვის არგუმენტებს. დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის არცერთი ქვეყნის რეპროდუქციულ კანონმდებლობაში რელიგიური მოტივი ნახსენები არ არის.

პარალელი საქართველოსთან
2026 წლის 22 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვა დააანონსა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება საპატრიარქოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის „აქტიური კომუნიკაციის“ შედეგად მიიღეს.
23 ნოემბერს პატრიარქმა შიო მესამემ სუროგაციას „მძიმე ცოდვა“ უწოდა. მისი განცხადებით, აკრძალვა ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. პატრიარქმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან დააკავშირა.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დროდადრო სუროგაციისა და ინ-ვიტრო განაყოფიერების საკითხს ერთმანეთთან აიგივებს და რელიგიურ ჭრილში უარყოფითად განიხილავს. 2014 წელს პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეს წაკითხვისას ინ-ვიტრო განაყოფიერების შედეგად ჩასახულ ბავშვებს „პრობლემური ბავშვები“ უწოდა, რასაც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ეპისტოლეში ეწერა: „მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ კი ისეთი მძიმე ეთიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში, როგორიც მანამდე არ სმენოდა კაცობრიობას: ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, გენების შერწყმა, კლონირება და ა.შ.“
დღესდღეობითაც საპატრიარქო სუროგაციის აკრძალვის პროცესშია ჩართული.
დაანონსებული კანონპროექტის პარალელურად, აღსანიშნავია რეპროდუქციულ ჯანდაცვაზე საქართველოს მოქალაქეების ხელმისაწვდომობის საკითხი. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ხელოვნური განაყოფიერების ხარჯებს ერთი თეთრითაც არ ფარავს (გამონაკლისია მხოლოდ ცალკეული მუნიციპალიტეტების მცირებიუჯეტიანი ადგილობრივი პროგრამები). პაციენტს ცენტრალური ბიუჯეტიდან არ უფინანსდება არც უშვილობის მედიკამენტოზური მკურნალობა და არც ხელოვნური ინსემინაცია — დამხმარე რეპროდუქციული მეთოდი, რომლის დროსაც სპეციალურად დამუშავებული სპერმა სამედიცინო პროცედურით შეჰყავთ ქალის რეპროდუქციულ სისტემაში განაყოფიერების ალბათობის გასაზრდელად.
აკრძალვის ერთ-ერთ არგუმენტად „ქართული ოცნება“ ეთიკურ და მორალურ დილემას წარმოაჩენს მაშინ, როცა ევროპაში აკრძალვის უმთავრესი არგუმენტი სუროგაციის ექსპლუატაცია და ტრეფიკინგის რისკია. ჩნდება კითხვა: რატომ მიიჩნევს „ქართული ოცნება“ სრულ აკრძალვას უფრო მიზანშეწონილად, ვიდრე ექსპლუატაციის წინააღმდეგ მიმართული რეგულაციების გამკაცრებას?
ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში გამოვლენილი სავარაუდო ტრეფიკინგის შემთხვევების გათვალისწინებით. 2025 წელს დაიწყო გამოძიება ტაილანდის მოქალაქე ქალებისგან კვერცხუჯრედების იძულებით მოპოვების საქმეზე. ცალკე გამოვლინდა სუროგატი ქალების შესაძლო ექსპლუატაციის შემთხვევებიც, რომელთაგან რამდენიმე ქალს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა.
ამ ფაქტების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ კანონპროექტი, რომელიც კომერციული სუროგაციის ექსპლუატაციას ადამიანით ვაჭრობის რისკთან დააკავშირებდა. ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად კი ევროკავშირმა 2024 წელს სუროგაციის ექსპლუატაცია ადამიანით ვაჭრობის შესაძლო ფორმებს შორის პირდაპირ განსაზღვრა.
შესაბამისად, საზოგადოებაში ლეგიტიმური კითხვები ჩნდება: არსებობს თუ არა სრული აკრძალვის აუცილებლობა, თუ შესაძლებელია კონკრეტული ექსპლუატაციური პრაქტიკის მკაცრი რეგულირება? ვინ და როგორ დაიცავს საქართველოში სუროგატი დედების ჯანმრთელობას, სხეულის ავტონომიასა და ეკონომიკურ უფლებებს? ან ვინ დაიცავს ქალთა უფლებებს მაშინ, როცა კანონმდებლობიდან სიტყვები „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ „ქართულმა ოცნებამ“ გამიზნულად ამოშალა?




