ვინ არის მკვლელობაში ბრალდებული ბიზნესმენი? - ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
ყიფშიძეზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია „ქართული ოცნების“ შემომწირველი და „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ საბჭოს წევრი გელა არობელიძე

თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე, 18 ნოემბერს მომხდარ მკვლელობას 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანი ემსხვერპლა. საქმეზე დაკავებულია 60 წლის ბიზნესმენი გელა არობელიძე.
"სანდო წყაროს" ინფორმაციით, ვახტანგ ჩიქოვანი და გელა არობელიძე ერთმანეთს მესამე პირის ინტერესებთან დაკავშირებული საკითხის განსახილველად შეხვდნენ და საუბარი სხვა პირთან დაკავშირებულ პრობლემას შეეხებოდა.
გამოძიების ერთ-ერთ მიმართულებად განიხილება წარსულში არსებული უთანხმოება.
გამოცემა „სანდო წყაროს“ ცნობით, შემთხვევის ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ სამართალდამცველებმა მუშაობა პოლიციის სამმართველოში განაგრძეს. წყაროს ინფორმაციით, გამოიკითხნენ მოკლულის ოჯახის წევრებიც - ვახტანგ ჩიქოვანის მეუღლე და რძალი.
ჩიქოვანს, დანით ხუთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ხოლო გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ცხედარს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.
ვინ არის მკვლელობაში ბრალდებული გელა არობელიძე?
გელა არობელიძე 1966 წელს დაბადებული ბიზნესმენია, რომელსაც კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
საქართველოს საჯარო რეესტრის 2026 წლის 22 აპრილის ამონაწერის თანახმად, გელა არობელიძე სს „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 2025 წლის ფინანსური და კორპორაციული მართვის ანგარიშგებებიც.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ბიოგრაფიული ინფორმაციის მიხედვით, 1997–2008 წლებში იგი კომპანია Martin Bauer-ის ცენტრალური ოფისის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მანამდე მუშაობდა ოზურგეთის პურკომბინატის დირექტორად და ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციაზე.
გელა არობელიძე „ქართული ოცნების“ შემომწირველია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პოლიტიკური შემოწირულებების საჯარო მონაცემთა ბაზის მიხედვით, გელა არობელიძემ 2021 წლის 10 სექტემბერს პარტია „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა. ეს ინფორმაცია ასახულია პოლიტიკური შემოწირულებების რეესტრში.

ვინ იყო მოკლული ვახტანგ ჩიქოვანი?

ყიფშიძის ქუჩაზე, სადაც ბრალდებული გელა არობელიძე ცხოვრობდა, მოკლულია 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანი. შემთხვევა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში მოხდა. ჩიქოვანი საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეუღლესთან და რძალთან ერთად ცხოვრობდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა მისმა სიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კაცი სპირტის ბიზნესში იყო, მაგრამ ოჯახი არ ფლობს ინფორმაციას რაიმე სახის კონფლიქტსა და ბიზნესდავაზე.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოკლული კანონიერი ქურდის, გოგია ჩიქოვანის ძმა არის, არ დადასტურდა, მაგრამ დასტურდება მათ შორის ნათესაური კავშირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს ურთიერთშელაპარაკებისას ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც.
სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




