„სამართლებრივი აბრაკადაბრა“ - მაია მწარიაშვილი შს მინისტრის განცხადებასა და ქომაგების გათავისუფლებას აფასებს
ადვოკატი მაია მწარიაშვილი შს მინისტრს სამართლებრივ უმეცრებაში ადანაშაულებს და სტადიონზე დაშავებული პოლიციელებისა და მზია ამაღლობელის საქმეებს ადარებს.

ადვოკატ მაია მწარიაშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილის განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობას სამართალთან საერთო არაფერი აქვს და საქმე პოლიტიკურ მოტივებს ეფუძნება.
მწარიაშვილი მინისტრს სამართლებრივ უმეცრებაში ადანაშაულებს და "ნეტგაზეთთანთ" განმარტავს, რომ სხეულის დაზიანება ყოველთვის სცილდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებს და ავტომატურად სისხლის სამართლის კვალიფიკაციას იძენს. ადვოკატის თქმით, აბსურდია მიდგომა, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველთა დაშავების ფაქტზე მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, ხოლო ლოყის გაწითლების გამო ჟურნალისტი სისხლის სამართლის წესით ისჯება. მისივე განმარტებით, თუ მზია ამაღლობელმა პოლიციას „დემონსტრაციულად“ გაარტყა სილა - როგორც ამას მინისტრი ამტკიცებს - ეს საპოლიციო ფუნქციის შესრულებისას წინააღმდეგობის გაწევას გამორიცხავს.
„ სხეულის დაზიანება როგორც კი არის, ავტომატურად უკვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლები გადაკვეთილია და გადავდივართ სისხლის სამართალში. მზია ამაღლობელის შემთხვევაში არავითარი სხეულის დაზიანება არ იყო და ყველაზე მძიმე შემთხვევაში - სილა, რომელმაც ლოყის გაწითლება გამოიწვია -სწორედაც რომ ეტეოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში. აქ ბატონმა მინისტრმა ბრძანა, რომ პოლიციელებმა სხეულის დაზიანებაც მიიღეს, მაგრამ მერე რა, ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევააო. ეს არის აბსოლუტურად სამართლებრივი აბრაკადაბრა, როგორც გაუხარდებათ ისე“, - ამბობს მწარიაშვილი.
თავად შს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სტადიონზე მომხდარ ინციდენტსა და მზია ამაღლობელის საქმეს შორის პარალელის გავლება გამორიცხა. მინისტრის მტკიცებით, ფეხბურთის გულშემატკივრებს სპორტული ღონისძიებებისას განსაკუთრებული ემოციები და აგრესია ახასიათებთ, მაშინ როცა ჟურნალისტის ქმედება პოლიციის მიმართ მიმართული დემონსტრაციული აქტი იყო. თამაზაშვილმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილებისთვის და დაშავებულ ოთხ პოლიციელს გამოჯანმრთელება უსურვა. მისი განცხადებით, უწყების მიზანი ქომაგების დაპატიმრება არ ყოფილა, თუმცა ადმინისტრაციულ წარმოებას შესაბამისი შედეგი მოჰყვება და სასამართლომ შესაძლოა მათ ქვეყანაში შემოსვლაც აუკრძალოს.
დაპირისპირება ბათუმის სტადიონზე „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მოხდა. თურქი გულშემატკივრების აგრესიული ქმედებებისა და პოლიციელებზე ფიზიკური თავდასხმის შედეგად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ოთხი თანამშრომელი დაშავდა, სტადიონის ინფრასტრუქტურას კი 200 ათას ლარამდე ზარალი მიადგა. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი მალევე გაათავისუფლეს და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.
ამ ფონზე, ციხეში რჩება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ჟურნალისტს ბრალი პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო წარედგინა, რასაც დაზარალებულისთვის სხეულის დაზიანება არ მიუყენებია.




