„ვეტყვი, რომ დაიღუპა“ - ამბავი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა
"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის ნინო თარხნიშვილის ბლოგი

კახეთის გზატკეცილზე, ბარაკული ტიპის სახლში, ალბათ უფრო ნახევარსარდაფში, ცუდად განათებულ ოთახში, ზის 38 წლის ქალი და სულის მოსათქმელად ორ წუთს მთხოვს. მისი სახლის მიგნება არც ისე ადვილი აღმოჩნდა, ამიტომ ბენზინგასამართ სადგურთან დამხვდა. ბოდიშს ვუხდი შეწუხებისთვის და ნელა მივუყვებით გზას სახლისკენ. გრილა. წითელ ხალათს მჭიდროდ იხვევს მუცელზე.
სუსტად გრძნობს თავს. ცოტა ხნის წინ კონსულტაციაზე იყო. მუცლის მოშლის საფრთხის გამო, ექიმმა მედიკამენტი გამოუწერა, რის გამოც დაბალი წნევა აქვს და ახლა თავბრუ ეხვევა. მაფრთხილებს, რომ დიდი დრო არ აქვს, რადგან წუთი-წუთზე მისი ნათესავები უნდა ჩამოვიდნენ სოფლიდან, რომლებმაც არ იციან, რომ ბავშვს სხვისთვის აჩენს და ვერ აუხსნის, რას აკეთებს მისსახლში ჟურნალისტი:
- და ბავშვი რომ გაჩნდება, ნათესავებს რას ეტყვი? - ვეტყვი, რომ დაიღუპა.
ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა სუროგატ ქალთან, 2022 წლის შემოდგომაზე. უკიდურესი გაჭირვება, ნაქირავები, მიწური სახლი, 3 შვილი, უმუშევარი ქმარი - და პერსპექტივა, რომ სხვისთვის გაჩენილი ბავშვის სანაცვლოდ 18 ათას დოლარს აიღებს.
ყველაფერი მეტროში აღმოჩენილი ბილბორდით დაიწყო

მახსოვს, პირველად, რატომ და როგორ გადავწყვიტე საქართველოში სუროგაციის ბიზნესზე, სუროგატ ქალებზე სტატიის მომზადება.
მეტრო რუსთაველის ბაქანზე აქოშინებულმა მივირბინე, მემანქანემ კარი ცხვირწინ დამიხურა, ვეღარ შევასწარი ვაგონში. არადა, რესპონდენტთან მაგვიანდებოდა და გაღიზიანებულმა გავაყოლე მატარებელს თვალი, ჩაიარა ხრიგინით და გამოჩნდა კედელზე განათებული ბილბორდი, რომელიც ახალგაზრდა ქალებს სუროგაციის პროგრამაში ჩართვას და ათიათასობით ლარის ანაზღაურებას სთავაზობდა, მაშინვე „მომჭრა“ თვალი.
თითქოს ეს არ კმაროდა, რამდენიმე დღეში, ისევ გაჩერებაზე, ოღონდ ამჯერად, ავტობუსის გაჩერებაზე ჩამომდგარმა, ბოძზე განცხადებას მოვკარი თვალი: „იყავი სუროგატი დედა, ატარო 9 თვე მუცლით ნაყოფი წყვილებისათვის, ვისაც ეს არ შეუძლია, ეს უდიდესი სითბო და სიყვარულია“, ხელით ნაწერ ამ განცხადებას, ქვევით, მოსახევი ტელეფონის ნომრები ჰქონდა დართული.
მეორე დილით, სარედაქციო თათბირზე ვთქვი, რომ მინდოდა, საქართველოში სუროგაციის ბიზნესის შესახებ სტატია მომემზადებინა და ამისათვის დრო მჭირდებოდა. პირველი სტატია 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიდო რადიო თავისუფლების საიტზე და მაშინვე ერთ-ერთ ყველაზე კითხვად სტატიად იქცა სოციალურ ქსელში.

ამ სტატიაში შევეცადე, რომ სუროგაცია არა მხოლოდ როგორც რეპროდუქციულ შესაძლებლობა, არამედ როგორც რთული სოციალური, ეთიკური და ეკონომიკური ფენომენი, ასე განმეხილა. მეჩვენებინა ქალები, რომლებიც სუროგაციას უმეტესად მძიმე სოციალური და ფინანსური მდგომარეობის გამო თანხმდებიან და ამის სანაცვლოდ ხშირად აწყდებიან სტიგმას, ჯანმრთელობის რისკებსა და მათი ცხოვრების მკაცრ კონტროლს. მინდოდა მკითხველს დაენახა, სად გადის ზღვარი ქალის თავისუფალ არჩევანსა და ეკონომიკური გაჭირვებით განპირობებულ იძულებას შორის, რამდენად შეიძლება ქალის სხეული და ბავშვის დაბადება კომერციული გარიგების ნაწილად იქცეს და ვისი ინტერესები უნდა იდგეს პირველ ადგილზე.
სუროგატი დედა, რომელმაც სოციალურ ქსელში მიპოვა
მას მერე, უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში სუროგაციის თემაზე ვმუშაობ. ამ წლების განმავლობაში არაერთ ქალს შევხვედრივარ, მომისმენია მათი ისტორიები, პრობლემები და შიშები. თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა 2025 წლის გაზაფხულზე მიღებული ერთი შეტყობინება - სოციალურ ქსელში დამიკავშირდა სუროგატი დედა, რომელმაც მითხრა, რომ ინტერნეტში ჩემი სტატიები წაიკითხა და დახმარება სჭირდებოდა. ის 21 წლის გოგო იყო.
მწერდა, რომ 20-მდე სუროგატი ქალი, საკუთარ მცირეწლოვან შვილებთან ერთად, თბილისის ავტოვაგზლის ტერიტორიაზე, მიტოვებულ ჰოსტელში ცხოვრობდნენ და დახმარება სჭირდებოდათ. სააგენტომ, რომელმაც ისინი საქართველოში ჩამოიყვანა, კუთვნილი ჰონორარისა და ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დატოვა. ქალები კვირების განმავლობაში დადიოდნენ პოლიციის განყოფილებებსა და პროკურატურაში, წერდნენ განცხადებებს, ითხოვდნენ დახმარებას, მაგრამ მათი ხმა თითქოს არავის ესმოდა. ამას ემატებოდა ჯანმრთელობისმძიმე პრობლემები - რამდენიმე მათგანს მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს ამოკვეთაც კი დასჭირდა.

ამ სტატიაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიმუშავე. ვცდილობდი, კითხვებზე პასუხი მიმეღო ისტორიაში მონაწილე ყველა მხარისგან და მაქსიმალურად სრულად აღმეწერა, რა ხდებოდა ქალების თავს.

სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ქალებთან, რომლებიც მანამდე თვეების განმავლობაში უშედეგოდ აკითხავდნენ პოლიციასა და პროკურატურას, წერდნენ განცხადებებს, სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცავები მივიდნენ. უთხრეს, რომ „სტატია ნახეს და გამოძიება დაიწყეს“. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველი შედეგის დანახვა - ქალების ხმა, რომელიც მანამდე ვერ აღწევდა შესაბამის უწყებებამდე, ბოლოს და ბოლოს გაიგეს.

თუმცა ამ ერთი სტატიის გამოქვეყნებით ჩემთვის ეს ამბავი არ დასრულებულა. პირიქით, ის კიდევ უფრო დიდი და რთული ჟურნალისტური სამუშაოს დასაწყისი აღმოჩნდა. მომდევნო თვეებში ამავე თემაზე არაერთი მასალა მოვამზადე და თანდათან ეს სამუშაო ერთგვარ სერიად იქცა - საქართველოში ჩამოყვანილი უცხოელი სუროგატი ქალების ისტორიების შესახებ.
2025 წლის მაისში სახელმწიფომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და, პირველად საქართველოში, სუროგატ ქალებს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭათ. მოგვიანებით დააკავეს იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც გამოძიება სუროგატი ქალებისა და ბიოლოგიური მშობლებისთვის განკუთვნილი დაახლოებით 670 000 დოლარის მითვისებას ედავებოდა. დაკავებამდე ერთი კვირით ადრე, ექვსთვიანი „ნადირობის“ შემდეგ, მასთან ინტერვიუს ჩაწერა მოვახერხე - დარწმუნებული იყო, რომ მას ბრალს ვერავინ წარუდგენდა. რამდენიმე თვის წინ ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ისტორია, რომელიც ერთი ქალის პირადი შეტყობინებით დაიწყო, საბოლოოდ სისხლის სამართლის გამოძიებამდე, ტრეფიკინგის მსხვერპლთა ოფიციალურ აღიარებამდე და ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირის გასამართლებამდე მივიდა.
შეიძლებოდა მეფიქრა, რომ ეს ამბავი აქ დასრულდა, მაგრამ რაც უფრო მეტს ვმუშაობ ამ თემაზე, მით უფრო კარგად ვხედავ, რომ საქართველოში სუროგაციის ბიზნესი, ბევრად უფრო რთული და მრავალშრიანი პრობლემაა, ვიდრე ერთი სააგენტო, ერთი სისხლის სამართლის საქმე ან ერთი ჯგუფი ქალებისა.
დღესაც ვაგრძელებ ამ თემაზე მუშაობას. დღემდე მაქვს ურთიერთობა იმ სუროგატ ქალებთან, რომელთა ისტორიებიც სტატიებში მოვყევი. ზოგიერთ მათგანს ჩემი დახმარება დღემდე სჭირდება. ამიტომ ჩემთვის ისინი აღარ არიან მხოლოდ რესპონდენტები და ეს თემაც აღარ არის ჩემთვის მხოლოდ მორიგი ჟურნალისტური მასალა.
იმ ქალების ამბებმა, რომლებიც ერთ დროს თბილისის მიტოვებულ ჰოსტელში დახმარებას ელოდნენ, საქართველოს ფარგლებს გარეთაც გააღწია. და არა მხოლოდ ამ სუროგატი ქალების ამბებმა.
სტატიების სერიის გამოქვეყნების შემდეგ დამიკავშირდა და დღემდე მიკავშირდება არაერთი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა და მედია, მათ შორის BBC, The New York Times, The Atlantic, ასევე სხვა, დამოუკიდებელი უცხოელი ჟურნალისტები. მათ სწორედ ამ სერიების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყეს საქართველოში სუროგაციის ბიზნესის შესახებ ვრცელი საგამოძიებო სტატიების, ფილმების, პოდკასტების მომზარება - ამჯერად მე ვიქეცი მათ რესპონდენტად.
ყველაზე დიდი სირთულე - უპასუხო კითხვები
რასაც საქართველოში სუროგაცია-დონაციის ბიზნესის შესახებ სტატიებზე მუშაობისას მუდმივად ვაწყდები, ეს არის უპასუხო კითხვები. ჩემს კითხვებზე პასუხების მიღება თითქმის შეუძლებელია სწორედ იმ ადამიანებისგან, ვისაც გადაწყვეტილებების მიღება ევალება.
შესაბამის უწყებებთან ვაგზავნი ოფიციალურ წერილებს, ვსვამ კითხვებს, ვითხოვ განმარტებებს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ კონტროლდება საქართველოში სუროგაციის სფერო, ვინ არის პასუხისმგებელი ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოებაზე, რატომ რჩება წლების განმავლობაში საკანონმდებლო ხარვეზები და რას აპირებს სახელმწიფო მათ აღმოსაფხვრელად, გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან პასუხებს ვერასდროს ვიღებ. ხშირად, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვების პირისპირ სრულიად მარტო ვრჩები.
ახლა უკვე ვმუშაობ ამ თემის კიდევ ერთ, ალბათ ყველაზე მძიმე ნაწილზეც - სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებზე. ბავშვებზე, რომლებსაც დაბადების შემდეგ სხვადასხვა მიზეზით ტოვებენ; ბავშვებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აღმოაჩნდებათ და რომელთა შემდგომი ბედი გაურკვეველი ხდება. ვცდილობ გავარკვიო, ვინ იღებს ასეთ დროს მათზე პასუხისმგებლობას, სად მიჰყავთ ისინი, ვინ აფინანსებს მათ მკურნალობას, რა ვალდებულებები აქვთ ბიოლოგიურ მშობლებს, სააგენტოებსა და სახელმწიფოს და, საბოლოოდ, ვინ იცავს ბავშვს მაშინ, როდესაც კარგად აწყობილ კომერციულ სქემაში რაღაც ისე აღარ მიდის, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი.
ალბათ სწორედ ამ ბავშვების ისტორიები აჩვენებს ყველაზე მკაფიოდ, რატომ არ შეიძლება სუროგაციაზე მხოლოდ როგორც წარმატებულ ბიზნესზე საუბარი. ამ სფეროს მიღმა არიან რეალური ადამიანები - ქალები, რომლებიც საკუთარ სხეულსა და ჯანმრთელობას რისკავენ, და ბავშვები, რომლებიც გადაწყვეტილებებს საკუთარ თავზე ვერ იღებენ და ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული იმ სისტემაზე, რომელიც მათ უფლებებს უნდა იცავდეს.
ამიტომ ჩემთვის ეს ისტორია ჯერ არ დასრულებულა. არც იმ ქალებისთვის დასრულებულა, რომლებიც დღემდე მწერენ და დახმარებას ითხოვენ. არც იმ ბავშვებისთვის, რომელთა ბედის გარკვევას ჯერ ისევ ვცდილობ. და სანამ მათი ამბები და კითხვები პასუხის გარეშე რჩება, მე წერას ვაგრძელებ.
ნინო თარხნიშვილი
რადიო თავისუფლება



