ჭიათურა-ტყიბული ოკუპაციის ჩრდილქვეშ
ნისლიანი ჭიათურა, მძიმე შრომა და მივიწყებული მაღაროელები - როგორია ცხოვრება ოკუპაციისა და სისტემური ჩაგვრის ჩრდილქვეშ?
.webp&w=1920&q=75)
საბაგირო ნელა მოძრაობს. ირგვლივ ნისლია. ივნისის გრილი დღეა. საბაგიროს გონდოლაში ასაკოვანი ქალი ზის. „ალბათ ისიც მაღაროელის დედაა“, - ვფიქრობ ჩემთვის. მე მარტო ვარ, ოპერატორის გარეშე, მხოლოდ ჩამწერით, ფურცლებით და ორი ცალი კალმით. თითქოს ისე, როგორც მაღაროელების ქალაქის „შიდა განაწესს“ შეეფერება. საბაგიროდან ხელის გულზე ჩანს სიღარიბე და ინდუსტრიულ ქალაქებში ჩაბუდებული უიმედობა. ყველა ფანჯარა, ყველა კედელი, ყველა გზა და მწვანე ბაღებიც კი ასეთ ქალაქებში უჩვეულოდ სევდიანია.
საბაგიროდან ერთ-ერთ გაჩერებაზე ჩამოვდივარ. მგონი, იმ ადგილს ნაგუთი ჰქვია. აღწერის მიხედვით ვცდილობ, მივაგნო სახლს, სადაც ერთ-ერთი დაღუპული მაღაროელის ცოლი და შვილები ცხოვრობენ. გზად ეკლესია მხვდება. ქუჩა პატარა კერძო სახლთან მიმიყვანს. „ეს სახლია“, – ვფიქრობ ჩემთვის.
„ჩემი ქმარი ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობდა. მე არ მივეცი საშუალება, არ დაგვტოვო-თქო. და მერე მომიკლეს. დიახ, მომიკლეს შრომაში“, - ამბობს ქვრივი ქალი და მთხოვს, სახელი და გვარი სტატიაში დავმალო. მალავს, რადგან ეშინია, რომ მაღაროში დასაქმებულ ოჯახის სხვა წევრს სამსახურიდან გამოაგდებენ. მე ვუხსნი, რომ მასალა ინგლისურენოვანი პუბლიკაციისთვის მჭირდება, მაგრამ მაინც იმალება. მათი თვალები და ყურები ყველგანააო, - მათი, ანუ „ჯორჯიან მანგანეზის“.
„შვილები რომ შეგვეძინა, ამბობდა, არ მინდა, ჩემმა ბავშვებმა აქ იცხოვრონო. ამ ქალაქში სამი არჩევანი გაქვს: ან მაღაროში უნდა იმუშაო, ან ჯარში წახვიდე, ან შავი სამყაროს წევრი გახდე. მეც მინდა, ჩემი შვილები, რომ გაიზრდებიან, თბილისში წავიდნენ საცხოვრებლად. ეს იყო ჩემი ქმრის სურვილიც, ამიტომ შრომობდა ამდენს“.
მაღაროელის მეუღლე ახალგაზრდაა. თვალების ირგვლივ შეშუპება ეტყობა. „ალბათ საერთოდ ვერ იძინებს“, - ვფიქრობ ჩემთვის. თვალები პირველივე წუთიდან ცრემლიანი აქვს. იტალიური ნეორეალიზმის ეპოქის კინოგმირს ჰგავს, გრძელი წაბლისფერი თმაც ხმელთაშუა ზღვისპირეთის იერს სძენს. ვუყურებ და გული მწყდება, რომ ფოტოს გადაღების უფლება არ მომცა.
როგორი სასტიკი და ცივსისხლიანია ზოგჯერ ეს პროფესია?! ტრაგედიის გრაფიკულად ასახვა დაუცხრომელი სურვილით გვინდა ხოლმე.
მისი მეუღლე 40 წლისაც არ იქნებოდა, როცა მაღაროში დაიღუპა. „ჯორჯიან მანგანეზის“ კომპენსაცია დაღუპულთა ოჯახებისთვის ისეთივე ცინიკურია, როგორც ამ კომპანიის საქმიანობის ანატომია.
– თქვენ სად მუშაობთ? – ვეკითხები. – უკვე არსად, დედა მეხმარება საბერძნეთიდან. ბავშვები მარჩენალდაკარგულის შემწეობას იღებენ სახელმწიფოსგან. ორივეზე ერთად ორასი ლარი ძლივს გამოდის.
ინტერვიუს დამთავრებისთანავე ქალაქის ცენტრში საბაგიროთი ვბრუნდები. იმ სახლიდან გამოსულს ხედვა შეცვლილი მაქვს თითქოს. თვალი იმას ამჩნევს, რაც აქამდე უხილავი იყო. თოკებზე ჩამოკიდებული ტანსაცმლის უმეტესობა შავია. დღემდე არ ვიცი, ეს ხშირი სიკვდილიანობის ბრალია თუ სიღარიბის?!
ჭიათურა წარმოუდგენლად ლამაზია: კლდეებით გარშემორტყმული, მწვანე საფარით, მთებზე შეფენილი ავთენტური სახლებით, ალაგ-ალაგ ამოზრდილი საბჭოთა პერიოდის ცივი შენობებით, მაგრამ მთავარი მაინც ამ ქალაქის თანმდევი ენერგეტიკაა. შავი მდინარის პირასაც კი ხვდები, რომ არის საქართველო და არის ჭიათურა ცალკე. გავა რამდენიმე საათი და ტყიბულში ჩასული ვიტყვი, რომ არის საქართველო და არის ჭიათურა-ტყიბული ცალკე, როგორც მიწის სიღრმეში გადანახული განძი.
ჭიათურაში მანგანუმის სამრეწველო მოპოვება 1879 წელს დაიწყო და ქალაქი მსოფლიო მნიშვნელობის სამთო-სამრეწველო ცენტრად იქცა. მანგანუმს, რომელიც მეტალურგიისთვის უმნიშვნელოვანესი ნედლეულია, შავ ოქროსაც უწოდებენ. თუ საქართველოში რომელიმე ქალაქი უნდა იყოს მდიდარი, პირველ რიგში ჭიათურა იქნებოდა. მაგრამ რეალობა იმდენად სასტიკი და უსამართლოა, ბევრი ფიქრი არცაა საჭირო, მიხვდე, სად მიდის კეთილდღეობა, რომელიც ჭიათურელებისთვის მხოლოდ პარალელურ რეალობაში არსებობს.
2006 წელს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურასა და საჩხერეში 16 430 ჰექტარზე მანგანუმის მოპოვების 40-წლიანი ლიცენზია მიიღო, რითაც რეგიონის უმთავრეს წიაღისეულ რესურსზე კონტროლი მოიპოვა. კომპანიის ეკონომიკური გავლენა კიდევ უფრო გააძლიერა ერთ სამრეწველო სისტემაში ჭიათურის მაღაროების, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ვარციხის ჰესის გაერთიანებამ. მალევე რეგიონში ეს კომპანია მთავარ ფინანსურ-ეკონომიკურ მონოპოლისტად იქცა, უფრო სწორედ კი – ფეოდალად.
„ჯორჯიან მანგანეზიდან“ ინტერვიუზე არც მაშინ და არც წლების შემდეგ არავინ დამთანხმდა. ბოლო წლებში ეს კომპანია ანგარიშგებასაც აღარ აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, 2021 წელს ამ კომპანიის მოგებამ 96 მილიონი ლარი შეადგინა.
შემდეგი გაჩერება ტყიბულია. პირველივე ადგილი, სადაც მივდივარ, მეშახტეების კორპუსია. შენობა ფერდობზე დგას. აღმართზე ნელა ავდივარ, დროდადრო უკან ვიყურები და რაც უფრო მეტად ვშორდები ქალაქის ცენტრს, მით უფრო ვხვდები, რომ აქაურობა საოცრებაა, მაგრამ ჭიათურასავით ესეც დროში გაყინულა. სახლები ძველია, ოდნავ ფანტასმაგორიული. მისტიკური დრამის გადასაღები მოედნის დეკორაციას ჰგავს რამდენიმე ქუჩა. ცენტრში დიდებული სვეტებიანი შენობა დგას. ალბათ საბჭოთა ტოტალიტარული მონსტრი ტყიბულს იმპერიის ერთ-ერთ მარგალიტად განიხილავდა. როგორც ჭეშმარიტი კოლონიზატორი, აქედან ქვანახშირს ეზიდებოდა.
მეშახტეების კორპუსიც საბჭოთა შენობაა, უკიდურესად შელახული, ბნელი დერეფნებით და ჩამსხვრეული მინებით ფანჯრებზე. ათწლეულების განმავლობაში, მეშახტეები ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ. ამ ეზოდან არაერთი დაღუპული მეშახტე გაუსვენებიათ. იმ დღეს ერთ-ერთი დაღუპული მეშახტის ძმას შევხვდი. სახელის გამხელას არ მოერიდა, არც სახე დაუმალავს, მაგრამ ინტერვიუს დროს სიტყვაძუნწი იყო. ბრაზისგან უფრო მეტს იგინებოდა, ვიდრე ლაპარაკობდა.
-სხვა გზა არ გაქვს, აქ უნდა დასაქმდე. შენი ოფლით და ტანჯვით თუ არ იშოვე პურის ფული, სხვა გამოსავალი არ გაქვს. „ვინუჟდენი“ ხარ, იქ იმუშაო - ხელი საქნახშირის შენობისკენ გაიშვირა.
-ქვანახშირის ნაცვლად ნავთობი მაინც გვქონოდა, ბედი არ გინდა?! - მითხრა და გაიღიმა. ზემო იმერლებისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქე მის ბრაზს და ტკივილს მაინც თან ახლდა.
იმ დღეს ტყიბულელები ქუჩაშიც გამოვკითხე. მთავარ პრობლემად უმუშევრობა დაასახელეს.
-თქვენი აზრით, რატომ იღუპებიან მეშახტეები? - ვკითხე ერთ-ერთ მათგანს.
-ფეხებზე კიდიათ ხალხი და იმიტომო - მიპასუხა.
ხიდის მეორე მხარეს ქუჩაში შემთხვევით დაღუპული მეშახტის დედასაც შევხვდი. შვილის სიკვდილზე მანამდეც ვფიქრობდიო, მითხრა.
-ისეთი რთული საქმეა, ისეთი რთული სამუშაოა: ერთი უყურადღებობა და მკვდარი ხარ, ან ერთი შეცდომა - და სხვა შეიძლება დაიღუპოს. ისე მეშინოდა ჩემი შვილის გამო, სულ მეშინოდა. და ერთხელაც გამითენდა ის დასაწვავი დილა.
იქ 2022 წელს ვიყავი. ბოლო ოც წელში ტყიბულის შახტებმა 50-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყველა მათგანი დამსაქმებელთა მონოლითური გულგრილობისა და ჩაგვრის მსხვერპლია. ამ მჩაგვრელ სისტემას საქართველოში რამდენიმე კონკრეტული სახელი აქვს: ერთ-ერთი „საქნახშირია“, მეორე - „ჯორჯიან მანგანეზი“, მესამე - „RMG Gold“ და ასე შემდეგ.
როგორც ჟურნალისტი, ტყიბულსა და ჭიათურაში 2026 წლის თებერვალში დავბრუნდი. „შაბათის ფორმულასთვის“ სიღრმისეულ რეპორტაჟს ვამზადებდი. სურათი შეცვლილი დამხვდა: ერთ ქალაქში - უარესი, მეორე ქალაქში - სავალალო.
მეორე ქალაქი ტყიბულია, მდუმარებისა და შიშის აკლდამა. ტყიბულში ჩასვლამდე ყველა იმ მეშახტეს დავუკავშირდი, ვინც 2018-2019 წლებში მედიასთან თამამად ლაპარაკობდა. ახლა ნაწილი ემიგრაციაშია, ხოლო ნაწილმა ინტერვიუზე უარი მითხრა. ანონიმურობის გარანტიით შეხვედრას და საუბარს ერთადერთი მეშახტე დათანხმდა.
"შახტაში არ დარჩა ერთი ადამიანიც კი, რომელიც იტყვის, რეალურად რა ხდება შახტებში, რამდენი ადამიანი შავდება და ზიანდება. ამაზე ხმის ამომღები არავინ არ არის. მათ აკრძალული აქვთ ლაპარაკი ჟურნალისტებთან, თუ კომპანიის წარმომადგენელი არ არის მათთან ერთად; მით უმეტეს, კრიტიკულ ჟურნალისტებთან აკრძალული აქვთ ლაპარაკი“.
რა შეიცვალა ამ წლებში? ქალაქს რუსი ფეოდალი დაეპატრონა. რუსი ბიზნესმენი და ბიზნესმენეჯერი დონის როსტოვიდან, მიხაილ სოცკი, 2019 წელს გამოჩნდა, როცა მის სახელზე რეგისტრირებულ კომპანიას, სახელწოდებით „დათვი“, „ქოალ ოფ ჯორჯიას“ 50%-იანი წილი უსასყიდლოდ გადაეცა. ეს კომპანია ქვანახშირის მოპოვებას და შახტების მართვას უზრუნველყოფს. ეტაპობრივად, სოცკი ხდება ყველაზე გავლენიანი კაცი ტყიბულში, - იგი ხდება ტყიბულის „საქნახშირისა“ და „ქოალ მენეჯმენტის“ გენერალური დირექტორი, 2022 წლიდან კი - „ქოალ მენეჯმენტის“ 100%-იანი წილის მფლობელი.
„როცა პირველად მოვიდა სოცკი, მაშინ გვითხრეს, უკრაინელიაო. ალბათ, იმიტომ ქნეს ასე, რომ ხალხის გაღიზიანება არ უნდოდათ, და ჩვენც დავიჯერეთ, რომ უკრაინელია“, – მითხრა ანონიმურმა რესპონდენტმა.
სოცკის წარსული ბურუსითაა მოცული. კრიტიკულ მედიაში არაერთხელ დაიწერა, როგორ იქცა სოცკი ტყიბულის ფეოდალად, როგორ დააგროვა ქონება, თუმცა წარსული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვებოდა. ცნობილია, რომ იგი დონის როსტოვიდანაა და იქაც მის სახელზე არაერთი კომპანია იყო რეგისტრირებული.
ერთ-ერთი ყველაზე საზარელი რამ, რაც ტყიბულში ვნახე, ქალაქის ცენტრში დამონტაჟებულ გიგანტურ ეკრანზე მორბენალი მისი კადრებია. სოცკის კადრები ყოველ ათ წუთში ერთხელ გადის. ვიდეო საარჩევნო კლიპს ჰგავს, საიდანაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტყიბული ყვავის. სოცკი კადრებში ხან მეშახტეებთან ერთად, ხანაც სასულიერო პირების გვერდით ჩნდება. ამ ეკრანის მოპირდაპირე მხარეს დგას ოვალური ფორმის ძველი თეთრი შენობა. ადგილობრივების თქმით, ესეც სოცკის საკუთრებაა. საჯარო რეესტრის მიხედვითაც, შენობა 2023 წლის აგვისტოში „საქნახშირმა“ იყიდა. „საქნახშირის“ საკუთრებაა ფერდობზე შემაღლებული მეშახტეთა კორპუსიც.
როგორც გავარკვიე, სოცკის ტყიბულში წინააღმდეგობა არ დახვედრია, რადგან წინასწარ დათესეს პანიკა, რომ შახტი გაჩერდებოდა, არადა შახტის გაჩერება ტყიბულელებისთვის შიმშილის ტოლფასია. მიუხედავად მძიმე შრომისა, მიუხედავად იმ უსამართლობისა, მიუხედავად თანმდევი ე.წ. შავი ფილტვისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებისა, შახტი არის ის, რაც მათ აჭმევს პურს, - ტანჯვით მოპოვებულს, როგორც ადრე დაღუპული მეშახტის ძმამ მითხრა. სანამ არის შახტი, მათ იციან, რომ შვილები არ იშიმშლებენ. არადა იქ ყოველი შესვლა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავლაა.
ტყიბულის შახტებში, სადაც ქვანახშირს მოიპოვებენ, ბოლო 20 წელში 50-მდე ადამიანი დაიღუპა. ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის არცერთ მფლობელს უსაფრთხოების ზომები თითქმის არასდროს დაუცავს. ტყიბულში რამდენიმეწლიანი საქმიანობის შემდეგ, სოცკის ჭიათურაც ჩააბარეს. მისი ოფიციალური „მისია“ მაღაროებში წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია უნდა ყოფილიყო.
ეს მოხდა 2025 წლის გაზაფხულზე, როცა ჭიათურელი მაღაროელების მასშტაბური საპროტესტო ტალღა აგორდა. პროტესტს წინ უძღოდა ხელფასის შემცირება და სამუშაო პროცესის შეფერხება მენეჯმენტის მხრიდან. მაღაროელების გაფიცვა მალევე რეპრესიულ სისტემასთან ბრძოლად გარდაიქმნა. ამ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ერთ-ერთი მაღაროელი დღემდე ტარიელ მიქაცაძეა - ყოფილი ჯარისკაცი, რომელიც სხვა მაღაროელებთან ერთად სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათი კარავი დღესაც დგას ჭიათურაში, შავი მდინარის პირას.
რუსი ფეოდალის ოკუპირებული ტყიბულიდან ჭიათურაში ჩავედი. მაღაროელების პროტესტის დაწყებიდან იმ დღეს ზუსტად ერთი წელი შესრულდა. უკვე ოთხი მათგანი (გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე, თენგიზ გველესიანი) დაპატიმრებული იყო და დღემდე ციხეში არიან.
„შიშის სინდრომია დასაქმებულებში. ჩვენთან მხოლოდ რამდენიმემ შეძლო მოსვლა. მე თქვენ რომ გესალმებით, სამსახურში პრობლემები მექმნებაო, გითხრეს. აი, ასეთი რეჟიმი ჩამოაყალიბა მიხაილ სოცკიმ ჭიათურასა და მაღაროებში. ჩვენ გვქონდა რამდენჯერმე სოცკისთან შეხვედრა და იგი პირდაპირ ამბობს თამამად: „მე რომ არ მქონოდა მთავრობისგან ნებართვა იმის, რასაც ვაკეთებ, და გარკვეული გარანტიები, მე ჭიათურაში არ შემოვიდოდიო“, მითხრა ტარიელ მიქაცაძემ.
ჭიათურასა და ტყიბულში ჩასული ადამიანი, თუ ცოტა ხნით მაინც შეყოვნდება, მიხვდება, რომ ოლიგარქიულმა სისტემამ რეპრესიები იქ გაცილებით ადრე დაიწყო; მიხვდება, რომ ავტორიტარიზმის მარცვალი ინდუსტრიულ ქალაქებში გაცილებით ადრე გაღვივდა, ვიდრე თბილისში ვიგრძნობდით.
იმ დღეს ჭიათურაში ძალიან ციოდა, გზაში გათოვდა. ჭიათურიდან თბილისისკენ მიმავალს გონებაში ერთი ფიქრი მიტრიალებდა: იქნებ მეტი თანაგრძნობა რომ გვქონოდა ტყიბულის შახტებში დახოცილი მამების დაობლებული ბავშვებისადმი, მეტი თანაგრძნობა რომ გამოგვეხატა უმუშევრად დარჩენილი ჭიათურელი მაღაროელებისა და მათი ოჯახებისადმი, დედაქალაქის სნობურ მატრიცაში რომ არ ჩავკეტილიყავით, ვინ იცის, იქნება საქართველოს დღევანდელი ბედისწერა შეცვლილი სცენარით გადაგვეწერა!
*2022 წელს ჩაწერილი ქვრივი ქალი და მისი შვილები ჭიათურაში აღარ ცხოვრობენ.




