ერთი იძახდა - ნუღარ ურტყამთ, უკვე მკვდარიაო
ჟურნალისტ ნათია ტრაპაიძის ბლოგი

2017 წლის 1 დეკემბერს, არ მახსოვს რატომ, მაგრამ ქალაქში არ ვიყავი. ხორავას ქუჩაზე მოზარდების დაჭრის ამბავი ტელეფონით, სამსახურის ჯგუფიდან შევიტყვე. თავიდან სკოლის მოსწავლეების ჩვეულებრივ დაპირისპირებად მივიჩნიე, ქალაქის იმ ნაწილში ასეთი ფაქტები, სამწუხაროდ, იშვიათობა არ იყო.
მაგრამ თავიდანვე ჩანდა, რომ ეს უფრო მძიმე საქმე იყო. ტელევიზორში მოსმენილი კომენტარები და სოციალურ ქსელებში წაკითხული გამოხმაურებები სასტიკ დანაშაულზე მიუთითებდა… მოზარდების დიდი ჯგუფის დაპირისპირება, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი მძიმედ დაიჭრა. არავინ იცოდა, გადარჩებოდნენ თუ არა.
დღემდე მახსოვს ერთ-ერთი თვითმხილველის კომენტარი: „ერთი იძახდა, ნუღარ ურტყამთ, უკვე მკვდარიაო“. მერე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის კომენტარი — „16 წლის ბიჭი ასეთი დაზიანებებით არასდროს გვყოლია“ — და კიდევ რამდენი ასეთი.
შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის, კადრმა საერთოდ გამანადგურა… წლების განმავლობაში ბევრი შვილმოკლული მშობელი მინახავს, ბევრჯერ მათთან ერთად მიტირია, მაგრამ ზაზას კადრმა მართლა ძალიან იმოქმედა… ტკივილისგან გამწარებული კაცის ბღავილზე მძიმე სანახავი არაფერი ყოფილა — კაცის, რომელსაც ცხოვრება ერთ წუთში ჩამოექცა.


ზოგადად, ამბების მიმართ დამოკიდებულება თავიდანვე მიყალიბდება — თითქოს სულ ვგრძნობ, რა როგორ განვითარდება. ჯერ არაფერი მომიკითხავს, მაგრამ უკვე ვიცოდი, ამ საქმეზე ბევრი სამუშაო იქნებოდა. თუმცა ნამდვილად არ მეგონა, რომ შვილმოკლულ მამას რკინის ქალამნების ჩაცმა მოუწევდა მარტივ კითხვაზე პასუხის მისაღებად — ვინ დაჩეხა მისი 16 წლის დათუნა.
„დაჩეხა“ შემთხვევით და უტრირებულად არ დამიწერია. 16 წლის ბიჭს, რომელიც 187 სმ იყო და 100-ზე მეტ კილოგრამს იწონიდა, ბასრი საგნით 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, თითქმის ყველა ორგანო დაზიანებული.
დათუნასგან განსხვავებით, ლევან დადუნაშვილს ამდენი ჭრილობა არ ჰქონდა. ზოგადად, ლევანზე საჯაროდ მაშინაც თითქმის არ ვსაუბრობდით, რადგან ოჯახს არ სიამოვნებდა. მათ არც გამოძიების მიმართ გამოუთქვამთ რაიმე პრეტენზია.

არადა, გამოძიება მართლა პრობლემური იყო. ჩემთვის მაშინაც და ამ გადასახედიდან მით უმეტეს, ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არგებენ გავლენიანი ადამიანები კანონს საკუთარ ინტერესებს, „უპატრონო“ ადამიანებისთვის კი სამართალი როგორ სანთლით საძებნელია.
ალბათ, ზაზას მედიისა და საზოგადოების მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა, საქმეს ისე „ჩაუფარცხავდნენ“, როგორც თავიდანვე იყო დაგეგმილი. ვიდრე ოჯახი დათუნას ემშვიდობებოდა, პოლიციამ გასაფუჭებელი გააფუჭა. უცოდინრობით თუ უმოქმედობით, საქმე ისე დააზიანა, რომ მტყუან-მართლის გარჩევა შეუძლებელი გამხდარიყო.
მომხდარიდან რამდენიმე კვირაში გავიგე, რომ დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე მოზარდი გამოძიებამ უბრალოდ არ შეიმჩნია. იცით, რატომ? ქალაქში გამოჩენილი მამები ჰყავთ.
წარმოიდგინეთ, თვითმხილველებმა — ანუ ხორავას ქუჩის 3 ნომერში მცხოვრებლებმა — 20-მდე ან უფრო მეტი ბიჭი დაინახეს. დაპირისპირებაში ყველა რაღაც ფორმით მონაწილეობდა. თუ თვითონ არ ჩხუბობდა, სხვების ქმედებას მაინც ხედავდა. მაგრამ გამოძიება მხოლოდ 5-6 მოზარდის გარშემო ტრიალებდა. ამ რიცხვში იყვნენ ისინიც, ვისი გვარებიც ჩვენს რეპორტაჟებში ისმოდა, ვინც ჩვენს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებში ჩანდა.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამ საქმეზე მედიამ ბევრი გააკეთა. საბოლოოდ, ჩვენი გამოძიება უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე პოლიციისა და პროკურატურის. ჩვენ — და ამ შემთხვევაში, მე თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი — „რუსთავი 2“-ს და „კურიერს“ რომ არ გვეღო აქტიური მონაწილეობა, შესაძლოა, დათუნა სარალიძის მკვლელების ვინაობა ისევ უცნობი ყოფილიყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვა სწორედ ასე დასრულდა: შვილმოკლულ მამას უთხრეს, რომ დათუნა ვინ მოკლა, არ ვიცითო. განსასჯელის სკამზე მსხდომი ბრალდებულები დათუნა სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლეს.

განაჩენით გამოწვეულმა საზოგადოებრივმა პროტესტმა ბევრის, მათ შორის გენპროკურორის, თანამდებობა შეიწირა, საქმეზე კი უფრო ობიექტური გამოძიება დაიწყო.
ეს რთული იყო — მტკიცებულებები თითქმის აღარ არსებობდა, მოწმეებს კი ჩვენება იმდენჯერ ჰქონდათ შეცვლილი, რომ მათი სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მაგრამ სამართალმა მაინც იზეიმა. გვიან, მაგრამ 16 წლის დათუნას სასტიკი მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა მის თანატოლს დაეკისრა.
ზაზამ ერთხელ მითხრა, დათუნა ბასეინიან კერძო სახლზე ოცნებობდა და ამას აუცილებლად ავუხდენ, ყველა საკადრის პასუხს რომ მიიღებსო. ნეტა, რა ქნა? დიდი ხანია, არ მომიკითხავს.
ის ბავშვები და მათი მშობლებიც მაინტერესებს, თავის დროზე დუმილი რომ გადაწყვიტეს. დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის — ხანდახან, ან უფრო ხშირად, დანაშაულში მონაწილეობის საფასურია, რომელიც არასდროს მოგასვენებს.
მედიას დიდი ძალა აქვს! — ეს ფრაზა ბავშვობიდან მესმოდა. ვიდრე ამ ჯადოსნური სამყაროს ნაწილი გავხდებოდი, ვხედავდი, როგორ შეეძლო ერთ სატელევიზიო რეპორტაჟს ან საგაზეთო სტატიას დიდი ცვლილებების გამოწვევა.
22 წელია ჟურნალისტიკაში ვარ და ამ წლების განმავლობაში ჩემმა რეპორტაჟებმაც შეცვალა ადამიანების ცხოვრება.





