21 წლის ველის ჟურნალისტი რევოლუციის წინა ხაზიდან - ნანუკა ჟორჟოლიანის ბლოგი
„აღარასდროს განმეორდება ის რუსთავი 2 - "ეროსი, დათო დვალი და დღემდე უთქმელი ფაქტები".

ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისის დროს, როცა მეკითხებიან , ჩემი ოპტიმიზმისაიდან მოდის, ყოველ ჯერზე ვპასუხობ, მე ვარდების რევოლუციის თაობა ვარ.
მე ვარ ნანუკა ჟორჟოლიანი. ჟურნალისტი, რომლის პროფესიული ბიოგრაფიაც იწერებოდა თანამედროვე საქართველოს საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებთან ერთად და დღეს, ამ ეპიზოდების აქამდე უთქმელ ამბებს მოგიყვებით.
აღარასოდეს განმეორდება ის რუსთავი 2 და თუ მაინც, ჩემს ამ გაფიქრებას სხვა მოცემულობა შეცვლის, სადაც არ უნდა ვიყო და რამდენი წლისაც, ყველაფერს თავიდან დავიწყებ და უკან დავბრუნდები.
21 წლის ვიყავი როცა რუსთავი 2 ში მივედი. რევოლუციამდე ერთი წლით ადრე , მაგრამ ნამდვილ რუსთავი ორელად თავი მაშინ ვიგრძენი, როცა ვარდების რევოლუციის წინა ხაზზე მოვხვდი. მაშინჯერ კიდევ არ ვიცოდი რომ ამ ხაზზე, ჩემი ქვეყნის ისტორია იწერებოდა.

მე ველის ჟურნალისტი ვიყავი. ტელევიზიაშივე დიდი კონკურენციის მიუხედავად, მალე მოვიპოვე მათ რიგებში ყოფნის უფლება, ვისაც მისვლამდე, ქვეყნის მთავარ მეომრებად ვთვლიდი.
მე-17 სართულის სამზარეულო იყო დიდი თათბირების სივრცე, სადაც დაუსრულებელი ყავები გატყობინებდათ, რამდენი ჟურნალისტი და ოპერატორი გაიქცა გადაღებაზე.თათბირებს ატარებდნენ ეროსი და დათო დვალი, რომლებიც პირდაპირ დავალებას არასდროს მოგცემდნენ.
გვიან მივხვდი იმასაც კი, თუ რატომ მოვხვდი არჩევნებზე ქუთაისში. ამის ერთადერთი მიზეზი ნინო ბურჯანაძის მიმართ ჩემი განსაკუთრებული სიმპატიები იყო. მე არ მჭირდებოდა მითითებები. საკუთარი სურვილით და დიდი მოტივაციით ისედაც ვიმუშავებდი ნინოზე, რაც იყო ეროსის ოსტატობა.

სამი მთავარი ლიდერი (მიშა, ზურა, ნინო) მეოთხე არ ჩანდა და ეს ეროსი იყო. მისი როლი ვარდების და მოგვიანებით აჭარის რევოლუციის დროს, ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ცნობილი პოლიტიკური ერთობის. შესაბამისად, მოლოდინი რომ პრემიერი უნდა გამხდარიყო მისი ეგოს შექმნილი იყო, რაც სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ძალაუფლების განაწილება დამსახურებების მიხედვით იყო.
არანაირი რევოლუცია არ იქნებოდა რ2-ის გარეშე. მაშინდელი მედია სტანდარტი იმდენად განსხვავებული იყო, დიდხანს მსჯელოდბენ მივიღეთ თუარა რეპუტაციული ზიანი, როცა გამარჯვებული ხალხის ტელევიზია დავირქვით.
შიგნითაც კი აზრთა სხვადასხვაობა იყო. ბევრს არ მოსწონდა ჩარჩო, რომელშიც არხი ჩასვეს.თუმცა უფრო მეტი ფიქრობდა რომ ეს სამართლიანი და თან, დროებითი აღიარება იყო. რ2-მა ხელისუფლებას მისცა დრო, ჩაურთო წამზომი, რომლის ამოწურვის თუ დასრულების შემდეგაც, ძველ რელსებს დაუბრუნდებოდა, მაგრამ ეს იმდენად რთული აღმოჩნდა რომ შეეწირა ყველა და ყველაფერი.
დავბრუნდეთ უკან.
უკვე “დიდი გოგო” ვიყავი, როცა აღმოვაჩინე რომ არხს ერთი და მუდმივი ფინანსური შემომწირველი არ ჰყავდა, რაც იძლეოდა მეტი თავისუფლების შანსს. დათო დვალისთვის პოლიტიკური სვლების მიღმა, მთავარი მედია სტანდარტი და ხარისხი იყო, ამიტომაც უკვე მაშინ, როცა დავიჯერე რუსთავი 2-ობა, პირდაპირ ეთერში ნათქვამი “ექსკორტის” გამო ერთი კვირა ეთერიდან მომხსნეს.
ექსკლუზივების და რესპონდენტის მოპოვების გამო, მანქანაში გათენებული ღამის და დაუღალავი შრომის მიუხედავად, არ გეპატიებოდა მცირე შეცდომაც კი.დუდუს, რომელიც დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით მახსენდება, ვერცერთი ჟურნალისტი გაუბედავდა თქმას, რომ თბილისიდან სამეგრელოში ჩასული, სულ რაღაც 6 საათში ვერ ასწრებდა მკვლელობის გახსნას და ჩართვას ერთად.
ვარდების რევოლუციის დღეებში, არ ვიცი რა უნარებით და ალბათ უფრო გადარჩენის აუცილებლობით, შიდა კონკურენტებიც კი, ერთ ოჯახად გავერთიანდით. ვიცოდით რომ ქვეყანაში დიდი ამბები დაიწყო და წაგება არც კი განიხილებოდა. ამიტომ საჭმელს კი არა, ერთმანეთს ინფორმაციებსაც კი ვუზიარებდით, რაც იმ სივრცეში ყველაზედიდი ამოვარდნა იყო. ჩემი და შენი აღარ არსებობდა.
ჩვენ გავხდით მთავარი აქტორები, მთავარი პოლიტიკური პროცესის, მაგრამ 22 წლის ნანუკა ამას რთულად იაზრებდა.
19 თუ 20 ნოემბერი იყო, პარლამეტში მესამე ღამეს ვათენებდით. რ2-ს შენობაში რამდენიმე ჯგუფი ჰყავდა, ყველას დერეფნებში გვეძინა. პარლამენტში რჩებოდა ყველა. ნინო ბურჯანაძეც კი,პარლამენტის თავმდჯომარის ოთახში იჯდა.დერეფანში ნანახით მიშა გამოკვეთილი ლიდერი არ იყო. ეს სტატუსი მან მოგვიანებით ხალხისგანმიიღო. იქ, იმ სივრცეში სადაც ყველაფერი კულუარული იყო პოლიტიკურ დღის წესრიგს, ყველათანაბრად ქმნიდა. სახელიც კი - „ვარდების რევოლუცია“ „რუსთავი 2“-ის წამყვანმა, ნათია ზამბახიძემ დაარქვა. პირდაპირ ეთერში მოვლენების აღწერის დროს თქვა: „მაშ ასე, ვარდების რევოლუცია… 2003 წლის 23 ნოემბერი“.
იმ დღემ დაამტკიცა, რომ რევოლუცია სულაც არ ნიშნავს სისხლისღვრასა და ნგრევას. ის შეიძლება იყოს მშვიდობიანი, უსისხლო და მაინც უზარმაზარი ძალის მქონე ცვლილება. და ამას აკეთებდა ქვეყანა, რომელიც დიდი გეოგრაფიული რუკებისთვის ხშირად მხოლოდ წერტილია, მაგრამ სწორედ აქ, ამ ქვეყანაში, ერთ საღამოს, ადამიანებმა საკუთარი გამბედაობით და სიმტკიცით ისეთი ისტორია დაწერეს, რომლის დანახვაც, დანარჩენი მსოფლიოსთვის შეუძლებელი იყო.


.webp&w=1920&q=75)

