ამ მთის იქით დედა ცხოვრობს
ამბები ფსიქიატრიული დაწესებულებიდან

კედლები იყო ღია ცისფერი, გახუნებული სიძველისგან. ჩვენ არავინ გველოდა. უცხოები ვიყავი ჩვენც და კამერაც. ხის იატაკზე ასაკოვანი ქალი იჯდა. „დედაჩემს ხომ არ იცნობთო“, - დანახვისთანავე გვკითხა. „დედას უთხარით, სახლში წამიყვანოსო“.
ოპერატორი უკან მომყვებოდა. „სახეზე არავინ გამოაჩინო-მეთქი“, - მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი და ერთ-ერთ პალატაში შევედით. გაცრეცილ კედლებზე ლექსები წერია, ალაგ-ალაგ ნახატები, - ზოგან პროფილში დახატული პორტრეტები, ზოგ ადგილას კი იეროგლიფები, ვერცერთ წიგნში რომ ვერ იპოვი ისეთი. თითქოს საკუთარი დამწერლობა შეუქმნიათ აქ, ამ კედლებში. „მარტოობის დამწერლობა“, - გავიფიქრე.
მეგზურად ორ პაციენტს ვირჩევ, უფრო სწორედ ისინი გვირჩევენ. ორივე ახალგაზრდა ქალია, მოციმციმე ვარსკვლავებით თვალებში. მათი სახე და სახელები დღემდე მახსოვს, მაგრამ ვერცერთ მათგანს ვერ დავასახელებ. ამიტომ გიამბობთ მათზე ორი გამოგონილი სახელით: „ქალი ვარდისფერი თმისსამაგრით“ და „ქალი წითელ კაბაში“.
თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 2024 წლის 7 მარტს მივედი. მზიანი ამინდი იყო, მაგრამ გარეთ არავინ სეირნობდა. მაშინ საგამოძიებო მედია „სტუდია მონიტორში“ ვმუშაობდი და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არაადამიანური მოპყრობის შესახებ ვამზადებდი ჟურნალისტურ მასალას.
გლდანში მდებარე თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი ერთ-ერთი დაწესებულებაა, სადაც ინფრასტრუქტურა 30 წელია არ გაუმჯობესებულა, - რკინის ძველი ლოგინები, ნესტიანი კედლები, დაჟანგული ონკანები და ანტისანიტარია. უფლებადამცველთა არაერთ ანგარიშში ე.წ. გლდანის ფსიქიატრიული მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური პირობებით გამორჩეულ საავადმყოფოდაა მოხსენიებული.
- დღეს სეირნობის დღე არ გაქვთ? - ვეკითხები პაციენტებს.
თანმხლებ ექიმს უხერხულად ეღიმება. „საერთოდ არ გავყავართ სასეირნოდო“, - მპასუხობს ერთ-ერთი პაციენტი და პალატაში შედის, ლოგინზე ჯდება და სიმღერას იწყებს. ეტყობა, რომ ჩვენთან ურთიერთობის განწყობა არ აქვს. კამერა მხოლოდ მის სილუეტს იღებს, მზისგან შექმნილი შუქჩრდილებით იფარება მისი სახე. არ ჩანს არც გამომეტყველება, არც თვალები. ეთიკის სტანდარტით ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პაციენტის გადაღება დაწესებულებაში მკურნალობის დროს მკაცრად აკრძალულია. არადა მის თვალებში ყველაფერია ჩატეული. ვინ იცის, იქნებ ეს სტანდარტი რომ დავარღვიოთ, საზოგადოებაში არსებული სასტიკი სტიგმაც ჩამოიშალოს თანაგრძნობისგან?!
აქ სახეზე ყველა პაციენტს ტკივილები აქვს აღბეჭდილი, - სულიერი ტრავმები, სიცარიელე. ასაკოვან პაციენტებს დემენციის ნიშნები ეტყობათ, ზოგიერთ მათგანს მეტყველება უჭირს. მათი თვალები მოხუცი ქალების თვალებს არ ჰგავს, ბავშვებივით არიან. ვუყურებ და იმ ადრეულ წლებს ვხედავ, ოდესღაც ვიღაცამ ან რაღაცამ რომ მოუწამლა. თითქმის ყველა მათგანი დედას ახსენებს, როგორც უხილავ ჭიპლარს გარე სამყაროსთან, წარსულთან.
ერთ-ერთი მათგანი გვეუბნება, რომ ბუღალტერია, ხვალ სამსახურში უნდა წავიდეს და ტუჩსაცხი სჭირდება. „დედას ბროშს დავიმაგრებ კაბაზეო, ნახე, რა ლამაზი კაბა მაცვიაო“. სწორედ მას შევარქვი „ქალი წითელ კაბაში“.
დაახლოებით 45 წლამდე იქნებოდა. გრძელი თმა ჰქონდა. ვერცხლისფერი პენოპლასტის ქაღალდისგან გაკეთებული სამაჯური მაჯაზე შემოეხვია. „ერთი კვირაა აქ ვარ, ჩემებს ველოდები და მალე წამიყვანენო“, - მითხრა. ექიმმა რაღაც მანიშნა, ვერაფერს მივხვდი, მერე თავიდან ამიხსნა, ორი წელია აქ არის და თითქმის აღარავინ აკითხავსო.
ქალი ვარდისფერი თმისსამაგრით უფრო მხიარულია. ხელში წარმოსახვითი პირამიდა უჭირავს და მაჩვენებს. ჩუმად ვეკითხები, ვინმეს ხომ არ მოუყენებია აქ შენთვის შეურაცხყოფა, ვინმეს ხომ არ დაურტყამს, ხომ არ შეუშინებიხარ-მეთქი. „არაო“, - მპასუხობს და იცინის. ხმამაღლა კისკისებს.
„სასეირნოდ არ ჩავყავართ, არც საჭმელი გვყოფნის, პავიდლოიანი პური არ მიყვარს თან. მარტო კვირაში ორჯერ გვაძლევენ ბანაობის უფლებას“, - თან ექიმს უყურებს, ხომ არ გვისმენსო.
დერეფანს ერთად მივუყვებით. „ქალი წითელ კაბაში“ მღერის. ლამაზი ხმა აქვს. „ჰოროსკოპით წესით თევზები უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ სხვა დროს დავიბადე, ზედმეტად მგრძნობიარე ვარო“, - მეუბნება.
-ეს ალბათ არასდროს არ გამივლის, ხო?! – მეკითხება.
მხოლოდ ვუღიმი, თემის შეცვლას ვცდილობ და მოულოდნელად საკუთარ თავს პასუხობს: „იქნებ გამიაროს კიდეცო“.
მასაც ვეკითხები, ვინმე ხომ არ გაბრაზებს, ვინმე ხომ არ არღვევს შენს უფლებებს-მეთქი. „არა, აქ არა, მაგრამ ადრე სადაც ვიყავი, იქ ერთხელ მცემესო“.
მოგვიანებით ვარკვევ, რომ „ადრე სადაც ვიყავი“ ქავთარაძეზე მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრია. იქ კამერით არ შეგვიშვეს. არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის ანგარიშები ფიზიკური ძალადობის არაერთ ფაქტს აღწერს. უფრო მძიმე რეალობაა ხონში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. არც იქ შეგვიშვეს.
„ერთმა პაციენტმა მონიტორინგის ჯგუფს უთხრა, რომ ფიზიკური შეზღუდვის დროს პერსონალმა ყელზე ხელი უხეშად მოუჭირა და ძლიერი მოჭერისგან დაზიანება მიიღო. პაციენტს ყელზე დაზიანების კვალი აღენიშნებოდა, თუმცა, როგორც მონიტორინგის ჯგუფმა დაადგინა, დაზიანება დოკუმენტირებული არ იყო. კიდევ ერთი პაციენტი აცხადებდა, რომ დაცვის თანამშრომელმა მარცხენა ხელის არეში მას ანთებული სიგარეტი ჩაუქრო. შეხვედრის დროს მას მხარზე აღენიშნებოდა დაზიანების კვალი“, - წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.
2024 წლის მონაცემებით საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის დიაგნოზის მქონე 90 ათასამდე ადამიანია რეგისტრირებული. იქ, სადაც მარტის მზიან დღეს აღმოვჩნდი, უმრავლესობას შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს დასმული, - დიაგნოზი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების არატოლერანტულ საზოგადოებაში ადამიანების ნაწილს სამუდამო მარტოობისთვის იმეტებს.
- ძალიან ვცდილობ, რომ გავამხიარულო ყველა, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამომდის, - მეუბნება ქალი ვარდისფერი თმისსამაგრით.
პროფესიით მხატვარია. საათობით ფანჯარასთან დგომა უყვარს. წვრილი გისოსებიდან ურბანული ხედი იშლება. ერთ-ერთ მაღალ კორპუსზე თითით მიმანიშნებს.
- მწვანე ფარდებს ხედავ?
- კი,- ვპასუხობ მე.
- მე რომ ბიჭი მიყვარდა, მაგ სახლში ცხოვრობდა. მერე მოკლეს.
- ვწუხვარ ძალიან.
- მაგრამ თვითონ არ ვუყვარდი. არც დედას ვუყვარვარ.
ჩვენს შორის უხერხული სივრცე იქმნება. ვგრძნობ, თითქოს მიჭირს ჟურნალისტის როლის შენარჩუნება. ამ პროფესიას მკაცრი და ოდნავ დაუნდობელი ფორმულა აქვს, - არც ლტოლვილთა ბანაკებში, არც დაბომბილ ქალაქებში, არც შვილმკვდარ დედებთან, არც უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრებ ადამიანებთან თანაგრძნობამ ხელი არ უნდა დაგრიოს, არ უნდა აგეტიროს, არ უნდა შეიმჩნიო გულისტკივილი. მთელი ჩემი ჟურნალისტური კარიერა ამ მკაცრ ფორმულასთან ემოციური ჭიდილია.
- მე ვფიქრობ, რომ დედას ძალიან უყვარხარ, - ვუთხარი ქალს ვარდისფერი თმისსამაგრით.
- რა ვიცი, მაშინ რატომ არ მნახულობს?!
- მომიყევი, აქ როგორ ატარებ დღეებს? - სულ „იმედია“ ჩართული და დებილურ სერიალებს გვაყურებინებენო, - მპასუხობს და კედელზე უზარმაზარ ნახატს მაჩვენებს.
პაციენტი, რომელმაც ერთ-ერთ კედელზე ფერადი გველეშაპი დახატა, იქ აღარ ცხოვრობს. ვარდისფერ თმისსამაგრიანი ქალი მის სახელს ვერ იხსენებს. „ალბათ უკვე ჯანმრთელადაა და კარგადაა“, - ამბობს გველეშაპის მხატვარზე.
კლინიკის დერეფნები ლაბირინთს ჰგავს, ადვილად შეიძლება დაიკარგო. ვერ ვიხსენებ, მერამდენე დერეფანში გავდივარ, კარი ცვლის კარს, კედლები კედლებს.
ყველა პალატა ერთნაირია: რკინის ლოგინებით, შელახული კედლებით, პირადი სათავსოების გარეშე. ალაგ-ალაგ ლოგინებზე რბილი სათამაშოები დევს. ჩემს ყურადღებას ერთი ოთახი იპყრობს. ცარიელი ოთახია, შუაში ერთადერთი რკინის ლოგინი დგას ლაქებიანი, ძველისძველი ლეიბით. დაუკითხავად შევდივართ მე და ჩემი ოპერატორი. ექიმი უკან მოგვყვება. „ეს განრიდების ოთახია“, - მეუბნება იგი.

- სახალხო დამცველის ანგარიშებში წერია, რომ განრიდების, იგივე დეესკალაციის ოთახში ძალის გადამეტების პრაქტიკა ხშირია. არის შემთხვევები, რომ პაციენტები გაკოჭვისას დაზიანებებს იღებენ, - ვეუბნები მე. -მე ამაზე არაფერი მსმენია. ზოგი ისეთი მძიმე პაციენტია, ამის გარეშე მართვა არ გამოდის, - მიხსნის ექიმი.
ოთახში კადრებს ვიღებთ, თუჯის გამათბობელს ხელს ვადებ, ცივია. ოთახშიც ცივა. დეესკალაციის პრაქტიკა, შებოჭვა და მექანიკური შეზღუდვა თანამედროვე ფსიქიატრიაში ერთ-ერთ სადავო საკითხს წარმოადგენს. საქართველოში თითქმის ყველა უფლებადამცველი, ვისაც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე უმუშავია, გეტყვით, რომ ეს პრაქტიკა ხშირად ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს იმდენად არღვევს, საქმე სტრასბურგის სასამართლომდეც კი მიდის ხოლმე.
თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი ძველ საბჭოთა შენობაშია განთავსებული. ფანჯრებს წვრილად დაგმანული გისოსები აქვს. ეზოში ვიწრო ზოლად ნაძვები მიუყვება. თვალში საცემია სიცარიელე, რომელიც შესვლისთანავე იგრძნობა. თუ ციხეებთან მუდმივად ირევიან მნახველები, ფსიქიატრიულ კლინიკებთან მნახველთა რიგი იშვიათია.
მესამე სართულზე მდებარე ქალთა განყოფილებაში მარტოობა ყველა დეტალში ირეკლება. პაციენტების ძველი, თითქმის დახეული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ამ მარტოობას ნივთიერ სახეს აძლევს.
-ხვალ ჩემი დაბადების დღეა და შეიძლება სახლში დავრეკო? -ეკითხება ერთ-ერთი პაციენტი ექიმს.
მერე გვიყვება, როგორ გადაიხდის დაბადების დღეს, როგორ მივლენ მასთან მეგობრები დიდი ტორტით, საჩუქრებით. ახალგაზრდაა, 25 წელზე მეტის არ იქნება. არცერთ კითხვაზე არ მპასუხობს, მაგრამ დაბადების დღის წვეულებას მოთხრობასავით აღწერს. ლამაზი თმა აქვს, მუქი წაბლისფერი. მასაც დედის ნახვა უნდა.
გარეთ გამოსულს საშინელი სევდის განცდა მაქვს. იშვიათი ტკივილი და სიმძიმე მიმყვება სამუშაო მაგიდამდე, სადაც გადაღებული მასალა უნდა გავშიფრო და ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობა გავაგრძელო. გზაზე მიმავალს მახსენდება ერთ-ერთი უფლებადამცველის მოთხრობილი ამბავი.
5-6 წლის წინ თბილისის რომელიღაც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ახალგაზრდა ქალი მიუყვანიათ დეზორგანიზებული შიზოფრენიის დიაგნოზით. სტიგმა იმდენად აუტანელია ამ საზოგადოებაში, რომ დებს შერცხვენიათ და სიკვდილის ვერსია გამოიგონეს. მთელ სანათესაოს და სამეზობლოს დააჯერეს, ჩვენი უმცროსი და ზღვაში დაიხრჩო, საფლავიც არ აქვს, გარდაიცვალა ამ ზაფხულსო. ის კი წლები ელოდება დებს სანახავად, წარმოდგენაც არ აქვს, რომ ბეტონის კედლებს მიღმა აჩრდილადაა ქცეული, ზღვის ფსკერზე სძინავს მარადიული ძილით.


.webp&w=1920&q=75)

