კამერა მანდარინებში: როგორ გადავიღე 1994 წლის ეთნოწმენდა აფხაზეთში
მანდარინებით სავსე ჩანთა, შენიღბული კამერა და გზა იქით, სადაც წესით ჟურნალისტი არ უნდა შესულიყო

ჩვენს პროფესიას რომ ტკბილი და მწარე შემადგენელი ცალ-ცალკე და უხვად ახლავს, არახალი ამბავია და ალბათ, არც დამწყები კოლეგებისთვის იქნება მოულოდნელი ამის გაგება. მაგრამ ზოგჯერ ისეთი ქარტეხილების მონაწილე ხდები, ისეთ ისტორიულ, ზოგჯერ ისტერიულ ეპიზოდებში ამოყოფ თავს, რომ მერე, რაც დრო გადის, მით უფრო მკვეთრად გახსენდება.
აქ მე შევეცდები გავიხსენო დიდი ხნის წინანდელი ამბები, რომლებიც დღევანდელი გადმოსახედიდან საინტერესო, მაგრამ სულ ცოტათი დაუჯერებელი ან ძნელად დასაჯერებელი მაინც არის.
საქართველოში გავრცელებული მცდარი მოსაზრების თანახმად, გალის რაიონის ქართველ მოსახლეობას აფხაზეთის ომის სიმძიმე იმდენად არ შეხებია, რამდენადაც ეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დანარჩენ რაიონებში მცხოვრებლებმა იგრძნეს. ამ მოსაზრებას იმით ხსნიან, რომ გალსა და გალის რაიონში, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები არც აფხაზეთის ომის დასაწყისში, არც პიკზე და არც მისი დასრულების ფაზაში.
თუმცა ეს მოსაზრება არათუ მცდარია, კრიტიკასაც ვერ უძლებს. 1993 წლის 27 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც სოხუმი დაეცა, დედაქალაქის გარეშე დარჩენილი აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დაიცალა: გალელებმა, ნახეს რა, როგორ გადაიარა ენგურის ხიდი ოჩამჩირიდან წამოსულმა ქართულმა ჯარმა, ქართველმა მოხალისეებმა და მოსახლეობამ, თავადაც შეკრეს ბარგი-ბარხანა, თახჩებში გამოაკრეს, რაც მოასწრეს, ზოგმა წინ საქონელი გაირეკა, ზოგმა „პრიცეპკაზე“ პიანინოც კი ჩაატია, ზოგს ბოცებით ღვინის დატოვება დაენანა, ურმებზე შემოდგა და ზუგდიდს მიაშურა. 30 სექტემბერს კი თითქმის ცარიელ გალში შესული აფხაზები და სხვა ეთნოსის ბოევიკები ენგურის ხიდამდე გავიდნენ და „გამარჯვება“ ფეიერვერკითა და ჰაერში გამაყრუებელი სროლით აღნიშნეს.
სწორედ 30 სექტემბერი ითვლება დღესაც აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მიერ დაწესებულ „გამარჯვების დღედ“, მაშინ, როცა ენგურსგამოღმა საქართველო ომის დასრულების თარიღად 1993 წლის 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს მიიჩნევს.
როგორც აღვნიშნე, გალის რაიონი თითქმის მთლიანად დაიცალა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს მხარე მთლიანად ეთნიკური ქართველებით იყო დასახლებული და აფხაზებს დიდი ინტერესი არ გამოუჩენიათ გალის რაიონის ასათვისებლად, რაიონის სოფლებში თანდათან დაიწყეს დაბრუნება ქართველებმა. ჯერ მოხუცები აუხირდნენ შვილებს, ქალაქში, ამ პატარა ბინებში გამოკეტილები ვერ გავძლებთ, წავალთ, სახლ-კარს მაინც მოვუვლით, ჩვენ რა უნდა დაგვიშავონო. აფხაზური ადმინისტრაცია თავდაპირველად მართლაც თვალს ხუჭავდა უკან დაბრუნებულ გალელებზე, რადგან ხელს აძლევდა მათი დაბრუნება: სხვაგვარად გალის რაიონი ერთ დიდ, უკაცრიელ და გამოუსადეგარ რეგიონად იქცეოდა, ხოლო თუ ქართველები დაბრუნდებოდნენ, საქონელს მოიშენებდნენ, ღვინოს დაწურავდნენ, მანდარინის პლანტაციებს, თხილის ნარგავებს მიხედავდნენ, ამაში ცუდი რა უნდა ყოფილიყო? პირიქით - მოკრიმინალო ტიპებისა და ჯგუფებისთვის იოლი საკბილო ჩნდებოდა და ასეც მოხდა. განსაკუთრებით ბევრი მოსახლე გალის რაიონში მას შემდეგ დაბრუნდა, როცა ომიდან 6 თვეზე მეტი იყო გასული.
1994 წელს 22 წლის სტუდენტი ვიყავი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ომგამოვლილი და უამრავი ახალი იდეით, როგორ უნდა დამატებოდა „ტვ ოდიშის“ პროგრამას საინფორმაციო სამსახური. იმ დროს ზუგდიდში მხოლოდ პირველი არხი და „ოდიში“ მაუწყებლობდა , მაგრამ ოდიშზე მთელი დღე „MTV“ იყო ჩართული, რომელსაც საღამოს 8 საათიდან კეტავდა ადგილობრივი გადაცემები, რაც არაფერი იყო, თუ არა ლიტერატურული და სარეკლამო რგოლები, მიკროფონში ცალკე ჩაწერილი ხმითა და, „ტელევიზიონშიკები“ მიხვდებიან, PANASONIC M9000-ის ინსერტით ჩასმული კადრებითა და ფოტოებით. ტელევიზიის სრულ ავლა-დიდებას სწორედ ეს კამერა, გადასაწერად და სამონტაჟოდ კი ორი ვიდეომაგნიტოფონი წარმოადგენდა. იყო სტუდია, დავამზადეთ ფონი, რომლის წინაც მე - ჰალსტუხსა და პიჯაკში გამოწყობილი - ვჯდებოდი, ასევე დავამზადეთ ქუდი, საინფორმაციო გამოშვებას დავარქვი „ციონი“ და თავდაპირველად ჩანაწერის, შემდეგ კი უკვე ლაივის სახით, ეთერში ყოველდღე გადიოდა საინფორმაციო გამოშვება, მზადდებოდა სიუჟეტები ქალაქის პრობლემებზე, დევნილთა მდგომარეობაზე, იყო „ვოქს-პოპები“, საინფორმაციოში ვკითხულობდი რადიო „თავისუფლების“ ეთერიდან აღებულ ახალ ამბებს და ამას აგვირგვინებდა მხატვრული ფილმი ან მუსიკა.
„ოდიში“ ძალიან პოპულარული გახდა ადგილობრივ მოსახლეობაში და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დეციმეტრული სიგნალი დაბლობზე 60 კმ-მდე, ანუ ოჩამჩირემდეც კი ვრცელდებოდა, შეგვიძლია ვთქვათ, აფხაზებსა და აფხაზეთიდან დევნილებს შორისაც. ის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად ვიყავით განწყობილი, ამ პოპულარობას ერთიორად ზრდიდა.
1994 წლის დასაწყისიდან გალის რაიონში არსებული მდგომარეობის შესახებ შემაშფოთებელი ცნობები მოდიოდა იქ მცხოვრები ქართველებისგან. რუსეთის სამშვიდობო ძალების არსებობის მიუხედავად, გალის სოფლების მოსახლეობის აწიოკების გამო აფხაზურ მხარეს პასუხს არავინ სთხოვდა, ხოლო აფხაზური მილიციის სადამსჯელო რეიდები, რომელთა დროსაც აყაჩაღებდნენ, ძარცვავდნენ, აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ ქართულ მოსახლეობას, ინტენსიურ ხასიათს იღებდა.
ამ ფონზე გადავწყვიტე, მარტო, ოპერატორის გარეშე, პატარა ზომის კამერით, შენიღბულად გადავსულიყავი გალის რაიონში და უკვე დასრულებულად მიჩნეული ეთნოწმენდის დამადასტურებელი კადრები გადამეღო. იმის მიუხედავად, რომ მაშინ ე.წ. საზღვარი ისე მკაცრად არ კონტროლდებოდა, როგორც ახლა, გალის რაიონში მოხვედრა არ იყო ადვილი, მით უმეტეს, რომ ბლოკპოსტებზე მდგარი რუსებისთვის აღქმადი და ცნობილი იყო მათი სახეები, რომლებიც ყოველდღიურად გადაადგილდებოდნენ გალსა და ზუგდიდს შორის.
შენიღბვის მიზნით რამდენიმე დღე წვერი არ გამიპარსავს, ვიშოვე ძველმანები ქუდის ჩათვლით, ასევე საშუალო სიდიდის ჩანთა, სადაც ნახევრამდე მანდარინი ჩავყარეთ (ადგილობრივი გამყოლი მყავდა, ვითომ მასთან მივდიოდი სტუმრად), მერე კამერა ჩავდეთ, ზემოდან კი ისევ მანდარინი დავაყარეთ და გალის რაიონის სოფელ ფიჩორიდან (განმუხურის გასწვრივ) სამშვიდობო ძალების პოსტს მივადექით. საბედნიეროდ, ჩანთაში ზერელედ ჩაიხედეს, არც ჩემი გამყოლი შეუწუხებიათ დიდად შეკითხვებითა და შემოწმებით, რადგან ეტყობოდათ, რომ იცნობდნენ… ყველაფერმა იმაზე იოლად ჩაიარა, ვიდრე წარმოგვედგინა.
ამის შემდეგ ისღა დამრჩენოდა, რომ სოფლიდან სოფლში მევლო და ეთნიკური წმენდის დამადასტურებელი კადრები გადამეღო.
ეს კადრები იყო მოულოდნელი და საშინელი: ახალგაზრდა კაცი, რომელსაც თავი ჰქონდა გაჩეჩქვილი ქვით, რადგან ბებიამისს გამოექომაგა: ჯერ თავი გაუჩეჩქვეს, შემდეგ კი ორივეს ორ-ორჯერ ესროლეს ტყვიები.
სოფელ ზემო ბარღებში ადგილობრივებმა მიმიყვანეს სკოლის სპორტდარბაზში, სადაც ორი დღის წინ აფხაზური მილიციის რაზმმა თურმე მთელი სოფელი შეკრიბა და ინტერესდებოდნენ, ვინ როდის ელოდა სადილად პარტიზანებს. როცა არავინ არაფერი თქვა, მათ ორი ძმა შენგელიები გამოიყვანეს და სოფლის თვალწინ სასტიკად აწამეს: წელს ზემოთ გააშიშვლეს და ზურგსა და მკერდზე ლურსმნიან ჯოხებს ურტყამდნენ, საბოლოოდ, ისინიც მოკლეს. ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, რომ ის სისხლიანი ჯოხი იქვე ეგდო, ხოლო შენგელიების ოჯახში ყოფნის დროს მომიწია ახლობლებისთვის მეთხოვა, მიცვალებულებისთვის ზედა ტანსაცმელი გაეხადათ, რათა მსხვილი პლანით გადამეღო ლურსმნიანი ჯოხისგან გამოწვეული ჭრილობები…
სოფელ ხუმუშქურში კი გადავიღე ქალის ცხედარი, რომელსაც გაქცევა უცდია, როცა მთელი სოფელი ერთ ადგილას შეკრიბეს, ხოლო მისთვის ყველაზე პირველად ჯავშანტრანსპორტიორიდან უსვრიათ. ჯავშანმანქანას მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი აქვს დამაგრებული ძარაზე და ტყვია ქალს ყელში ჰქონდა მოხვედრილი: იმ ოჯახშიც მაჩვენეს და გადავიღე ეს ჭრილობა, რომლისგანაც ქალის თავი, ფაქტობრივად, მოცილებული იყო ტანს და ისე იყო ჩასვენებული კუბოში.
და ბოლოს, ყველაზე საშინელი რამ, რაც გადავიღე, იყო… სკალპახდილი კაცი, რომელიც ჰყვებოდა, როგორ გამოიყვანეს და გამოარჩიეს უბრალო ხალხისგან, სრულიად უდანაშაულოს რაღაცები გამოკითხეს, რაზეც პასუხები არ ჰქონდა და რამდენიმე სასტიკი ბოევიკი ჯგუფს გამოეყო:
„როცა მოვიდნენ, ერთმა ხელები გამიკავა, მეორემ ტანი, მესამემ კი ბასრი დანა შუბლზე დამადო, საიდანაც კანის თხლად აჭრა დაიწყო. წამებში ხდებოდა ყველაფერი: თვალებში სისხლი ჩამომდიოდა, თავის ქალა საშინლად მეწვოდა, მაგრამ ვითმენდი, რადგან ვიცოდი, თუ ხმას ამოვიღებდი და გავაპროტესტებდი, მომკლავდნენ. ბოლოს, როცა კეფის მხარეს ავიდნენ და კანი ბოლომდე ამაჭრეს, ხელი აიქნიეს და ტყავი თავზე ფხრიწინით გადამაძრეს, ერთმა მუჭით ჩაბღუჯა ჩემი თმა, ზემოთ ასწია და დაიყვირა: „ეს და უარესი მოუვა მას, ვინც არ დაგვემორჩილება და პარტიზანებს შეიფარებს“.
მახსოვს, როცა ამ ამბავს იხსენებდა, კაცი თრთოდა. შუახნის კაცი იქნებოდა, ასე 40-45 წლისა.
ამ და სხვა ფაქტების გადაღების შემდეგ უკვე უკან დაბრუნების დრო მოახლოვდა. რაც უფრო მეტი ადამიანი მხედავდა, მით უფრო იზრდებოდა გაცემის შანსი. როგორც ადგილობრივები მეუბნებოდნენ, აფხაზურ მხარესთან შინაგამცემებიც თანამშრომლობდნენ, ამიტომ მათთვის უნდა დაესწროთ და სანამ პოტენციური გამცემი გალში ამბავს წაიღებდა, სოფლებში ჟურნალისტი დადის კამერითო, მანამდე უნდა მოეხერხებინათ ჩემი დაბრუნება ზუგდიდის რაიონში.
საბოლოოდ, ასეც მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობის სითბო, ყურადღება და გულისხმიერება ამ დრომდე მახსოვს და არც არასდროს დამავიწყდება.
კადრები, როგორც მტკიცებულება, დაბრუნების შემდეგ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს გადავეცი. ისინი თან დაერთო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართული მხარის მიერ წარდგენილ მასალებს. ეთნოწმენდის ფაქტები დაადასტურეს ასევე გაეროს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმაც, რომელთა თვალწინაც ფეხქვეშ ითელებოდა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები, პირველ რიგში კი, სიცოცხლის უფლება.
კადრების გავრცელების შემდეგ "ტვ ოდიში" და პირადად მე აფხაზურმა მხარემ შავ სიაში შეგვიყვანა და როცა ამ გადაღებებიდან ცოტა ხანში ჭუბურხინჯის ოთხმხრივ მოლაპარაკებებზე გადამღები ჯგუფით მივედი, იმ დროს გალის მილიციის უფროსმა რუსლან ქიშმარიამ (ე.წ. თავდაცვის მინისტრის მერაბ ქიშმარიას ძმამ) „აფხაზი ხალხის დაუძინებელი მტერი“ მიწოდა და იქვე ჩემი დაპატიმრება მოითხოვა, თუმცა ეს სკანდალი არ შედგა, რადგან ქართული მედიის წარმომადგენლებმა წრეში მომაქციეს და ისე გამიყვანეს სამშვიდობოს, ჩართული კამერებით. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დაპატიმრების წინააღმდეგი იყვნენ იქ მყოფი რუსი და აფხაზი ჟურნალისტებიც.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, 1994 წლის თებერვალში გალის რაიონში ასობით ადგილობრივი ქართველი იქნა მოკლული. ისინი, ვისაც წმენდა არ შეეხო, შეშინდნენ და ისევ აიყარნენ თავიანთი ბუდეებიდან, რის გამოც მივიღეთ დევნილთა ახალი, დიდი ნაკადი ზუგდიდსა და დანარჩენ საქართველოში.
იმ მიზნით, რომ დევნილებს უკან დასაბრუნებელი მოტივაცია არ ჰქონოდათ, იმ პერიოდში გალის რაიონის სოფლებში 4 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გადაწვეს. თითქმის თებერვლის ბოლომდე გალის რაიონის თავზე ცა შავი იყო, მიწაზე კი მჭვარტლი იყრებოდა…


.webp&w=1920&q=75)

