შსს - მ ირანელი აქტივისტის, მოჰამად მაჰდი რაჰიმიანის დაკავება დაადასტურა
უწყებაში განმარტავენ, რომ რაჰიმიანი უკანონოდაა საქართველოში, რაც მისი დაკავების საფუძველი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ირანელ აქტივისტს უფლება აქვს, „ნებაყოფლობით დატოვოს საქართველო“ - როგორც ირანის, ისე მესამე ქვეყნის მიმართულებით.
შსს აცხადებს, რომ აქტივისტის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო, რადგან მას საქართველოში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
მიგრაციის დეპარტამენტმა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შეისწავლა აღნიშნული პირის საქმე და 2024 წლის 16 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული გადაწყვეტილება პირმა სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა სრულად გაიზიარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია და ძალაში დატოვეს მიღებული გადაწყვეტილება.
მოჰამად მაჰდი რაჰიმიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია წუხელ გავრცელდა. მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ირანში გაძევების შემთხვევაში რაჰიმიანის სიცოცხლეს შეექმნება „რეალური და მყისიერი საფრთხე“.




