შეკვეთილი მკვლელობები, ტრანსნაციონალური დანაშაული, ქურდული სამყარო
„Vor v zakone“ - ტერმინი, რომლითაც FBI-მ კრიმინალს ომი გამოუცხადა. „სანდო წყაროს“ მოპოვებული მასალები ააშკარავებს, თუ როგორ ატერორებს კლანი რეგიონებს
არც განგსტერი, არც მაფიოზი და არც ინგლისური „thief in law“- ნიუ-იორკის პროკურატურის ოფიციალურ საგამოძიებო დოკუმენტში ლათინური ასოებით პირდაპირ წერია "Razden shulaia - vor v zakone“. სწორედ ამ პრეცედენტით დაიწყო ამერიკის ისტორიაში ქართველი კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ ყველაზე ხმაურიანი პროცესი, რომელსაც სათავეში რაჟდენ შულაია ედგა.
2017 წლის ივნისში FBI-მა და ნიუ-იორკის პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს, რა დროსაც 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დანაშაულებრივი სინდიკატის სათავეში სწორედ რაჟდენ შულაია იდგა, რომელსაც FBI-ისა და ნიუ-იორკის პროკურატურის ოფიციალურ პრესრელიზებში სინდიკატის „ნათლია“ უწოდეს.

ამერიკელი პროკურორების განცხადებით, ეს არ იყო უბრალო ბანდა - ეს იყო კარგად ორგანიზებული, ტრანსნაციონალური კრიმინალური ქსელი, რომელიც ნიუ-იორკიდან ფლორიდამდე, ნიუ-ჯერსიდან ნევადამდე ოპერირებდა. არალეგალური კაზინოები, ნარკოტიკები, მილიონობით დოლარის ღირებულების ტვირთების ძარცვა, ექიმების მოქრთამვა და ძალადობრივი გამოძალვა - მოკლედ, შულაიას სინდიკატი ამერიკულ მიწაზე პოსტსაბჭოთა „ქურდული სამყაროს“ წესების დამკვიდრებას ცდილობდა.
საქმე კიდევ უფრო რეზონანსული მაშინ გახდა, როდესაც დაკავებულებს შორის ცნობილი ქართველი პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე, მეტსახელად „ჩაქუჩა“ და სპორტსმენი ლევან მაყაშვილი აღმოჩნდნენ. დაკავებულებს შორის 15 ქართველი იყო.
UFC-ის მებრძოლი ლევან მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ადვოკატმა გამოძიებას დაუმტკიცა, რომ მისი დაკავება შეცდომა იყო.
ამერიკული გამოძიების ვერსიით, „ჩაქუჩა“ შულაიას დაჯგუფების მთავარი „მუშტი“ იყო. ბრალდების მიხედვით, სპორტსმენი უშუალოდ მონაწილეობდა იმ ადამიანების ცემასა და დაშინებაში, ვინც სინდიკატს ფულს არ უხდიდა ან „ქურდულ კანონებს“ ეწინააღმდეგებოდა. საქმეს მთავარ მტკიცებულებად დაერთო ფარული ვიდეოჩანაწერებიც, სადაც ხურციძის მიერ განხორციელებული ძალადობა იყო ასახული.
დაკავებიდან მალევე, ბრუკლინის ციხეში, რაჟდენ შულაიასა და ავთანდილ ხურციძეს სხვა პატიმრებთან დაპირისპირება მოუვიდათ, რა დროსაც ორივე მათგანი დაჭრეს.
2018 წელს ამერიკულმა სასამართლომ რაჟდენ შულაიას 45 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ავთანდილ ხურციძეს („ჩაქუჩას“) - 10 წელი. „ჩაქუჩამ“ სასჯელის ნაწილი მოიხადა, ციხე ვადაზე ადრე დატოვა.

ეს იყო პრეცედენტი, რომლითაც ამერიკამ აჩვენა, რომ „კანონიერი ქურდების“ წესები ამერიკული მართლმსაჯულებისთვის უძლურია. აშშ-მა ეს ბრძოლა მომდევნო წლებშიც გააგრძელა. მაგალითად, 2024 წელს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ვაჟა გაბადაძეც, იგივე „ვაჟა ქუთაისკი“ პირდაპირ მოიხსენიეს ტერმინით „vor v zakone“.
ვაჟა გაბადაძესთან ერთად კიდევ 3 ქართველი დააკავეს: თეიმურაზ თავბერიძე, კახა კაცაძე და დავით წიკარაძე.
გამოძიების მასალებით, გაბადაძე და მისი თანამზრახველები ტრანსნაციონალურ გამოძალვას ახორციელებდნენ. ისინი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და „ქურდული სამყაროს“ სახელით ემუქრებოდნენ ამერიკაში მცხოვრებ ქართველ მიგრანტებს და აიძულებდნენ, ათასობით დოლარი გადაეხადათ.
შულაიას 45-წლიანი განაჩენისგან განსხვავებით, „ვაჟა ქუთაისკიმ“ აღიარებითი შეთანხმების საფუძველზე შედარებით მსუბუქი სასჯელი 30-თვიანი პატიმრობა მიიღო. სასჯელის მოხდისთანავე მას აშშ-იდან დეპორტაცია და ქვეყანაში შესვლის სამუდამო აკრძალვა ელოდება.
ასეთ დროს, საქართველო ვალდებულია, დეპორტირებული საკუთარი მოქალაქე ქვეყანაში მიიღოს. თუმცა, ვინაიდან საქართველოში დასჯადია „კანონიერი ქურდობა“ და ქურდული სამყაროს წევრობა, სამშობლოში დაბრუნება „ვაჟა ქუთაისკისთვის“ თავისუფლებას სულაც არ ნიშნავს. მას, სავარაუდოდ, თბილისის აეროპორტშივე დახვდებიან ქართველი სამართალდამცავები, სადაც „კანონიერი ქურდობის“ მუხლით ახალი, პატიმრობა ელის.
მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ეთნიკურად აზერბაიჯანელს, საქართველოს მოქალაქეს, ფოლად ომაროვს („ფოლადას“) 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეერთებული შტატების გამოძიება მას შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებასა და ნახევარი მილიონი დოლარის გათეთრებას ედავებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, ირანის სპეცსამსახურებმა ამერიკულ მიწაზე ევრაზიული კრიმინალური დაჯგუფების წევრები - ფოლადა და რაფათ ამიროვი დაიქირავეს. მათ ირანული რეჟიმის აქტიური კრიტიკოსის, ცნობილი უფლებადამცველისა და ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჯადის ლიკვიდაცია ევალებოდათ.

ჟურნალისტის მკვლელობა ჯერ კიდევ 2022 წელს ნიუ-იორკში, თავისივე საცხოვრებელ სახლთან იგეგმებოდა, თუმცა გეგმა ჩავარდა.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ირანის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა და მათმა კონტროლირებულმა პირებმა 2020 და 2021 წლებში ორჯერ სცადეს აქტივისტისა და ამერიკელ-ირანელი ჟურნალისტის გატაცება შტატებიდან, თუმცა წარუმატებლად. ამის შემდეგ „გუშაგთა კორპუსმა“ ორ ადამიანს დაავალა, ეპოვათ ჟურნალისტის ადგილსამყოფელი, ეთვალთვალათ და მოეკლათ ის.
გამოძიების ინფორმაციით, 2022 წელს ახლა უკვე მსჯავრდებულებს შტატებში ჰყავდათ დაჯგუფების წევრი, რომელიც ჟურნალისტის სახლს უთვალთვალებდა; სწორედ ის უნდა ყოფილიყო ადამიანი, ვინც აქტივისტს მოკლავდა. მას ჩაურიცხეს იარაღის საყიდელი ფულიც. ფედერალური ბიუროს მასალების მიხედვით, 27 ივლისს ქილერმა ფოლადას უთრა: „ყველაფერი დღეს დასრულდება“. 28-ში მან დამკვეთს ფოტოები გაუგზავნა. საბოლოოდ კი, როდესაც კაცი სახლთან მივიდა, პოლიციამ სრულიად შემთხვევით, საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა, გაჩხრიკა და მანქანაში კალაშნიკოვი აღმოაჩინა.
ფოლად ომაროვი კი 2023 წელს, პრაღაში დიდი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, შემდეგ კი მისი ექსტრადირება ამერიკაში მოხდა. 2025 წელს მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ფოლად ომაროვი, იგივე „ფოლადა“ წარმოშობით საქართველოს ქალაქ დმანისიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი კრიმინალური საქმიანობა და რეზონანსული დანაშაულები რუსეთში, უკრაინაში, თურქეთსა და აშშ-შია ჩადენილი და საზღვარგარეთ ფიქსირდება, მას და მის კლანს საქართველოსთან დიდი გავლენები აქვთ.
ფოლად ომაროვი თურქეთში მოკლული დმანისელი „კანონიერი ქურდის“, ნადირ სალიფოვის, იმავე „ლოტუ გულის“ ბიძაშვილია.

ნადირ სალიფოვის, იგივე „ლოტუ გულის“ გავლენები საქართველოში განსაკუთრებით დიდი იყო. ის აკონტროლებდა ხილ-ბოსტნეულის ბიზნესსა და მსხვილ ბაზრობებს, მათ შორის „ლილოს ბაზრობას“.
ფოლადამ ნათესავის სიკვდილის შემდეგ გადაიბარა ოჯახის გავლენა და კლანის მემკვიდრეობაც მიიღო. მისი დავალებით "ლილოს" კონტროლი ელმურაზ მამედოვს ჩაბარდა. სწორედ საშიში კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზი თხოვდა ლილოს მოვაჭრეებს ქურდული საერთოსთვის თანხას, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი მან 2023 წლის აგვისტოში მკვლელობა დაუკვეთა. ბიზნესმენი კაცი, საკუთარი მაღაზიის წინ, უამრავი ადამიანის თვალწინ მოკლეს.

მამედოვი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაიბადა, ის ეთნიკურად აზერბაიჯანელია. მან საქართველო 2018 წელს დატოვა და საცხოვრებლად პოლონეთში გადავიდა. 2021 წელს უკრაინაში ჩადენილი მკვლელობისთვის მასზე ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა.

2026 წლის 4 იანვარს მარნეულის ბაზარში მამა-შვილს თავს დაესხნენ. დღის სამ საათზე ახალგაზრდა მამაკაცი მარნეულის ბაზრის შესასვლელთან ჩანთით ხელში მიდის და ყავას პატარა კაფეში უკვეთავს. რამდენიმე წუთით ყოვნდება და ბაზრისკენ გზას აგრძელებს. მაღაზიაში შესული ახალგაზრდა ვიდეოზარით ვიღაცას ესაუბრება. ის კამერას ხვიჩა ბაირამოვისკენ ატრიალებს და კითხულობს: „ეს არის?“. დადებითი პასუხის შემდეგ ის მაღაზიაში მამა-შვილს ცეცხლს უხსნის - თავდამსხმელმა ორი გასროლით 27 წლის ბიჭი ადგილზე მოკლა.
თამაზ ბაირამოვის გამოკითხვის ოქმი: „ამოიღო პისტოლეტი და ჩემი შვილის მიმართულებით ერთიმეორის მიყოლებით ორჯერ გაისროლა. ჩემი შვილი იატაკზე დაეცა. უნდოდა მაღაზიიდან გასვლა, მაგრამ მე მაშინვე წამოვდეკი და მისკენ დავიძარე. მე მას მაღაზიის კართან დავეწიე. მან ისე მესროლა, რომ ჩემკენ არ შემოტრიალებულა. ერთხელ ისროლა და გაიქცა. მე მას დავედევნე, მაგრამ მეორედ მესროლა. იქვე წავიქეცი, მუცლიდან მომდიოდა სისხლი. მიუხედავად ტკივილისა, მალევე წამოვდეკი და დავბრუნდი მაღაზიაში, რათა ჩემს შვილს დავხმარებოდი. ის შიგნით, იატაკზე ეგდო, ირგვლივ სულ სისხლი იყო და იძახდა: „მამა, მიშველე, ვკვდები!“
მალევე გავრცელდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ გარბის ბაზრის ტერიტორიაზე შეიარაღებული მამაკაცი. საქმის მასალების მიხედვით, რომელიც „სანდო წყარომ“ მოიპოვა, ეჭვმიტანილმა დანაშაულის ჩადენამდე ყავა ბაზართან ახლოს, კაფეში დალია, ობიექტში ზურგჩანთით მივიდა, სადაც მისი პასპორტი იდო. პოლიციამ იმავე დღეს გაიგო, რომ სასტიკი მკვლელობის ჩმდენი 26 წლის ელმირ ნაბიევი იყო. ახალგაზრდა კაცი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა, მაგრამ ის მესაზღვრეებმა საზღვრის გადაკვეთის მომენტში დააკავეს. მას სასამართლო განხილვის შედეგად უვადო პატიმრობა მიესაჯა.
თამაზ ბაირამოვის გამოკითხვის ოქმი: „ჩემი აზრით, „ფოლადამ“ სპეციალურად მოაგზავნა მკვლელი, რომელმაც მე და შვილი დაგვჭრა. ამით მან ორივე დაგვსაჯა.“
გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მკვლელობამდე ექვსი დღით ადრე მამა-შვილს უცხო ქვეყნის ნომრიდან დაურეკეს და „ქურდული საერთოსთვის“ ფული მოსთხოვეს. მსგავსი მუქარები წარსულშიც იყო: ერთ-ერთი ზარის დროს ინიციატორმა თქვა, რომ ის კრიმინალური ავტორიტეტი ფოლადა იყო. ოჯახში ზარები ფოლადას გარემოცვის წევრებისგანაც შედიოდა.
თამაზ ბაირამოვის გამოკითხვის ოქმი: „დამიკავშირდა უცხოური ნომრიდან ვიღაც კაცი, რომელმაც მითხრა, რომ იყო კრიმინალური ავტორიტეტის „ფოლადას“ ძმაკაცი და მისი დავალებით მირეკავდა. საუბრის დროს მამაკაცმა მითხრა, რომ მისთვის და „ფოლადასთვის“ უნდა გადამეხადა ჩემი ბიზნესიდან მიღებული ფულის წილი - 6 000 დოლარი. მან მითხრა, რომ მქონდა ბიზნესი, შემოსავალი და ვალდებული ვიყავი, „კანონიერი ქურდებისთვის“ ყოველთვიურად მეხადა ფული.“
ჩვენების თანახმად, თამაზ ბაირამოვს პერიოდულად სხვადასხვა პირი „ფოლადას“ სახელით ურეკავდა და თანხას სთხოვდა, კაცი უარს ეუბნებოდა. პოლიციისთვის მას არასდროს მიუმართავს - ეშინოდა, რომ ფოლადას ხალხი შურს იძიებდა და ოჯახს დაუშავებდა რამეს.
მკვლელობიდან 21 დღეში მოკლულის ბიძას ელმურაზ მამედოვმა პირადად დაურეკა, მკვლელობა აღიარა, ოჯახს დაემუქრა და 240 ათასი დოლარი მოსთხოვა.
გიორგი ყურბანოვის გამოკითხვის ოქმი: „...მე ვარ ელმურაზი, თქვენ ესეიგი ქუჩა ვერ ისწავლეთ, მაინცდამაინც მთელი ოჯახი უნდა ამოგწყვიტოთ თუ რა გინდათ. მე შენ გეუბნები, რომ ზუსტად 240 000 ამერიკული დოლარი უნდა მომიტანოო. მე მას ვუთხარი, რომ არ მქონდა ხსენებული თანხა და როგორ შევძლებდი მის გადახდას. თბილისში 27 სახლი გაქვსო და ერთ-ერთი გაყიდეო. ღმერთს გეფიცები, ერთი სახლის გარდა მე სხვა სახლი არ მაქვს-მეთქი. მიპასუხა, ან მოგკლავ ან ფულს ავიღებო. ჩემი დისშვილი შენ მოკალი, მე არ მაინტერესებსო, მე გეუბნები და დაფიქრდი, ახლა თავი დაიცავიო. ელმურაზ მამედოვი დამემუქრა, თუ მე მას თანხას არ გადავუხდიდი, მომკლავდა, როგორც მე, ასევე მომიკლავდა ოჯახის წევრებს...“
ამ ჩვენების შემდეგ შსს-მ მთელი ოჯახი სპეციალური დაცვის პროგრამაში გადაიყვანა.
საქმის მასალებით კავშირი ქილერსა და „ფოლადას“ კლანის წევრ ელმურაზ მამედოვს შორის მალევე დადასტურდა. მკვლელობაში ბრალდებულს შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ლილოში მაღაზიების მფლობელმა კაცმა 5 300 ლარი ჩაურიცხა. მოწმემ აღიარა, რომ ეს თანხა მას სწორედ ელმურაზ მამედოვმა მოსთხოვა და უცნობი პირის ანგარიშზე ჩაარიცხინა.
ბახდიარ ორუჯოვის გამოკითხვის ოქმი: ელმურაზ მამედოვმა ვიდეოზარით დამირეკა, კადრში მარტო ჩანდა. მითხრა, რომ თუ თანხას არ გადავუხდიდი, ჩემს შვილს მოკლავდა. ასევე კატეგორიულად გამაფრთხილა და შემახსენა: „შენ ერთხელ ჩემი მოთხოვნა, ორი წლის წინ, არ შეასრულე და მანქანა ხომ დაგიწვი, ჭკუა ვერ გისწავლიაო და ახლა ოჯახს გადაგიწვავო“.
ამ ჩვენების მიხედვით, ბიზნესმენმა კაცმა ფული ელმურაზ მამედოვს ქურდული საერთოსთვის ჩაურიცხა, რადგან ის ემუქრებოდა. გამოძიებით დასტურდება, რომ ელმურაზ მამედოვის ბრძანებით მას მანქანა 2022 წელს დაუწვეს, რადგან ამ შემთხვევაშიც ლილოს მოვაჭრეს ფული ქურდული საერთოსთვის მოსთხოვეს, კაცმა კი მუქარის მიუხედავად მოთხოვნა არ შეასრულა.

მანქანების დაწვა და საცხოვრებელ სახლებში ყუმბარების შეგდება მარნეულში, გარდაბანსა და კახეთში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ერთ-ერთ ეპიზოდში, ელმურაზ მამედოვის დაკვეთით, ორმა შეიარაღებულმა პირმა ეზოში შეპარვით მანქანა აფეთქა. დაზარალებული ბიზნესმენი მედიასთან ყვებოდა, რომ ის რეკეტის მსხვერპლი იყო. ინციდენტიდან მეორე დღეს მამედოვმა მას კვლავ დაურეკა, ფული მოსთხოვა და ოჯახის უსაფრთხოებით დაემუქრა.
ელმურაზ მამედოვი არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. 2025 წლის სექტემბერში მან მარნეულელ ბიზნესმენს თურქეთში 50 000 დოლარის ჩატანა მოსთხოვა. უარის შემდეგ, 10 ათასი დოლარის სანაცვლოდ, ბიზნესმენის მაღაზია დაცხრილეს. პოლიციამ თავდასხმაში მონაწილეები დააკავა.
ამავე წელს პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ელმურაზ მამედოვის დავალებით სოფელ კაბალში მკვლელობას გეგმავდა. ამ შემთხვევაშიც ბიზნესმენმა მამედოვის მიერ დაშინებით მოთხოვნილ 200 000 დოლარზე უარი განაცხადა.
ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება: „ელმურაზი ვოთსაფით მეკონტაქტებოდა. სასტუმრო მიქირავა. მითხრა, რომ კაბალში წავსულიყავი. კაცი უნდა მომეკლა. როგორც ვიცი, მაღალი კაცია და ხორცის მაღაზია აქვს. კაცისა და ობიექტის ფოტოც გამიმომგზავნა.“
ამ შემთხვევამდე ერთი წლით ადრე, ასევე ელმურაზ მამედოვის დაკვეთით, სოფელ კაბალის ბაზარში კაცი მოკლეს. მას ხორცის მაღაზია ჰქონდა და მთელმა სოფელმა იცოდა, რომ კრიმინალური ავტორიტეტი მკვლელობით ემუქრებოდა. კაბალში სხვა ბიზნესმენების მანქანებიც დაწვეს. გასულ წელს შსს-მ და სუს-მა სოფელ კაბალში სპეცოპერაცია ჩაატარეს და „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 34 პირი დააკავეს. სპეცოპერაციის დროს „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა მირზა ალიევმა სპეცრაზმს ცეცხლი გახსნა - ოჯახის თქმით, ნიღბიანები ქურდები ეგონა. ინციდენტის დროს სპეცრაზმელი დაიჭრა, ხოლო საპასუხო სროლის შედეგად თავად მირზა ალიევის ლიკვიდაცია მოხდა.
მაშინ ოჯახი პოლიციის მხრიდან გადაცდომაზე საუბრობდა - ძალადობის კვალი ლიკვიდირებული კაცის შვილსაც ეტყობოდა, კედლებზე კი ორმხრივი სროლის კვალი იყო. ეს დაკავებები პირდაპირ უკავშირდებოდა საზღვარგარეთ მყოფ ელმურაზ მამედოვს, რომლის დავალებითაც ბიზნესმენებს ფულს სძალავდნენ, უარის შემთხვევაში კი უსწორდებოდნენ. მოთხოვნილი თანხები იმდენად დიდი იყო, რომ საქმეში „კანონიერი ქურდები“ ერთვებოდნენ, ბიზნესმენებსა და მოვაჭრეებს კი პოლიციისთვის არ მიუმართავთ.
მამედოვის სახლს უკავშირდება მკვლელობა კაბალშიც, ამავე სოფელში ავტომობილების დაწვა და არაერთი თავდასხმაც.
ელმურაზ მამედოვის გარემოცვის წევრების წინააღმდეგ ბოლო სპეცოპერაცია ზაფხულში ჩატარდა; მაშინ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს, ხოლო კიდევ 9 პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის იყვნენ უკვე პატიმრობაში მყოფი პირებიც. გამოდის, რომ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს არა მხოლოდ საზღვრის მიღმა, არამედ ციხიდანაც ატერორებენ. ბრალდებულები ფინანსური დავების მოსაგვარებლად „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ, სადაც საზღვარგარეთ მყოფი ელმურაზ მამედოვიც მონაწილეობდა. ისინი მოქალაქეებს ბიზნესებიდან დიდ თანხებს სძალავდნენ, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. მამედოვს, რომლის დაკვეთითაც 27 წლის ბიჭი მოკლეს, დაუსწრებლად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. წითელი ცირკულარით ძებნილი კაცის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.




