35 წლიანი დუმილი, სვანური ფიცი და აღიარება
ექსკლუზივი ჭუბერის ხეობიდან

ჭუბერის ხეობაში, მჟავეწყლისკენ მიმავალ გზაზე, ერთმანეთს ორი სახლი უყურებს. ერთში ძმები ჩხვიმიანები გაიზარდნენ, მოპირდაპირედ კი ვიბლიანის ობოლი ბავშვები. მათი თანაცხოვრების ამბავი მთელმა საქართველომ ერთი ინტერვიუდან შეიტყო, როდესაც ემიგრანტმა ნატა ვიბლიანმა ჩხვიმიანების ოჯახი პედოფილიაში, მუქარაში, გაუპატიურებასა და ძალადობაში, 35 წლის შემდეგ დაადანაშაულა.
ნატა, იხსენებს ორსულობის ეპიზოდსაც- რა დროსაც ახალშობილი გაუჩინარდა, ქალი კი წლების შემდეგ შვილის პოვნას ცდილობს. მისივე თქმით, ძალადობა ორსულობის შემდეგაც გაგრძელდა, მეტიც - მასზე ძალადობა ბაჩუკის ნებართვით სხვა კაცებმაც დაიწყეს.

„სანდო წყაროსთან“ კაცი გვიდასტურებს, რომ მოზარდ გოგოსთან ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ უარყოფს ბრალდებებს - კატეგორიულად გამორიცხავს კავშირს 9 წლის ბავშვთან და ამტკიცებს, რომ სექსუალური კავშირი კარის მეზობელთან 17 წლის ასაკში ჰქონდა. თავად ამ დროს 33 წლის კაცი იყო.
ბაჩუკი ჩხვიმიანი წლების წინ მომხდარს განსხვავებულად აღწერს. თუმცა, ფაქტია: გამოძიების დაწყების შემდეგ, ნატა ვიბლიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცავებმა მისი ბრალდებების რეალურობის საკმარისი საფუძველი დაინახეს. თავად დაზარალებული ქალი კი ამ ეპიზოდით არასრულწლოვნის გაუპატიურების მესამე შემთხვევას აღწერს.

ბაჩუკი ჩხვიმიანის თქმით, მას გაუპატიურებას წლების წინაც აბრალებდნენ. ბრალდება მას ვიბლიანის დედამ წაუყენა. მისი თქმით,ნატას დედამ დაიბარა და უთხრა, რომ მის სახლში მოზარდზე ძალადობის კვალი იყო, რის დროსაც დაპირისპირება მოხდა. ამ შემთხვევაშიც მან პასუხისმგებლობა სხვას დააკისრა.
ისტორია, რომელსაც ბაჩუკი ჩხვიმიანი იხსენებს, ნატა ვიბლიანის ყოფილ სახლში ვითარდება. ქონება ნატა ვიბლიანსა და მის ოჯახს 2001 წლამდე ეკუთვნოდა. სოფელში გვიყვებიან, რომ მაშინ, ვიბლიანებისა და გერლიანების (ნატა ვიბლიანის დედის მხარე) შეკრების შედეგად, სახლი 22 000 ლარად შეფასდა და გადაწყდა, რომ მარინა გერლიანი (ნატას დედა) ობოლი შვილებით სამეგრელოში უნდა გადასულიყო, სახლ-კარი კი ნატა ვიბლიანის ბაბუის ძმამ და მისმა ოჯახმა, შეთანხმების საფუძველზე, შეისყიდა. გასხვისების დოკუმენტს ნატა ვიბლიანის დედა და უმცროსი ძმა აწერენ ხელს. დაზარალებული ქალის თქმით, ხელმომწერი ბიჭი მაშინ არასრულწლოვანი იყო, რის გამოც სახლის გასხვისების კანონიერებაში ეჭვი შეაქვს.

ნატასა და მისი ოჯახის სახლი 2001 წელს დათუჩა და თემურ ვიბლიანებმა შეისყიდეს, ხოლო 2015 წელს ეს ქონება 15 000 დოლარად დევნილებმა : ექთანმა სალომე მაისურაძემ და მასწავლებელმა გია გურჩიანმა - შეიძინეს და სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს.
მათი ფანჯრებიდან ნამდვილად ჩანს ბაჩუკი ჩხვიმიანისა და მისი ძმების ძირძველი სახლი. წინა ფასადი, სადაც, შესაძლოა, ნატყვიარები მართლაც ყოფილიყო, დღეს შეკეთებულია. სახლი გამოძიებისთვის დანაშაულის ადგილად ითვლება, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
ამოღებულია ტყვიის გულა, რომელსაც ჩაუტარდა ბალისტიკური ექსპერტიზა. უწყებაში ამბობენ, რომ ტყვიის გულა დაზიანებულია და უშუალოდ ვერ დადგინდა მისი წარმომავლობა. სახლის ერთ კედელს ამ დრომდე უამრავი ნატყვიარი ეტყობა.
სახლის ეზოში წინაპრების 8 საფლავია, რომლებსაც გურჩიანები უვლიან. ნატა ვიბლიანის თქმით, მამის საფლავიც დანაშაულის ადგილია, ისევე როგორც საქონლის სადგომი მისივე სახლის ეზოში. ახლა უკვე ემიგრაციაში მყოფი ქალი ამტკიცებს, რომ ბავშვობაში პირველად საქონლის სადგომში გააუპატიურეს და უგონო მდგომარეობაში დატოვეს, შემდეგ კი - სასაფლაოზე, სადაც ნატა ხშირად მარტო მიდიოდა და მამას გლოვობდა. ორივე ლოკაცია მესტიის პოლიციისთვის დანაშაულის ადგილია, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
.webp&w=1920&q=75)

ბაჩუკი ჩვიმიანმა ხატზე ერთი თვის წინ დაიფიცა. გვეუბნება, რომ ფიცის დადების დროს უარყო ნატა ვიბლიანის ბრალდებები - თქვა, რომ არც სასაფლაოზე და არც საქონლის სადგომში არასრულწლოვანი არ გაუპატიურებია; უარყო ძალადობა 9 წლის ასაკში, მაგრამ დაადასტურა, რომ მასთან ურთიერთობა 16 წლის ასაკის ზემოთ ჰქონდა.

ბაჩუკი ჩხვიმიანს ფიცი ვიბლიანებთან ერთად არ დაუდია. თავადაც გვეუბნება, რომ ეს არ იყო ფიცი სვანური წესით და საკუთარი ინიციატივით შედგა. ბათუკი ჩხვიმიანის დადებულ ფიცს არ აღიარებს ბრალდებების მთავარი ავტორი დაზარალებული ნატა ვიბლიანი. ამბობს, რომ ყვეფერი სვანური წესების დარღვევით მოხდა.
რატომ დაიფიცა ხატზე ჩხვიმიანმა საკუთარი ინიციატივით და არა ვიბლიანებთან ერთად? მით უმეტეს, რომ სვანეთში „ლომორები“ არსებობს. ბაჩუკი გვეუბნება, რომ ფიცს საქმის მოგვარების სვანური მეთოდი ნამდვილად უძღვოდა - პროცესს ჰყავდა ორივე მხარის წარმომადგენელი და მედიატორიც. ვიბლიანებმა ჩხვიმიანები დაიბარეს, შემდეგ კი, განხილვის გარეშე, ემიგრანტი ქალის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, ბაჩუკი ჩხვიმიანს ცოლთან ერთად სოფლის დატოვება მოსთხოვეს. ბაჩუკიმ სოფლის დატოვებაზე უარი თქვა და საკუთარი სურვილით ფიცის დადება გადაწყვიტა.
ჩანაწერების ფრაგმენტები „სანდო წყარომ“ მოიპოვა - ჩანაწერებში ისმის უხუცესებთან საუბარი და ხატზე დაფიცებაც. არც ქართულ და არც სვანურ ენაზე ნახსენები არ არის ნატა ვიბლიანის ორსულობა. ქალი ამბობს, რომ ორსულად ბაჩუკი ჩხვიმიანისგან იყო. იგი დარწმუნებულია, რომ სამშობიაროში ბაჩუკი ჩხვიმიანი და დედამისი ერთად მოქმედებდნენ და ახალშობილიც შეთანხმებით მოიშორეს.
„სანდო წყაროსთან“ დღეს ვიბლიანი ამბობს, რომ ბავშვის მამა ჩხვიმიანი იყო, მან კი პასუხისმგებლობა იძულებით, თანასოფლელს გადააბრალა.
უსამართლობის წინაშე მარტო დარჩენილ ქალს სოფელში როგორც ნესტანს, ისე იხსენებენ. კარდაკარ სიარულისას გეფიქრება, რომ ბევრად მეტი იციან, ვიდრე საუბრობენ - ვიდრე ოდესმე უთქვამთ, ან უნდა ეთქვათ და გაეკეთებინათ. თავად ნატა მოძალადედ მხოლოდ ერთ კაცს არ ასახელებს: იხსენებს კონკრეტულ ფაქტებს, სახელებსა და გვარებს. ჩამონათვალშია ბაჩუკი ჩხვიმიანის საწოლად ჩავარდნილი ძმა, მალხაზიც. სოფელში გვეუბნებიან, რომ ის ნატას მოზარდობის დროს ციხეში იყო. კაცი „სანდო წყაროს“ ეუბნება, რომ მისი დაბრუნების დროს ვიბლიანების ოჯახი უკვე სამეგრელოში ცხოვრობდა.

როდერ ჩხვიმიანი ბაჩუკისა და მალხაზის ბიძაშვილია. ის ნატა ვიბლიანის სახლის გაყოლებაზე, რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობს. ნატამ ეს კაციც ჩვენებაში დაასახელა, მაგრამ კონკრეტულ ეპიზოდზე ჩვენთან არ საუბრობს. თავად მხხილებული კაცი ამბობს, რომ საუბარია 1997 წლის ეპიზოდზე, რა დროსაც, მისი მტკიცებით, ის ლაგოდეხში, ჯარში მსახურობდა.


დოკუმენტის მიხედვით, როდერ ჩხვიმიანმა 1997 წლის 6 თვე ჭუბერში გაატარა. თუმცა, გვეუბნება, რომ არ იცის, კონკრეტულად რა თვესა და რიცხვს ასახელებს ვიბლიანი გამოკითხვის ოქმში. დეტალებზე არ საუბრობს არც ქალის ინტერესების დამცველი, თუმცა დანამდვილებით ამბობს, რომ სოფელში რამდენიმე მოწმე ადასტურებს, რომ ვიბლიანი ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო.
ნატა ვიბლიანმა პირველად საჯაროდ, წლების შემდეგ, თამუნა მუსერიძის პოდკასტში ილაპარაკა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნატა (ნესტან) ვიბლიანის გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მის გამოსაკითხად გამომძიებლები ვარშავაში ჩავიდნენ და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს; ამოღებულია მისი და ბაჩუკი ჩხვიმიანის ნერწყვის ნიმუშებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სვანეთში გამოკითხულია 43 მოწმე. ნატა ვიბლიანს 12 აგვისტოს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
ქალი გვეუბნება, რომ ვარშავაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა და ბრძოლის გასაგრძელებლად საფრანგეთში გაემგზავრა. ბაჩუკი ჩხვიმიანი კი, რომელსაც ქალი ყველაზე მძიმე ბრალს სდებს, დარწმუნებულია, რომ სვანური სამართლის მსგავსად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშეც დარჩება.



