დაღუპული 5 თვის მუჰამედი, პანკისის ხეობა და ევროპაში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეები
ჩვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს, რას ყვებიან პანკისის ხეობაში
საცხოვრებელი სახელების ორგანიზებული გაქურდვა საფრანგეთში, მასშტაბური სპეცოპერაციები ესპანეთში და ქურდული სამყაროს იერარქიის წინააღმდეგ მიმართული საქმეები საბერძნეთში - ევროპული მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ცენტრში საქართველოს მოქალაქეები არაერთხელ მოხვედრილან.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში მყოფი ქართველების უდიდესი ნაწილი პატიოსნად შრომობს და კანონმორჩილია, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული ის სფეროა, სადაც ქართული კრიმინალური ჯგუფები ხშირად ფიგურირებენ ბრალდებულთა სიაში.
ევროპის სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშებისა და ჩატარებული სპეცოპერაციების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს ძირითადად შემდეგი მუხლებით ედავებიან:
1. ორგანიზებული ჯგუფური ქურდობა და ბინის გაქურდვა
2. ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებაში წევრობა / „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა
3. ნაქურდალი ქონების რეალიზაცია და ფულის გათეთრება
4. საზღვრის უკანონო კვეთა და დოკუმენტების გაყალბება
გარდა ქონებრივი დანაშაულებისა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ფაილებში სულ უფრო მძიმე მუხლები ჩნდება. ეს არის საქმეები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს, ოჯახურ ძალადობასა და განსაკუთრებით სისასტიკით ჩადენილ მკვლელობებს ეხება.

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული და შემზარავი ამბავი პოლონეთის ქალაქ პოზნანს უკავშირდება, სადაც 5 თვის ჩვილი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. მომხდარის შემდეგ დედა დააკავეს, ხოლო მამა მიიმალა.
დღეს სწორედ 5 თვის მუჰამადის შესახებ გიამბობთ. ასევე, მოგიყვებით იმ მამაკაცებზე, რომლებიც ევროპულ ციხეებში ფემიციდისა და საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს ამ დრომდე იხდიან.
გამოძიების ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბავშვის დედა, თამარი, მოლდოვარში იმყოფებოდა. ამ პერიოდში 5 თვის მუჰამედი პოზნანში, ნაქირავებ ბინაში, მამის- საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ქავთარაშვილისა (პანკისის ხეობიდან) და ორი მოლდოველი ნაცნობის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ზუსტად რა მოხდა ბინაში ამ პერიოდში, ჯერჯერობით უცნობია.
ტრაგედია აპრილში, პოზნანის პედიატრიულ ცენტრში განვითარდა. კლინიკაში ჩვილი დედასთან ერთად მიიყვანა მოლდოველმა მეგობარმა, ალექსანდრემ. დედამ ექიმებს მოატყუა, თითქოს ბავშვი დაეცა, თუმცა ჩატარებულმა გამოკვლევებმა სრულიად სხვა რეალობა აჩვენა.
ექიმებმა მცირეწლოვანს თავის ქალისა და ტვინის მძიმე, ქრონიკული დაზიანებები აღმოუჩინეს, რამაც დაადასტურა, რომ ბავშვზე სულ მცირე, რამდენიმე დღის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდნენ. ვინაიდან დაზიანებები ერთჯერადი დაცემის შედეგი არ იყო, ექიმების განცხადების საფუძველზე საქმეში პოლიცია ჩაერთო. ჩვილს დასჭირდა ქირურგიული ჩარევაც. ბავშვი 6 დღიანი მკურნალობის მიუხედავად გარდაიცვალა.
საეჭვო გარემოებების გამოძიება პოლონეთის პოლიციამ ბავშვის გარდაცვალებამდე დაიწყო. სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს სამი პირი: ბავშვის დედა, თამარი, და მოლდოვას ორი მოქალაქე- 21 წლის ალექსანდრე და 25 წლის ვლადიმერი. რაც შეეხება მამას, ნუგზარ ქავთარაშვილს, ის მომხდარის შემდეგ მიიმალა და მასზე ოფიციალური ძებნა 10 აპრილს გამოცხადდა.
სამივე დაკავებულს ბრალად ედება ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უშუალო საფრთხის შექმნა და აუცილებელი სამედიცინო დახმარების არ გაწევა. პოლონეთის სასამართლომ მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.
ჩვილის საავადმყოფოში მიყვანის მომენტიდან მამა მიმალვაშია. პოლონეთში გარდაცვლილი 5 თვის ბავშვის მამა 48 წლის საქართველოს მოქალაქე, პანკისელი ნუგზარ ქავთარაშვილია. მან და თამარ კ.-მ ოჯახი ორი წლის წინ შექმნეს და მას შემდეგ პოლონეთში ცხოვრობდნენ, სადაც კაცი მშენებლობაზე მუშაობდა.
პოლონეთის საგამოძიებო ორგანოები ქავთარაშვილს მცირეწლოვანი შვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უშუალო საფრთხის შექმნას, ასევე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბავშვისთვის აუცილებელი დახმარების არ გაწევას ედავებიან . მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
მომხდარის შესახებ ინფორმირმაცია აქვთ პანკისის ხეობაში. ადგილობრივები „სანდო წყაროს“ ეუბნებიან, რომ ქავთარაშვილი ხეობაში დიდი ხანია არავის უნახავს. რაც შეეხება გარდაცვლილ მუჰამედს, პოლონეთისა და საქართველოს საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლობის შედეგად, ბავშვის ცხედარი ხეობაში ჩამოასვენეს და მამის ოჯახმა დაკრძალა.
„ოჯახი წლების წინ დუისში ცხოვრობდა, შემდეგ მიწა იყიდეს და დუმასტურში გადავიდნენ. ამ ბიჭის ამბავი გავიგეთ... თავიდან ითქვა, რომ ბავშვი ძალადობის შედეგად დაიღუპაო, მაგრამ შემდეგ ამბობდნენ, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.“ - ადგილობრივი მაცხოვრებელი

„ვისი ხელიდანაც ბავშვი დაეცა, ის მოლდოველი დაკავებულია, დედა კი კახელი იყო. ბებია გვეუბნებოდა, რომ უბედური შემთხვევა იყო... ბავშვი საქართველოში ჩამოასვენეს და პანკისში დაკრძალეს.“- ადგილობრივი მაცხოვრებელი
სოფელ დუმასტურში, ქავთარაშვილების ახლად აშენებულ სახლს ვპოულობთ. კარზე კაკუნიდან მალევე კარს ახალგაზრდა ქალი აღებს, მას უკან მამაკაცი და ხანდაზმული ქალი მოყვებიან - ეს ძებნილის ოჯახია.

მათ უკვე იცოდნენ, რომ „სანდო წყარო“ ოჯახის ტრაგედიის გასაშუქებლად ხეობაში ჩავიდა. ღიად საუბარი არ სურთ. დედა გვეუბნება, რომ მარხულობს და მხოლოდ მცირე დროით ჩერდება ჩვენთან. ოჯახმა, საეჭვო ვითარებაში დაღუპული 5 წლის ბავშვის ცხედარი პოლონეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს და რელიგიისა და ტრადიციის შესაბამისი წესით დაკრძალეს.
ოჯახთან საუბრისას ვიგებთ, რომ პოლონეთში გახიზნულ ქავთარაშვილთან კონტაქტი არც ტრაგედიამდე ჰქონდათ და მომხდარის შემდეგაც მას ოჯახთან დაკავშირება არ უცდია. ბავშვის ამბავი თავადაც მედიით შეიტყვეს, მაშინ არ იცოდნენ, რომ ეს საზარელი ტრაგედია მათი ოჯახის თავს ტრიალებდა.
თამარზე საუბარი უჭირთ. ნუგზარზე, კი ფიქრობენ, რომ შვილზე არ იძალადებდა - აქვთ ნანახი კადრები, თუ როგორ უვლიდა და პატრონობდა ის საკუთარ შვილს. ამავე საუბრის დროს ირკვევა, რომ კაცს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. ოჯახის მტკიცებით, მათი ინფორმაციით, ქავთარაშვილს წარსულში არც პირველ ცოლზე და არც ბავშვებზე არასდროს უძალადია.
თუმცა, ოჯახისთვისაც ბურუსით არის მოცული მთავარი კითხვა: თუ ის უდანაშაულოა, რატომ გაექცა სამართლებრივ პასუხისმგებლობას?

პოლონეთში მომხდარი ტრაგედია ერთადერთი შემთხვევა არ არის, სადაც საქართველოს მოქალაქეები მძიმე დანაშაულში ფიგურირებენ. მსგავსი საქმეებიდან ნაწილზე სასამართლომ უვადო პატიმრობა ან მკაცრი სასჯელი განსაზღვრა - ასე მოხდა 2022 წელს გერმანიაშიც, სადაც ბერლინში ქართველმა მამაკაცმა უკრაინელი ცოლი მოკლა.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში მცხოვრები ოჯახი ბერლინში გადავიდა. 2022 წლის მიწურულს ისინი ჯერ კიდევ ბერლინის ლტოლვილთა დასახლებაში, ე.წ. კონტეინერში ორ შვილთან ერთად ცხოვრობდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, კონფლიქტი ფინანსურ ნიადაგზე დაიწყო. სახელმწიფო დახმარება ქალს ერიცხებოდა, კაცმა კი მას ფული მოსთხოვა. ჩვენებების მიხედვით, ის ამ თანხით საქართველოში წამოსვლას გეგმავდა. კამათი მალევე ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა -51 წლის ედიშერმა, რომელიც წარსულში პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, 44 წლის ალენას სამზარეულოს დიდი ზომის დანა გულში ჩაარტყა.
ერთ-ერთმა შვილმა დედის მკვლელობა საკუთარი თვალით ნახა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მეუღლეები ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ და რვა წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაქორწინებულები იყვნენ.
გერმანიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე შემთხვევის ადგილზე, ლტოლვილთა საცხოვრებელში დააკავა. საწყის ეტაპზე მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებდა და ფსიქიატრიულ შეფასებაზე უარს ამბობდა, თუმცა მოგვიანებით დანაშაული აღიარა.
ბერლინის სასამართლოში ბრალდებულის რვა გვერდიანი აღიარება ადვოკატმა წაიკითხა. გერმანული მედიის ცნობით, ჩვენების მოსმენისას ბრალდებული ტიროდა:
„არასდროს მინდოდა ჩემი ცოლის სიკვდილი. ის ჩემი ბავშვობის სიყვარული იყო,“ - ამბობდა ედიშერი და ამტკიცებდა, რომ კონფლიქტი მცირე თანხის გამო, თუმცა ოჯახში დაგროვილი უთანხმოების ფონზე დაიწყო.
სასამართლო პროცესის დასასრულს მამაკაცმა ხელში მცირეწლოვანი ქალიშვილის ფოტო ასწია. გერმანული მედიის ცნობით, იგი ჩადენილ დანაშაულს ინანიებდა და ამბობდა, რომ შვილის ნახვა სურდა.
ბერლინში მომხდარმა ოჯახურმა ტრაგედიამ ორი ბავშვი დედის გარეშე დატოვა, რომელთაგან ერთ-ერთი ამ საზარელი დანაშაულის უშუალო ოქროს მოწმე გახდა.

უვადო პატიმრობა მიესაჯა საქართველოს მოქალაქეს გერმანიის ქალაქ გერაშიც, სადაც 47 წლის კაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მგზავრების თვალწინ, ყოფილ ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქალი სამსახურში მიდიოდა. მამაკაცი ტრამვაიში ავიდა და მეუღლეს თავს მოულოდნელად დაესხა. მგზავრებმა საგანგებო ღილაკს დააჭირეს ხელი, ტრამვაის მძღოლმა კი ცეცხლის ჩაქრობა დროულად შეძლო. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა მეორე დღეს პოლიციას თავად ჩაბარდა.
თავდასხმის შედეგად ქალმა სახის, კისრისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, თუმცა დაზარალებულს რამდენიმეთვიანი მკურნალობის კურსის გავლით მძიმე რეაბილიტაცია დასჭირდა.
გამოძიებითა და სასამართლო პროცესით დადგინდა, რომ თავდასხმის მოტივი ქალის გადაწყვეტილება იყო - დაესრულებინა ქორწინება და დამოუკიდებლად ეცხოვრა. მოსამართლის შეფასებით, მამაკაცი ცოლს საკუთრებად აღიქვამდა და მისგან წასვლას ვერ ეგუებოდა.
2025 წლის 27 ნოემბერს გერას სასამართლომ საქართველოს მოქალაქე მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და დაზარალებულის სასარგებლოდ 75 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

არანაკლებ მძიმეა საბერძნეთში მომხდარი ტრაგედია, სადაც საქართველოს მოქალაქემ ყოფილი ცოლი მოკლა. თავდასხმა ათენის მახლობლად 2019 წელს მოხდა, ხოლო საქმეზე სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 2025 წელს გამოიტანა.
მკვლელობის დღეს 37 წლის ქართველმა კაცმა ორი მცირეწლოვანი შვილი სკოლაში მიიყვანა, რის შემდეგაც 29 წლის ყოფილი ცოლის საცხოვრებელ სახლში მივიდა და ქალი გაგუდა.
სასამართლომ სრულად დაადგინა, რომ მამაკაცი ქალზე სისტემატურად ძალადობდა. საქმის მასალების მიხედვით, კაცი ყოფილ ცოლს აბამდა, პირზე ლენტს უკრავდა და მასზე სხვადასხვა ფორმით სისტემატურად ძალადობდა.
ბრალდებულს საბერძნეთის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
ეს შემთხვევები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მძიმე სისხლის სამართლის საქმეებისა, რომლებშიც საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში ფიგურირებენ. სამართალდამცავი უწყებებისა და მედიის ინფორმაციით, გამოძიებები შეეხება მკვლელობებს, მკვლელობის ხელშეწყობას, შეიარაღებულ ყაჩაღობასა და ორგანიზებულ დანაშაულებს. უცნობია ოფიციალური სტატისტიკა- სად, რა მიზეზით და საქართველოს რამდენი მოქალაქეა დაკავებული.




