საბედისწერო დაშვება - გიორგი ტუხაშვილის საქმე
ბაკურიანში 35 წლის გიორგი ტუხაშვილის ტრაგიკული დაღუპვა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, გამოძიების ხარვეზები და ოჯახის პასუხგაუცემელი კითხვები
2024 წლის იანვარში გიორგი ტუხაშვილი ოჯახთან ერთად ბაკურიანში ისვენებდა. 19 იანვარს, შინ დაბრუნების წინა დღეს, მან და მისმა შვილებმა „კრისტალ ჯგუფის“ სათხილამურო ტრასაზე ხუთჯერ ისრიალეს. ყოველი ჩამოსრიალებისას გიორგი ქალიშვილებს წინ უშვებდა და თვალს არ აშორებდა. მეექვსედ კი ყველაფერი სხვაგვარად მოხდა - ამჯერად მთიდან პირველი თავად დაეშვა, შვილები კი მას რამდენიმე წამის ინტერვალით გაჰყვნენ.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, 19 იანვარს განვითარებული მოვლენების თანმიმდევრობის აღდგენა შესაძლებელია. მასალები ერთ მთლიან სურათს ქმნის და პასუხს სცემს კითხვას: რა მოხდა სათხილამურო ტრასის ბრმა ზონაში? ამავე დროს, ჩანაწერები ბევრ ახალ კითხვას აჩენს გამოძიებისა და საქმეში ფიგურანტი პირების მიმართ.
საბედისწერო დაშვებამდე მოვლენები ასე განვითარდა:
16 საათსა და 59 წუთზე გიორგი და მისი ორი ქალიშვილი საბაგიროთი მწვერვალისკენ ადიან. პარალელურად, „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის შვილები - სანდრო სტეფანიანი და მისი არასრულწლოვანი ძმა - თოვლმავლით სათხილამურო ტრასაზე შედიან და ასევე მწვერვალისკენ მიემართებიან. ეს ყველაფერი გამოძიების მასალებშია ასახული და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დასტურდება.

გამოცემა „სანდო წყარო“ საქმის მასალებს გაეცნო, რომლებშიც დასტურდება, რომ გიორგი მწვერვალიდან პირველი დაეშვა, ქალიშვილები კი მას რამდენიმე წამის ინტერვალით გაჰყვნენ.
ჩამოსრიალების დაწყებიდან ზუსტად ერთ წუთში გიორგი ტრასის შეზღუდული ხილვადობის მონაკვეთზე ძმებ სტეფანიანებს ხვდება. ამ დროს თოვლმავალი გაჩერებულია, სანდრო და მისი არასრულწლოვანი ძმა კი სათხილამურო ტრასაზე იმყოფებიან.
გიორგი უფროს სტეფანიანს გვერდს უვლის, რამდენიმე მეტრში კი მის უმცროს ძმას ხვდება და 0,7 წამში ნაწილობრივ ეჯახება. შეჯახების თავიდან აცილების მცდელობისას გიორგი მანევრს ასრულებს, წონასწორობას კარგავს, რამდენჯერმე ტრიალდება და თოვლზე ეცემა. მიღებული უმძიმესი დაზიანებები მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. არასრულწლოვანი სტეფანიანი კი წვივს იტეხს.
ძმები სტეფანიანები ამბობენ, რომ შემთხვევის მომენტში გაუნძრევლად იდგნენ, დაზარალებულის ოჯახი კი საქმეში არსებული ჩანაწერების საფუძველზე საპირისპიროს ამტკიცებს.
მიუხედავად იმისა, რომ სათვალთვალო კამერა შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ შორს არის დამონტაჟებული, კადრში შავი სილუეტების სახით მაინც იკვეთება სამი წინაღობა, რომლებიც მოთხილამურეს ხვდება - ორი ადამიანი და ერთი გაჩერებული თოვლმავალი.

ის, რომ შემთხვევა ბრმა ზონაში მოხდა, კიდევ ერთი დეტალით დასტურდება - გიორგის უკან მომავალი ქალიშვილები შეჯახების ადგილს ისე უვლიან გვერდს, რომ დაშავებულ მამასა და ადგილზე მყოფ ძმებს ვერ ამჩნევენ.
რა მოხდა შეჯახების შემდეგ?
საქმეში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, შეჯახებიდან რამდენიმე წამში შემთხვევის ადგილისკენ პირველი მაშველი მიემართება. ოთხ წუთში მას მეორე მაშველი, მისაბმელიანი სამაშველო მარხილით, მიჰყვება.
17 საათსა და 17 წუთზე შემთხვევის ადგილისკენ მიდის სტეფანიანების უფროსი ძმა, სერგო. მასთან ერთად თოვლმავლით სხვებიც მიემართებიან.
17 საათსა და 19 წუთზე უგონო მდგომარეობაში მყოფი გიორგი ტუხაშვილი სანდრო სტეფანიანთან ერთად მთიდან ჩამოჰყავთ.
ამ სურათს შემთხვევით, საკუთარი თვალით შეესწრო გიორგის უმცროსი და, რომელსაც მცირეწლოვანი ძმისშვილი ჰყავდა ჩაბარებული. ის ბავშვს უცნობ ქალს უტოვებს და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟისკენ გარბის.
ამ მომენტიდან მთელი ოჯახის ცხოვრება თავდაყირა დგება.
მძიმე ტრაგედიის დატრიალებიდან თითქმის ერთ საათში, 17 საათსა და 50 წუთზე, საბაგიროსთან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და რამდენიმე პოლიციელი ჩნდებიან. თუმცა პოლიცია ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე არ მუშაობს.
ამავე კადრებში ჩანან მთიდან დაბრუნებული რამდენიმე მაშველი და დაშავებული უმცროსი სტეფანიანი. ერთ-ერთ თოვლმავალზე გიორგი ტუხაშვილის თხილამურები დევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც მოგვიანებით დავუბრუნდებით.
მთელი ამ დროის განმავლობაში სათხილამურო ტრასაზე მოძრაობა გრძელდება. მოთხილამურეები სრიალს არ წყვეტენ, შემთხვევის ადგილი კი დამცავი ლენტით შემოსაზღვრული არ არის და საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობს.
საბაგიროც ზუსტად 17 საათსა და 56 წუთამდე შეუჩერებლად მუშაობს.
საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერები 18 საათსა და 30 წუთზე წყდება. ბოლო კადრებში შეჯახების ადგილზე მხოლოდ ერთი ადამიანი ჩანს და საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ არ არის დაწყებული.

შვილმკვდარ დედას კარგად ახსოვს, რომ მაშველებმა გიორგის პირადი ნივთები საბაგიროსთან ჩამოიტანეს.
რას აჩვენებს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და რას ამბობს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი?
სად აღმოჩნდა შემთხვევის ადგილიდან ჩამოტანილი ნივთები?
დავუბრუნდეთ 17 საათსა და 50 წუთზე გადაღებულ კადრებს, სადაც ერთ-ერთ თოვლმავალზე გიორგის თხილამურები აწყვია. ეს კადრები ადასტურებს, რომ პოლიციის მისვლამდე გიორგის თხილამურები შემთხვევის ადგილიდან უკვე ჩამოტანილი იყო.
თუმცა მოგვიანებით, 19 საათსა და 20 წუთზე, თხილამურები კვლავ ჩნდება. ვიდეომასალაში, სავარაუდოდ, „კრისტალ ჯგუფის“ წარმომადგენელი თოვლმავლიდან გიორგი ტუხაშვილის თხილამურსა და ერთ სათხილამურო ჯოხს იღებს და სხვა პირს გადასცემს. ვის - კადრში არ ჩანს.
საქმის მასალების მიხედვით, მეორე სათხილამურო ჯოხი მაშველმა წვივმოტეხილ სტეფანიანს ფეხზე დაუმაგრა, დაზიანებული კიდურის დროებით დასაფიქსირებლად.
ალბათ გაინტერესებთ, სად აღმოჩნდა თხილამური, რომელიც მაშველმა უცნობ პირს გადასცა.
საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, თითქმის სამი საათის დაგვიანებით, 20 საათსა და 40 წუთზე, გამომძიებელი ლაშა გოგოლაძე იწყებს. პროცესი ერთი საათის განმავლობაში გრძელდება.
დათვალიერების ოქმის მიხედვით, პოლიციას გიორგის თხილამურები, ჯოხების გარეშე, შემთხვევის ადგილზე ხვდება.
ამასთან, მეორე სათხილამურო ჯოხი, რომელიც თხილამურთან ერთად ჩამოიტანეს და შემდეგ უცნობ პირს გადასცეს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში საერთოდ არ არის ნახსენები.
როგორ აღმოჩნდა შემთხვევის ადგილიდან ჩამოტანილი ნივთი კვლავ ტრასაზე? ვინ მიიტანა ის შემთხვევის ადგილზე და იცოდა თუ არა გამომძიებელმა ლაშა გოგოლაძემ ნივთის გადაადგილების შესახებ? - უცნობია.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ბაკურიანის პოლიციის გამომძიებელი ლაშა გოგოლაძე არ აკონკრეტებს სათხილამურო ტრასის სიგანეს. დოკუმენტში ასევე სათანადოდ არ არის აღწერილი, არსებობდა თუ არა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ დამცავი ჯებირები და იყო თუ არა კლდოვან მონაკვეთზე ქვათაცვენისგან დამცავი ბადე.
არადა, ტრასის სიგანეს, რელიეფსა და ხილვადობას შეჯახების გარემოებების დასადგენად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სათხილამურო ტრასის სიგანე დაახლოებით 16 მეტრი იყო, მაშინ როდესაც, მითითებული საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, შესაბამისი კატეგორიის ტრასის მინიმალური სიგანე 30-დან 60 მეტრამდე უნდა შეადგენდეს.
ეს ნიშნავს, რომ ტრასა მითითებულ მინიმალურ მაჩვენებელზე 14 მეტრით ვიწრო იყო.
ერთ მხარეს კლდოვანი ფერდობი, მეორე მხარეს კი ხრამი მდებარეობდა. ოჯახის ადვოკატების განცხადებით, შესაბამის მონაკვეთზე დამცავი ჯებირები არ არსებობდა.
შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება, ტრასა უფრო განიერი და სათანადოდ დაცული რომ ყოფილიყო? რამდენად შეუწყო ხელი შეჯახებას იმ გარემოებამ, რომ გიორგი ვიწრო მონაკვეთზე ერთდროულად სამი წინაღობის წინაშე აღმოჩნდა?
მნიშვნელოვანია ტრასის თავდაპირველი მდგომარეობის ტექნიკური შეფასება. თუმცა ტრაგედიიდან დაახლოებით რვა თვის შემდეგ „კრისტალ ჯგუფმა“ სათხილამურო ტრასის გაფართოება დაიწყო.
ტრასა, რომელზეც 35 წლის კაცი დაიღუპა, იმ ინფრასტრუქტურის ნაწილია, რომლის უკანონო მშენებლობასაც პროკურატურა „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელ ვლადიმერ სტეფანიანს ედავება.
როგორ ფუნქციონირებდა ობიექტი წლების განმავლობაში სახელმწიფო კონტროლის გარეშე?
გასულ წელს ბიზნესმენი ბაკურიანში განაშენიანების გეგმის დარღვევით სასტუმროების, საბაგიროსა და სათხილამურო ტრასების მშენებლობის ბრალდებით დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ვლადიმერ სტეფანიანი ბაკურიანის განაშენიანების გეგმის დარღვევით აშენებდა სათხილამურო ტრასებს, ჩეხავდა ტყეს და ამუშავებდა კლდოვან მასივებს.
ბიზნესმენს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა გადაწყვეტილებამდე სასამართლომ ის 2 მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ტერიტორია, სადაც „კრისტალ ჯგუფის“ კომპლექსი ფუნქციონირებს, სახელმწიფოს ეკუთვნის, ხოლო ტრასა ბაკურიანის განაშენიანების გეგმაში დღემდე არ არის ასახული.
უკანონოდ აშენებულ სათხილამურო ტრასაზე უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევის ფაქტიც იკვეთება - ძმები სტეფანიანების თოვლმავლით მოქმედ სათხილამურო ტრასაზე შესვლა და მისი გაჩერება.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის, 2016 წლის ბრძანებით დადგენილი უსაფრთხოების წესების მიხედვით, სპეციალური ტექნიკის გადაადგილება შესაბამისი ზომების დაცვას მოითხოვს.
ოჯახის ადვოკატების განცხადებით, თოვლმავალს გამაფრთხილებელი ციმციმა სიგნალი არ ჰქონდა, ტრასა არ გადაკეტილა და მოთხილამურეთა მოძრაობა არ შეჩერებულა, რაც სათხილამურო ტრასაზე თოვლმავლის გადაადგილების შემთხვევაში აუცილებელია.
ვინ დაუშვა თოვლმავალი მოქმედ ტრასაზე უსაფრთხოების ზომების გარეშე და ვინ იყო პასუხისმგებელი მოთხილამურეთა უსაფრთხოებაზე? - ეს კითხვებიც პასუხგაუცემელია.
გიორგი ტუხაშვილის გარდაცვალებამდე ახალი სათხილამურო გზა სტეფანიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საზეიმოდ გახსნა.

იცოდნენ თუ არა მთავრობის წარმომადგენლებმა შესაძლო დარღვევების შესახებ და რატომ არ მოჰყვა მათ დროული რეაგირება?
ამ კითხვებს კიდევ უფრო ამძაფრებს გიორგი ტუხაშვილის გარდაცვალების საქმე, რომლის გამოძიებაც თითქმის სამი წელია თაროზეა შემოდებული.
ჩნდება ეჭვი, რომ სახელმწიფო მიწაზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და სათხილამურო ინფრასტრუქტურის მშენებლობა გავლენიანი პირების ხელშეწყობის გარეშე ვერ განხორციელდებოდა.
იყო თუ არა ამ პროცესში ჩართული მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი? და თუ სტეფანიანი პოლიტიკური მფარველობით სარგებლობდა, ვინ უზრუნველყოფს მის გავლენებს დღეს, როდესაც ყოფილი პრემიერი თავადაც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა?
„სანდო წყარო“ სტეფანიანების ოჯახთან დაკავშირებას შეეცადა. ვლადიმერ სტეფანიანმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა. მისმა უფროსმა შვილმა, სერგომ კი განაცხადა, რომ ოჯახი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ჩვენებები უკვე მისცეს. სხვა კითხვებზე პასუხისგან თავი შეიკავა და არც ადვოკატთან დაგვაკავშირა.
გიორგი ტუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თითქმის სამი წელია სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობს. ოჯახის ადვოკატები კი საქმის გადაკვალიფიცირებას უშედეგოდ ითხოვენ.
„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“ - დედის უკანასკნელი მოგონება
გიორგი ტუხაშვილი ტექნოლოგიების სფეროში მუშაობდა. მან დააფუძნა ქართული სტარტაპი „კერნელი“ და წლების განმავლობაში დამწყებ მეწარმეებს საკუთარი იდეების განხორციელებასა და ახალი კომპანიების შექმნაში ეხმარებოდა.
მას მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.
ოჯახისთვის კი დღემდე პასუხგაუცემელია კითხვები იმ დღის შესახებ, რომელმაც მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.


დედა შვილთან უკანასკნელი საუბრის დეტალებს იხსენებს.
გიორგი ტუხაშვილი 2024 წლის 19 იანვარს, 35 წლის ასაკში, ბაკურიანში, „კრისტალის“ სათხილამურო ტრასაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
სიცოცხლის ბოლო წუთები მან შვილებთან ერთად გაატარა.




