საქართველოს ფოსტაში საგამოძიებო სამსახური შევიდა
ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა არ დააკონკრეტა, როდის დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქართველოს ფოსტაში შევიდა. ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ადგილზე "გამოძიება მიმდინარეობს", თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ, როდის დაიწყო ის.
უწყებაში უპასუხოდ დატოვეს BMG-ის კითხვები, კონკრეტულად რას და რა პერიოდს შეეხება გამოძიება; ასევე, საქმეში ფიგურირებს თუ არა "საქართველოს ფოსტის" ყოფილი დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.
ირაკლი კობახიძემ გუშინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ "[საქართველოს ფოსტაში] შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო". ამაზე იმ დროს ისაუბრა, როდესაც სახელმწიფო კომპანიის მიმდინარე მენეჯმენტის საქმიანობა დადებითად შეაფასა და იქვე დასძინა: "შუამავალ კომპანიებში გატანილი იყო მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ".
"საქართველოს ფოსტაში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს საქართველოს ფოსტა გადიოდა წაგებაზე. წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც საქართველოს ფოსტა გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი. 2,5 მლნ ლარი დაიზოგა მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციის შედეგად. 1,1 მლნ ლარი დაიზოგა წამგებიანი სერვის-ცენტრების ოპტიმიზაციის შედეგად. ასევე, იყო შუამავალ კომპანიებში გატანილი მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ. შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი სერვისები. ეს სერვისები დაბრუნდა საქართველოს ფოსტაში და ამის შედეგად, საქართველოს ფოსტას“ ექნება ყოველწლიურად დამატებით 14,2 მლნ ლარის შემოსავალი. ასევე, აღდგა საჰაერო ტერმინალის ფუნქცია. ფოსტა დამატებით ამის შედეგად მიიღებს 1 მლნ 300 ათასი ლარის შემოსავალს. ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გაფორმდა საერთაშორისო კომპანიებთან. მათ შორის, თურქეთის ავიახაზებთან, ხუთ ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ამის შედეგად, 4,4 მლნ ლარით გაიზრდება საქართველოს ფოსტის შემოსავლები. ეს წელი იქნება პირველი წელი, როდესაც, საქართველოს ფოსტა გავა მოგებაზე და მომდევნო წლები იქნება კიდევ უფრო მეტად მომგებიანი, როდესაც ყველა ეს პროცესი დასრულდება. შარშან საქართველოს ფოსტამ წელი დაასრულა 7 მლნ ლარის ზარალით. წელს გვექნება მოგება და ასე გაგრძელდება პროცესები მომდევნო წლების განმავლობაშიც"
ცნობისთვის, 2025 წლის სექტემბერში გიორგი ერაძემ საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლევან ჩიკვაიძე შეცვალა, რომელიც პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.




