შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ფირცხალავამ საპატიმრო დატოვა
კორტების სპეცოპერაციის მსჯავრით დაკავებულმა შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ფირცხალავამ სასჯელი სრულად მოიხადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ფირცხალავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
სამართალდამცველებმა ფირცხალავა 2015 წლის 2 თებერვალს, 2006 წლის 2 მაისს თბილისში ჩატარებული ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დააკავეს, რომლის დროსაც ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი დაიღუპნენ. გამოძიება მას შურისძიების მოტივით სპეცოპერაციის დაგეგმვასა და მკვლელობის ორგანიზებას ედავებოდა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში), ხოლო მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ნაწილში (369-ე მუხლი) გაამართლა. საბოლოო სასჯელად მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ამავე საქმეზე პასუხისგებაში მიეცა კიდევ 11 პირი, რომლებმაც საპატიმრო დაწესებულებები სხვადასხვა დროს დატოვეს: კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ცააძე ციხიდან, პატიმრობის ვადა სრულად მოიხადა და გასულ წელს გათავისუფლდა, თბილისის სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა კობა ნაკანმა საპატიმრო დაკავებიდან 6 წელიწადში დატოვა, გამომძიებელმა ლევან ბეროძემ - 3 წელიწადში, ხოლო სპეცრაზმის თანამშრომლები, რომლებმაც გამოძიებასთან ითანამშრომლეს, მალევე გათავისუფლდნენ.
პატიმრობის პერიოდში, 2018 წელს, ფირცხალავას 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 2004 წლის 23 ნოემბრის ე.წ. ბუტა რობაქიძის საქმეზეც, სადაც გამოძიება მას და შსს-ს სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს - ზურაბ მიქაძეს, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და გურამ დონაძეს - შემთხვევის ადგილზე იარაღის მიტანასა და საქმის მასალების გაყალბებას ედავებოდა. თუმცა, უფრო მძიმე, 12-წლიანმა სასჯელმა აღნიშნული ვადა შთანთქა.
ირაკლი ფირცხალავა სასჯელს სხვადასხვა დროს ე.წ. მატროსოვის (№9), გლდანის (№8) და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიდა. საპატიმროში ყოფნისას ის პერიოდულად აქვეყნებდა საჯარო წერილებს, მათ შორის 2017 წელს ე.წ. „ციანიდის საქმის“ მთავარ მოწმე ირაკლი მამალაძესთან დაკავშირებით, ხოლო 2021 წლის ოქტომბერში, გიორგი ცააძესთან ერთად, რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში შიმშილობდა.
ფირცხალავა ორივე საქმეზე თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ კორტების სპეცოპერაცია შეიარაღებული ჯგუფის გასანეიტრალებლად ჩატარებული კანონიერი ღონისძიება იყო, მის წინააღმდეგ დაწყებული დევნა კი - პოლიტიკურად მოტივირებული.




