სასამართლომ ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანის და „კაწროს“ პატიმრობა ძალაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს გაიმართა. სასამართლო სხდომას სამივე ბრალდებული ესწრებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილისთვის, იგივე „კაწროსთვის“, შეფარდებული პატიმრობა უცვლელი დატოვა.
სამივე მათგანი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული. გადაწყვეტილებით, პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურის მოთხოვნას არ ეთანხმებოდნენ. დაცვის მხარე მიიჩნევდა, რომ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა და ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობა უნდა გაუქმებულიყო.
სასამართლო სხდომას სამივე ბრალდებული ესწრებოდა. მათ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნეს.
საქმეს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი 14 ოქტომბერს, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მათ დაზარალებულს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
სამივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




