რა მოხდა გუშინ ბათუმში
26 ნოემბერს, ბათუმში თურქული საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი გაიმართა, რაც დაპირისპირებით დასრულდა.

გუშინ, 26 ნოემბერს, ბათუმში თურქული საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი გაიმართა, რაც დაპირისპირებით დასრულდა. ადგილზე დაძაბულობა მატჩის დაწყებამდეც იყო.
დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და თურქ გულშემატკივრებს შორის - ინციდენტი როგორც ბათუმის ქუჩებში, ისე „ბათუმი არენაზე“ განვითარდა.
რა მოხდა კონკრეტულად
დაპირისპირება ქუჩაში დაიწყო - „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები ევროპის მოედნიდან სტადიონისკენ მიემართებოდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ისინი პოლიციის მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ, ისროდნენ სხვადასხვა საგანს და სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ინციდენტი სტადიონზეც გაგრძელდა - გულშემატკივრებმა დააზიანეს ინფრასტრუქტურა, დაამტვრიეს სკამები. სამართალდამცველებმა ადგილზე წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
შეხვედრის 26-ე წუთზე მსაჯმა თამაში შეაჩერა. მატჩი დაახლოებით 30 წუთის შემდეგ განახლდა და საბოლოოდ „ბეშიქთაშმა“ ანგარიშით 2:1 მოიგო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 3 პოლიციელი, ადგილზე კი 16 ადამიანი დააკავეს.
ინციდენტს პოლიტიკური კონტექსტიც ახლდა. თურქული მედიისა და ოფიციალური პირების ნაწილის მტკიცებით, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა.
თურქეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა და საფეხბურთო კლუბებმა პოლიციის მოქმედებები გააკრიტიკეს.
თუმცა, საქართველოს შსს კატეგორიულად უარყოფს, რომ დაპირისპირება პალესტინის დროშების გამო დაიწყო. უწყების მტკიცებით, ძალადობრივი ქმედებები და პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირება დროშების გამოჩენამდე დაიწყო.
საერთაშორისო გამოხმაურება ინციდენტზე
თურქეთის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგებს ესაუბრნენ. უეფამ კი განაცხადა, რომ მომხდარს შეაფასებს.
თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა. წყაროების თქმით, „თურქეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ბათუმში ქართველი სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ „ბეშიქთაშის” გულშემატკივრებთან დაკავშირებულ ვითარებას“.
ასევე, თურქეთის შს მინისტრმა ქართველ კოლეგასთან სულხან თამაზაშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა და მომხდარზე შეშფოთება გამოთქვა.
განცხადება ასევე გაავრცელა თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორმა, რომელმაც მომხდარი მკაცრად დაგმო.
„თანაგრძნობას ვუცხადებ „ბეშიქთაშის“ საზოგადოებასა და ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ამ მოვლენების გამო დაზარალდნენ. ტრიბუნებზე ჩვენი გულშემატკივრების მიმართ გამოვლენილ უსამართლობას საუკეთესო პასუხი გასცეს ჩვენმა პატივცემულმა სპორტულმა კლუბებმა - სოლიდარობის გზავნილებით, ხოლო თავად „ბეშიქთაშმა“ - მოედანზე მოპოვებული გამარჯვებით. ვულოცავ „ბეშიქთაშის“ დიდ ოჯახს“, - აღნიშნული იყო თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორის განცხადებაში.
რატომ ტარდებოდა მატჩი ბათუმში?
„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შეხვედრა თავდაპირველად სტამბოლში უნდა გამართულიყო, თუმცა მატჩის ჩატარების ადგილი უსაფრთხოების მიზეზით შეიცვალა.
უეფას 30 ოქტომბრის ოფიციალური განცხადების თანახმად, თურქეთის შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ორგანიზაციას აცნობეს, რომ ისრაელის კლუბთან შეხვედრის სტამბოლში გამართვა უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო.
უეფას ინფორმაციით, საკითხზე შესაბამის მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ მატჩი 26 ნოემბერს, საქართველოში, ბათუმის სტადიონზე ჩატარებულიყო. შეხვედრა მაყურებლის დასწრებით გაიმართა, ხოლო მისი თარიღი და დაწყების დრო არ შეცვლილა.




