პენიტენციური საია-ს განცხადებას საქმიანობაში ხელის შეშლაზე საფუძველს მოკლებულს უწოდებს
უწყება განმარტავს ციხიდან წერილების გაგზავნაზე პატიმრის უფლებებს და ამბობს, რომ ზოგ შემთხვევაში წერილების შინაარსი მოწმდება და გაგზავნა იზღუდება.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ საიას განცხადება საქმიანობაში ხელის შეშლაზე საფუძველს მოკლებულია.
გავრცელებულ განცხადებაში უწყება განმარტავს ციხიდან წერილების გაგზავნაზე პატიმრის უფლებებს და ამბობს, რომ ზოგ შემთხვევაში წერილების შინაარსი მოწმდება და გაგზავნა იზღუდება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მისი შინაარსი საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს.
ამასთან, განცხადებაში პენიტენციური წერს, რომ პატიმარს უფლება აქვს, შეუზღუდავად შეხვდეს ადვოკატს, თუმცა საკანონმდებლო აქტის არცერთი ნორმა არ განსაზღვრავს ადვოკატის უფლებას, ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ დაწესებულებიდან გამოიტანოს სხვადასხვა სახის ჩანაწერი.
„როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში არის პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე უფლებამოსილი გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს“, - წერს უწყება.
საუბარია საია-ს მიერ 7 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ადვოკატ ჯუბა ქათამაძეს გიორგი დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს, რითაც შეეზღუდა საქმიანობა.
ჯუბა ქათამაძემ განმარტა, რომ ის გაესაუბრა გიორგი დავითაძეს და მის მიერ მიწოდებული დეტალები პასტით ფურცელზე ჩაინიშნა.
"პატიმრის ადვოკატთან შეხვედრის უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ შეხვედრაზე დაშვებით. იგი გულისხმობს სამართლებრივი დახმარების რეალურად მიღების შესაძლებლობას, რისთვისაც ადვოკატს უნდა შეეძლოს კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის გამოყენება.
შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის აკრძალვა ამ შესაძლებლობას უშუალოდ აფერხებს და გაუმართლებლად ზღუდავს. მომხდარი განსაკუთრებით საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატის შეხვედრა უკავშირდებოდა პატიმრის განცხადებებს შესაძლო მძიმე სექსუალური ძალადობის შესახებ. ასეთ გარემოებებში სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიება და არ შექმნას დაბრკოლებები ინფორმაციის დოკუმენტირებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებისთვის", - განაცხადა საია-მ.




