ფემიციდი
როგორ (ვერ) იცავს სახელმწიფო ქალებს

დილით ადრე ფოთში, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კერძო სახლის ჭიშკართან პოლიციამ ყვითელი ლენტი გაავლო. ამ სახლში 47 წლის ქალი მოკლეს. მკვლელი მისი მეუღლი, ზაზა კარბაიაა.
ოთხი შვილის დედა ინგა ყალიჩავა მკვლელმა ღამით ბალიშით გაგუდა, შემდეგ კი სახლში გაზი გაუშვა, მკვლელობა უბედურ შემთხვევად რომ შეფასებულიყო. კარბაია დააკავეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დამამძიმებელ გარემოებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

საქართველოში ფემიციდის სტატისტიკა მერყევია. ბოლო ათი წლის განმავლობაში გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობის მაჩვენებელმა ყველაზე მაღალ ნიშნულს 2016, 2023 და 2024 წელს მიაღწია. სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში წერია, რომ ქვეყანაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ძალადობის მსხვერპლი ქალებისადმი არასათანადო მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის არაეფექტურობა.
წარსულში ან აწმყოში საყვარელი კაცის, ოჯახის წევრის ხელით ჩადენილი მკვლელობის ერთ-ერთ სიმბოლოდ მაღალქუსლიანი წითელი ფეხსაცმელი იქცა, - „ვისაც გუშინ ეცვა, დღეს მოკლულია, წითელი კი სიყვარულის ფერთან ასოცირდება.“
ფემიციდი არის მკვლელობა გენდერული ნიშნით, როცა მკვლელი მოქმედი ან ყოფილი პარტნიორია, იშვიათ შემთხვევაში კი ოჯახის წევრი სხვა მამაკაცი.
სტატისტიკა მსოფლიო მასშტაბით მძიმეა. 2025 წლის გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში 137 ქალს ყოველდღიურად კლავს მოქმედი ან ყოფილი პარტნიორი, ევროკავშირში კი ფემიციდს ყოველდღიურად ხუთი-ექვსი ქალის სიცოცხლე ეწირება.
ფემიციდთან ბრძოლის ისტორია 1990-იანი წლებიდან იწყება, ფემინიზმის მესამე ტალღის შთაგონებით და დასავლურ სამყაროში დემოკრატიის პრინციპების გაძლიერების პარალელურად. საუკუნეების განმავლობაში, მკაცრ პატრიარქალურ სამყაროში ქალზე ძალადობა პოლიტიკური განხილვის საკითხს არ წარმოადგენდა. უფრო მეტიც, მოძალადეთა უმრავლესობა არასდროს აგებდა პასუხს კანონის წინაშე.
1990-იანი წლებიდან ევროპულ პოლიტიკაში დამკვიდრდა ახალი დოგმა, - ოჯახში ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა და არა კერძო კონფლიქტი. ამ ცვლილებას ხელი შეუწყო 1979 წლის გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციამ, მისმა შემდგომმა განმარტებებმა, ფემინისტურმა მოძრაობებმა და 1993 წლის გაეროს დეკლარაციამ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ.
დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებმა თანდათან დაიწყეს დაცვის ორდერების, სპეციალიზირებული სერვისებისა და მსხვერპლთა დახმარების სისტემების განვითარება. მაგრამ რეფორმებამდე ევროპელმა ქალებმა უმძიმესი ძალადობა გაიარეს. საკანონმდებლო ცვლილებების გარდამტეხ ფაქტორად იქცა ესპანელი ქალის, ანა ორანტესის მკვლელობა. ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მან გაამხილა, რომ მთელი ცხოვრება ქმრისგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. ინტერვიუდან 13 დღეში ანა ორანტესს ქმარმა, ხოსე პარერო ავივარმა, ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა. საზარელმა მკვლელობამ ესპანეთის საკანონმდებლო სისტემა თავდაყირა დააყენა.
1999 წელს ესპანეთმა, სადაც პატრიარქატი და მაჩისტური სუბკულტურა ღრმად იყო ფესვგადგმული, გააძლიერა ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივი რეგულირება, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობის მიმართ; მალევე მიიღო კანონი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ორდერების შესახებ. 2004 წელს კი მიიღო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი ორგანული კანონი.
ანდალუსიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში, სადაც ანა ორანტესი ცხოვრობდა, ქუჩა მისი სახელობისაა. კედელზე მოხატულ სტენსილს აწერია: “არცერთი სხვა ქალი”. ესპანელი ფემინისტების მიიჩნევენ, რომ ბრძოლა ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ სწორედ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პატრიარქალური კულტურის მქონე რეგიონიდან, ანდალუსიიდან დაიწყო და მთელი ევროპა მოიცვა.
ესპანეთის კვალს გაყვნენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც. 2015 წელს საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ელექტრონული სამაჯურების შესახებ. მოწყობილობა მოძალადის მაჯაზე მაგრდება, ხოლო გადამცემი პოტენციურ მსხვერპლს აქვს თან. როცა მოძალადე მსხვერპლს უახლოვდება, განგაშის სიგნალი პოლიციაში ირთვება. ელექტრონული სამაჯურების პრაქტიკა 10 წელზე მეტია გამოიყენება ნორდიკულ სახელმწიფოებში, სადაც ფემიციდის მაჩვენებელი კონტინენტურ ევროპასთან შედარებით დაბალია.
ფემიციდთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამართლებრივ იარაღს წარმოადგენს დანაშაულის პრევენცია, რაც ევროკავშირის სახელმწიფოებში არათანაბრადაა განვითარებული. დანაშაულის პრევენციისთვის აუცილებელია ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, რის საფუძველზეც მსხვერპლსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის სრული ნდობა არსებობს. ამ მხრივ მოწინავეა ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია და ესპანეთი.
ჯულია, შაჰინე, ანა ვანესა, დალია, როზეტა
ფემიციდის ყველაზე გახმაურებულ საზარელ საქმეებს შორისაა იტალიელი სტუდენტის, 22 წლის ჯულია ჩეკეტინის მკვლელობა. 2023 წელს იგი შეყვარებულმა, ფილიპო ტურეტამ დანით აკუწა, ცხედარი გადამალა და გერმანიაში გაიქცა. სტუდენტის მკვლელობას ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა. ტურეტას უვადო პატიმრობა მიესაჯა, იტალიამ კი კანონმდებლობა გაამკაცრა. აქციებს სათავეში ედგა მოკლული ჯულიას მამა, რომელიც ხშირად ამბობდა:
„ჩემი შვილი ვერ დავიცავი, მაგრამ კანონის გამკაცრებით სხვის ქალშვილებს მაინც დავიცავ.“
საფრანგეთში ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა მუსლიმი ქალის მკვლელობას. 2021 წელს დატრიალებულმა ტრაგედიამ საკანონმდებლო ცვლილებები გამოიწვია.
შაჰინეზ დაუდი ერთ თვეში 31 წლის უნდა გამხდარიყო. რამდენიმეწლიანი ქორწინება მან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში გაატარა. ქმარი უკრძალავდა მუშაობას, სწავლებას და სოციალურ ქსელში ფოტოების გამოქვეყნებას. მკვლელობის შემდეგ, მედიამ მხოლოდ ერთი ფოტოსურათი იპოვა, - ოთახში მყოფი ქალი ჰიჯაბით. დაუდის სხვა ფოტო არ მოიპოვებოდა.
ალჟირიდან საფრანგეთში ემიგრირებულ შაჰინეზ დაუდის მერინიაკის პოლიციისთვის არაერთხელ მიუმართავს. განქორწინების შემდეგ, მუქარისა და ძალადობის გამო დაუდის ქმარი დააპატიმრეს, მაგრამ ორ წელში მან ციხე დატოვა და მუქარა განაგრძო. ახალგაზრდა ქალმა პოლიციას საჩივრით ისევ მიმართა, თუმცა განცხადება რეაგირების გარეშე დარჩა.
ქმარმა შაჰინეზი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. სასტიკ მკვლელობას საფრანგეთის მასშტაბით პროტესტი მოჰყვა. საზოგადოებამ პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულა. აქციების შედეგად გამკაცრდა კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, ხუთ პოლიციელს დაეკისრა ჯარიმა, ხოლო ერთ-ერთი სამართალდამცველი გულგრილობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. 2021 წელს კანონში შეტანილმა ცვლილებებმა საფრანგეთში დანაშაულის პრევენციის მექანიზმი გააძლიერა.
ევროკავშირში ჩადენილი საზარელი ფემიციდის ერთ-ერთ საქმეში საქართველოს მოქალაქეებიც ფიგურირებენ. 2022 წლის მაისში პოლონეთის ქალაქ ლოძში სამი შვილის დედა, როზეტა ყალიჩავა ქმარმა ცივი იარაღით მოკლა. მრავლობითი დაზიანებების გამო ახალგაზრდა ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელს, ასევე საქართველოს მოქალაქეს, პოლონეთის მართლმსაჯულებამ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ საქმეში მაინც არსებობდა მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზი, - პოლონელი და ქართველი ქალთა უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ პრევენცია ვერ მოახდინა, ვერ დაიცვა მსხვერპლი, რადგან მუქარისა და ფიზიკური ძალადობის შესახებ როზეტა ყალიჩავას სამართალდამცველებისთვის არაერთხელ მიუმართავს.
„ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში როზეტა ყალიჩავას დედა იხსენებს, რომ შვილმა მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დაურეკა და სთხოვა:
„დამეხმარე, სულ მემუქრება ჩემი ქმარი, მეშინია არ მომკლასო. არც მე და არც სხვას, ჯობია მკვდარი იყოო, ასე ემუქრებოდა ჩემ შვილს“- ამბობს მოკლული ქალის დედა 2022 წელს ჩაწერილ ინტერვიუში, შვილის საქართველოში ჩამოსვენებამდე რამდენიმე საათით ადრე.
პოლონეთში მოკლული ქართველი ქალის ინტერესებს ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ იცავდა. ბავშვების ჩამოყვანის საკითხი, რაც ბიუროკრატიულ გამოწვევად იქცა, სწორედ „საფარის“ უფლებადამცველების ჩართულობით გადაიჭრა.
პრევენციის სისტემა ფემიციდის აღკვეთის მხრივ პოლონეთში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. ამას მოწმობს 2022 წელს გამოქვეყნებული პოლონეთის სახელმწიფო აუდიტის დასკვნა. დოკუმენტში მთავარ ხარვეზებად ჩამოთვლილია შემდეგი:
„პოლიციასა და სოციალურ სამსახურებს შორის არასაკმარისი კოორდინაცია, ძალადობის მსხვერპლთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის არარსებობა, მოძალადეთა არასაკმარისი იზოლირება მსხვერპლისგან, ბავშვებთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის არადროული გადაცემა, ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის გამოყოფილი თანხების არასრულყოფილი აღრიცხვა.“
2023 და 2026 წლებში პოლონეთმა ქალთა უფლებების დასაცავად რამდენიმე კანონპროექტი დაამტკიცა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია უწყებათა შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერება, ერთიანი ციფრული რეესტრის შექმნა, სამართალდამცველებისა და სოციალური მუშაკების გადამზადება. ამ ცვლილებებმა ფემიციდის თავიდან არიდებას, - პრევენციას უნდა შეუწყოს ხელი.
სტამბოლის კონვენცია
ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის პროცესში გადამწვეტია სტამბოლის კონვენცია, რომელსაც ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოები აწერენ ხელს, მათ შორის საქართველო. კონვენცია ამ სახელმწიფოებს ავალდებულებს, შექმნან ძალადობის ადრეული გამოვლენისა და პრევენციის ეფექტიანი მექანიზმები, უზრუნველყონ მსხვერპლთა უსაფრთხოება და ძალადობის შემთხვევებზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება.
კონვენცია ოთხ ძირითად პრინციპს ეფუძნება:
•პრევენცია, ძალადობის გამომწვევი გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრა;
•მსხვერპლთა დაცვა და მხარდაჭერა, რაც გულისხმობს უსაფრთხოების, თავშესაფრებისა და სპეციალური დახმარების სერვისების უზრუნველყოფას;
•სისხლისსამართლებრივი დევნა, ანუ ძალადობის შემთხვევების დროული გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა;
•კოორდინირებული პოლიტიკა, - სამართალდამცავი, სასამართლო, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის უწყებების შეთანხმებული მოქმედება.
მიუხედავად სტამბოლის კონვენციისა და ეროვნული კანონმდებლობების გამკაცრებისა, ევროპაში ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ მასშტაბურ პრობლემად რჩებოდა, ხოლო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მსხვერპლთა დაცვისა და ძალადობის პრევენციის მექანიზმები არაერთგვაროვნად მოქმედებდა.
ამის გამო 2024 წლის 14 მაისს ევროკავშირმა მიიღო პირველი ყოვლისმომცველი დირექტივა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. დირექტივა ადგენს საერთო სტანდარტებს ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის, რისკების შეფასებისა და სამართლებრივი რეაგირების მიმართულებით. კანონი ასევე ითვალისწინებს ქალის გენიტალიების დასახიჩრების, იძულებითი ქორწინებისა და კიბერძალადობის გარკვეული ფორმების კრიმინალიცებას.
„ეს შოკისმომგვრელი მკვლელობები ცალკეული შემთხვევები არ არის. არაერთი ქალი მოკლეს ბოლო კვირებში. მოკლეს ანა ვანესა ესპანეთში, დალია პორტუგალიაში, ფატიმა საფრანგეთში. სია გრძელია და ეს სია რომ აღარ გაგრძელდეს, ზომები აქ და ახლა უნდა მივიღოთ“,- განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ისტორიული რეფორმების დღეს ევროპარლამენტში.
ფემიციდი საქართველოსთვისაც ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. სტატისტიკა მერყევია. წელიწადში საშუალოდ 20 ქალი მოქმედი ან ყოფილი პარტნიორის მიერ არის მოკლული. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა დაცვა კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება. განსაკუთრებით საგანგაშოა შემთხვევები, როდესაც პოლიციას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია ქალის მიმართ ძალადობის შესახებ, მაგრამ მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.
სისხლის სამართლის საქმეების გრძელი ქრონიკა ნათლად აჩვენებს, რომ ფემიციდი მოულოდნელად ჩადენილი დანაშაულის კლასიფიკაციას არ განეკუთვნება. პირიქით, ხშირად წინ უძღვის ძალადობა, მუქარა და დევნა. სწორედ ამიტომ, ევროპული კანონმდებლობის მთავარი ამოსავალი წერტილი დღეს დანაშაულის წინასწარი ამოცნობა და აღკვეთაა. შესაბამისად, როდესაც დანაშაული სახეზეა, მთავარი კითხვა მხოლოდ ის აღარ არის, ვინ მოკლა ქალი. მთავარი კითხვაა, რატომ ვერ დაიცვა მისი სიცოცხლე სახელმწიფომ.




.webp&w=1920&q=75)