დიდი შერიგება - ბრალდებული საპროცესო შეთანხმების მოლოდინშია
თელავის ინციდენტის ახალი დეტალები
.webp&w=1920&q=75)
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, სასტუმრო-კომპლექს „აგარანის მამულში“ ქორწილში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გიორგი ჭიღლაძე და იულია ნესტერიუკი შერიგდნენ. ინფორმაციას „სანდო წყაროს“ ორივე მხარის ადვოკატი უდასტურებს.
ადვოკატ დიმიტრი ღონღაძის განცხადებით:
„გიორგი ჭიღლაძე აღიარებს დანაშაულს. იულია ნესტერიუკის ადვოკატის დახმარებით მოხდა დაზარალებულთან დაკავშირება და შერიგება. ახლა რუსეთის მოქალაქე ქალი არ ითხოვს საპატიმრო სასჯელს. პროკურატურას საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობით მივმართეთ ვითხოვთ არასაპატიმრო სასჯელს და მოლოდინის რეჟიმში ვართ.“
ინფორმაცია დაადასტურა ლალი აფციაურმაც, რომელიც რუსეთის მოქალაქე დაზარალებული ქალის უფლებებს იცავს:
„მხარეები შერიგდნენ, იყო გაუგებრობა. ჩვენი დასტური, რომ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, უკვე დევს საქმეში.“
დაცვის მხარე პროკურატურის გადაწყვეტილების მოლოდინშია. დასტურის შემთხვევაში, გიორგი ჭიღლაძეს მხოლოდ პირობითი სასჯელი ელის.
შეგახსენებთ, ფიზიკური ძალადობის ფაქტი 2026 წლის 18 ივლისს მოხდა. ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ინციდენტის დროს, რომელიც ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროს ტერიტორიაზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებს შორის მოხდა, სხეულის დაზიანება მიიღო რუსმა ქალმა - მას ხელი სიძის ძმამ დაარტყა. ქალი სასტუმროს სტუმარი იყო.
მაშინ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო. დააკავეს სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე, რომელიც აცხადებდა, რომ დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო. მან მწუხარება გამოთქვა ქალზე ძალადობის გამო, თუმცა აღნიშნა, რომ საკუთარი ოჯახის ღირსებას იცავდა.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბრალდებულს პატიმრობის ნაცვლად 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რის შემდეგაც იგი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა. სასტუმრო „აგარანის მამულის“ ადმინისტრაციამ გამოთქვა მზაობა, ჭიღლაძისთვის შეფარდებული გირაოს თანხა თავად დაეფარა.




