ადამიანის უფლებათა ბასტიონი მდინარის პირას
რატომ შეიქმნა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

2007 წლის ივნისი იყო, როცა საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში ჩავიდა ქალი შავი კაბით, შავი თავშალით და ორი ბავშვის ფოტოთი გულზე. მისი სახელია ემა ტაგაიევა. ფოტოზე გამოსახული 14 წლის ასლანი და 16 წლის ალანი ბესლანში ალყის დროს დაიღუპნენ. ემამ იმ დღეს სამი ოჯახის წევრი დაკარგა - ქმარი რუსლან ბეტროზოვი და ორი მოზარდი შვილი. სამწლიანი ბრძოლა ჩრდილოეთ ოსეთის სასამართლოში ირონიულად უშედეგო აღმოჩნდა. ასობით შვილმკვდარ დედასთან ერთად, სიმართლის ძებნა ემა ტაგაიევამ საზღვრებს მიღმა დაიწყო. 2007 წლის 25 ივნისს ბესლანში მოკლული ბავშვების დედებმა სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო დამნაშავის, ვლადიმერ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ. ასე იწყება ბრძოლა განაჩენისთვის, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არქივში ჩაიწერა სახელით: „ტაგაიევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“.
გავა 18 წელი ბესლანის ტრაგედიიდან და ემა ტაგაიევა მოულოდნელად გამოჩნდება სოციალურ ქსელში მოწოდებით, დასრულდეს რუსეთის სისხლიანი ომი უკრაინაში. აფხაზეთის ომიდან ჩეჩნეთის ომამდე, ჩეჩნეთის ომიდან ბესლანამდე და ბესლანიდან ბუჩამდე რუსეთმა გზად უამრავი სისხლის გუბე დატოვა. ასე იქცა რუსეთის ფედერაცია სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში იმ სახელმწიფოდ, რომლის წინააღმდეგაც ყველაზე მეტი საჩივარია შესული.

სტრასბურგში, მდინარე ილის პირას, ვერცხლისფერი მეტალისა და შუშის შენობა დგას. ამ კედლებს მიღმა სამართალი ყველაზე ადვილად საპოვნელია. სტრასბურგის სასამართლო დღემდე ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთ უმთავრეს ბასტიონს წარმოადგენს. მისი შექმნის იდეა მეორე მსოფლიო ომის უმძიმესი მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა - ტოტალიტარიზმით და გენოციდით მიყენებული ჭრილობების შესახორცებლად. ომით დანგრეულმა და დანაწევრებულმა ევროპამ დემოკრატიის შენება მაინც დაიწყო. სწორედ ამ პროგრესის კვალდაკვალ შეიქმნა ახალი, მძლავრი საერთაშორისო მექანიზმი, სადაც ადამიანის სიცოცხლე, თავისუფლება და ღირსება მხოლოდ ხელისუფლების კეთილ ნებაზე აღარ იქნებოდა დამოკიდებული.
ასე გრძელდება დღემდე. როცა ევროპის კონტინენტზე რომელიმე სახელმწიფოში ადამიანის უფლებებს მთავრობა უგულებელყოფს, მოქალაქეებმა იციან, რომ სამართალს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით იპოვიან.
1949 წელს იქმნება ევროპის საბჭო, რომლის ფუნდამენტურ ღირებულებად ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა განისაზღვრა. სწორედ ევროპის საბჭოს ფარგლებში, 1950 წელს, მიიღეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია“, ხოლო 1959 წელს სტრასბურგში ამოქმედდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაც სწორედ ამ სისტემის სამართლებრივი საფუძველია. კონვენციის ძირითადი ტექსტი 59 მუხლისგან შედგება. მათ შორის დაცულია სიცოცხლის უფლება, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, სამართლიანი სასამართლოს, პირადი ცხოვრების, გამოხატვის, რელიგიის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, აგრეთვე სხვა ფუნდამენტური უფლებები.
„ტაგაიევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საქმეა. 2004 წლის ბესლანის ტერაქტს 334 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 186 ბავშვი იყო. ბესლანში დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებმა რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
2004 წლის 1 სექტემბერს, ქალაქ ბესლანში, შეიარაღებული დაჯგუფება №1 სკოლაში შეიჭრა და 1100-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა, მათ შორის ასობით ბავშვი. სამი დღის განმავლობაში მძევლები სკოლის სპორტდარბაზში, საკვებისა და წყლის გარეშე ჰყავდათ გამომწყვდეული. შეიარაღებული დაჯგუფება ჩეჩნეთიდან ჯარის გაყვანასა და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვდა. რუსეთი ამ მოთხოვნებს არ დათანხმდა და 3 სექტემბერს რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა სკოლაზე იერიში მიიტანეს, რა დროსაც მძევლად აყვანილი ბავშვების უსაფრთხოება არ გაუთვალისწინებიათ.

2017 წლის 13 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ერთ-ერთი მთავარი მუხლი — სიცოცხლის უფლება დაარღვია. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ იკვეთებოდა მძიმე შეცდომები მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დაგეგმვასა და კონტროლში, და რომ ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა სიცოცხლისთვის უკიდურესად სახიფათო ძალის გამოყენებას მიმართა. მორალური ზიანისთვის რუსეთს სამი მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მიმდინარე საჩივარი და ყველაზე მეტი სახელმწიფოთაშორისი დავაც სწორედ რუსეთის წინააღმდეგ არის შესული. რუსეთის წინააღმდეგ მომჩივანი სახელმწიფოები ძირითადად საქართველო და უკრაინა არიან.
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ 189 ინდივიდუალური საჩივარი შევიდა, რაც 1000-ზე მეტ მოქალაქეს აერთიანებდა. პარალელურად, სახელმწიფოთაშორისი დავაც დაიწყო. განაჩენი 2021 წლის იანვარში გამოცხადდა. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მხრიდან წარდგენილი ადამიანის უფლებათა კონვენციის რვა მუხლიდან რუსეთის დარღვევა ექვს ძირითად მუხლში დაადასტურა. ესენია: სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების პატივისცემისა და საკუთრების უფლების მუხლები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილი. ისტორიულ განაჩენში წერია, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური ნიშნით მიმართულ სისტემურ ძალადობაზე, რაც მოიცავდა მკვლელობებს, სახლების გადაწვასა და ძარცვას, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.
2007 წლიდან დღემდე საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი აქვს შეტანილი. მათ შორისაა 2006 წელს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დაკავებისა და დეპორტაციის საქმე. 2014 წელს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ კრემლმა შეიმუშავა ქართველების გაძევების ხისტი პოლიტიკა. ამ განაჩენში ადამიანის უფლებათა კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაც გამოიკვეთა.

ასევე აღსანიშნავია ე.წ. „ბორდერიზაციის“ საქმე, რომელიც, სხვა მძიმე დარღვევებთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობასაც მოიცავდა. სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზეც დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უხეში დარღვევისთვის პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაა. 2025 წელს რუსეთს 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. განაჩენის მიხედვით, ეს თანხა 29 ათასზე მეტმა დაზარალებულმა უნდა მიიღოს.
2026 წლის 23 ივნისს კი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოიგო საქმე რუსეთის წინააღმდეგ. გადაწყვეტილებაში წერია, რომ რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა გიორგი ანწუხელიძის ტყვეობაში წამებისა და სიკვდილისთვის. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს გიორგი ანწუხელიძის მეუღლისა და ორი შვილისთვის 65 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
ყირიმის ანექსიიდან დღემდე, პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ უკრაინას რამდენიმე სახელმწიფოთაშორისი განაცხადი აქვს შეტანილი. ერთ-ერთი სახელმწიფოთაშორისი დავა ბოინგ MH17-ის ტრაგედიასაც ეხება. რუსეთის წინააღმდეგ შესაბამისი განაცხადი ნიდერლანდების სამეფომ შეიტანა, რომელიც შემდეგ უკრაინის მხრიდან შეტანილ საჩივარს შეერწყა. 2026 წლის მონაცემებით, ომთან დაკავშირებული ინდივიდუალური დავები რუსეთის წინააღმდეგ 5 500-ს აღემატება. ამ საქმეებს შორისაა ბუჩაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულიც. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი უკვე ცნო დამნაშავედ ადამიანის უფლებათა ფართომასშტაბიან და სისტემურ დარღვევებში, მათ შორის მკვლელობების, წამების, გაუპატიურების, უკანონო დაკავებებისა და ბავშვების რუსეთში გადაყვანის ეპიზოდებში.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პროცესი, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაიწელოს, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მომჩივანი მოქალაქე ან მოქალაქეთა ჯგუფი რეჟიმის წინაშე მარტო არ არის. სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი სახელმწიფოსთვის იურიდიულად სავალდებულოა, რასაც ევროპული კონვენციის 46-ე მუხლი განსაზღვრავს. აღსრულებას არა თავად სასამართლო, არამედ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აკონტროლებს. დაკისრებული ვალდებულების არშესრულების შემთხვევაში კომიტეტს უფლება აქვს, ამ სახელმწიფოზე პოლიტიკური და დიპლომატიური წნეხი გააძლიეროს.
განაჩენი ყველა საქმეზე სხვადასხვა რაოდენობის მოსამართლეს გამოაქვს. მაგალითად, სახელმწიფოთაშორის დავებზე ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებას დიდი პალატა იღებს, რომელიც 17 მოსამართლისგან შედგება. მთავრობის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების შემთხვევაში განაჩენი, შესაძლოა, სამმა ან შვიდმა მოსამართლემ გამოიტანოს. დიდი პალატის განაჩენი კი საბოლოოა და აღარ საჩივრდება.
2026 წლის მონაცემებით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ 200-ზე მეტი ინდივიდუალური საჩივარი განხილვის მოლოდინშია. წინა წელს სასამართლომ რვა საქმეში სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა კონვენციის, სულ მცირე, ერთი მუხლის დარღვევა დაადგინა.
სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებულია ე.წ. „ფარას კანონიც“, ოფიციალური სახელწოდებით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც სისხლისსამართლებრივ სანქციებს შეიცავს. კანონი მიზანში იღებს საერთაშორისო დონორებისგან დაფინანსებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მათ შორის მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ევროპის საბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში სასამართლოს მესამე მხარის პოზიცია გაასაჯაროვა. იგი მიიჩნევს, რომ აგენტების კანონი „ქართული ოცნების“ მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე კონტროლს აძლიერებს და საფრთხეს წარმოადგენს.
ავტორიტარულ სახელმწიფოებში სასამართლოს დამოუკიდებლობა სულ უფრო მცირდება. მცირდება დემოკრატიული ინსტიტუციების გავლენა სახელმწიფოზე. შესაბამისად, მოქალაქეები იძულებულნი ხდებიან, დამცველი და სამართალი საზღვრებს მიღმა იპოვონ.
დღესდღეობით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დაარსებით შეიქმნა მექანიზმი, რომელიც მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს - იმ სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებაც კონკრეტული მთავრობის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული არასდროს ყოფილა. თითქმის 70 წელია სტრასბურგში მდებარეობს სასამართლო, სადაც ერთ ადამიანს ენიჭება ძალა, დაუპირისპირდეს სახელმწიფოს და ამ სამართლებრივ ბრძოლაში გაიმარჯვოს კიდეც.


