დიდი რევოლუციის მემკვიდრეობა - ქუჩის ამბოხის სუბკულტურა
საფრანგეთის მეამბოხე სუბკულტურა ისტორიული რევოლუციების მემკვიდრეობაა, სადაც ქუჩის პროტესტი თანასწორობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის უცვლელი ფორმაა.
“იარაღს მოჰკიდეთ ხელი, მოქალაქენო!
შეკარით თქვენი ბატალიონები!
წინ, გავემართოთ! წინ, გავემართოთ!
დაე, უწმინდურმა სისხლმა ჩვენი ხნულები მორწყას!”
ეს საფრანგეთის ეროვნული ჰიმნის, მარსელიოზას მისამღერია - ჰიმნის, რომელიც 1792 წლის 25 აპრილის ღამეს დაიწერა.
არაფერი მეტყველებს სოციალური ერთობის ხასიათზე ისე, როგორც ეროვნული ჰიმნის ტექსტი. ფრანგების მეამბოხე ბუნება, რევოლუცია და ქუჩის პროტესტის სუბკულტურა ამის ნათელი მაგალითია. მარსელიოზა კი სწორედ მეამბოხეთა ჰიმნს წარმოადგენს.
ნაცისტური ოკუპაციის დროს “მარსელიოზას“ შესრულება აკრძალული იყო, მაგრამ იატაკვეშეთში მაინც მღეროდნენ. საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობამ ეროვნული ჰიმნი თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ აქცია.

1968
საფრანგეთში პროტესტი ყოველთვის ხმაურიანია. საფრანგეთის მოქალაქეებისთვის ქუჩები მხოლოდ უკმაყოფილების გამოხატვის ადგილი არ არის, არამედ პოლიტიკური ბრძოლის, კოლექტიური თვითგამოხატვის და ხელოვნების სივრცეა. 1968 წლის მოვლენებმაც პარიზის კედლები იმდროინდელი საპროტესტო მოძრაობის ილუსტრაციად აქცია. სტუდენტების ამბოხი, მშრომელთა ბრძოლა სოციალურ უთანასწორობასთან, ბარიკადები პარიზში და კედლის სტენსილები პოლიტიკური წინააღმდეგობის ესთეტიკა იყო. “სილამაზე ქუჩაშია“, - ისმოდა საპროტესტო ლოზუნგი ქუჩებშიც და შენობებშიც.
1968 წლის გაზაფხულზე საფრანგეთში მასშტაბური სტუდენტური ამბოხი დაიწყო. ამბოხი საყოველთაო გაფიცვასა და სოციალურ-პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. თავდაპირველად, ნანტერის უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების სისტემაში გაბატონებულ მკაცრ ნორმებს დაუპირისპირდნენ და განათლების სისტემის დემოკრატიზაციას მოითხოვდნენ. პროტესტი უნივერსიტეტს მალევე გასცდა და მთელ პარიზს ელვის სისწრაფით მოედო. ახალგაზრდა თაობა ფესვგადგმულ პატრიარქალურ წესრიგს, სექსუალური თავისუფლების შემზღუდავ ნორმებსა და ვიეტნამის ომს უპირისპირდებოდა.
სტუდენტური მოძრაობის ულტრა-მემარცხენე ნაწილი კაპიტალისტური სისტემის წინააღმდეგაც იბრძოდა. მაისში, სტუდენტურ პროტესტს მშრომელთა კლასი მასობრივი გაფიცვით შეუერთდა. ისინი სოციალურ თანასწორობას, ხელფასების გაზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და პროფკავშირების უფლებამოსილების გაფართოებას ითხოვდნენ.
1968 წლის 3 მაისს, სორბონის უნივერსიტეტში სტუდენტების შეკრების დარბევამ და ასობით სტუდენტის დაპატიმრებამ პროტესტის ესკალაცია გამოიწვია. პარიზში დაიწყო ქუჩის შეტაკებები, აღიმართა ბარიკადები, ცეცხლი ეკიდა კერძო საკუთრებას. განსაკუთრებით მწვავე იყო 10-11 მაისის ე.წ. ბარიკადების ღამე. იმ ღამეს საფრანგეთის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
საბოლოოდ, სტუდენტების ამბოხმა და მუშების გაფიცვამ საფრანგეთის ხელისუფლება აიძულა, მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები დაეწყო, თუმცა სტუდენტებისა და მშრომელთა მოთხოვნები სრულად მაინც არ დაკმაყოფილდა.

2026 წლის საპროტესტო ტალღა
როგორც წესი, პროტესტის დროს საფრანგეთის მოქალაქე წინააღმდეგობას მხოლოდ ლოზუნგებით არ გამოხატავს. ის დგამს პერფორმანსს, დასცინის ძალაუფლების მქონე ჯგუფებს, ქმნის ვიზუალურ მეტაფორებს და ქალაქის ქუჩებს პოლიტიკურ თეატრად გარდაქმნის. მაგრამ ზოგჯერ ამ პროცესს კანონდარღვევაც თან ახლავს და აქციის მონაწილეთა თვალთახედვით, უკანონო ქმედებებიც წინააღმდეგობის ნაწილია.
საფრანგეთში წლევანდელი საპროტესტო გამოსვლები 21 სექტემბერს პარიზის გარეუბანში, სენტ-ეგზიუპერის სახელობის სკოლაში მშვიდობიანი გაფიცვით დაიწყო. მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები პედაგოგების დეფიციტსა და არასაკმარის დაფინანსებას აპროტესტებდნენ. მალევე, პროტესტი მოედო პარიზის ასობით სკოლას, რამდენიმე დღეში კი საფრანგეთის სხვა ქალაქებს. საპროტესტო ტალღას შეუერთდნენ პროფკავშირები, უნივერსიტეტები და სხვადასხვა სოციალური ჯგუფები. განათლების სისტემაში არსებული პრობლემების საკითხს დაემატა მაღალი ფასებიც. რეალურად, ერთ სკოლაში დაწყებული გაფიცვა სოციალურ უთანასწორობასთან დაპირისპირების ფართომასშტაბიან პროტესტად იქცა.
ოქტომბრის დასაწყისში ვითარება იძაბება. საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა პოლიციასთან ძალადობრივი შეტაკებები, კერძო საკუთრების დაზიანება და ისტორიული შენობის გადაწვა დემონსტრანტების მხриდან, მასობრივი დაკავებები და აქციების დარბევა ძალის გადამეტებით.
საფრანგეთის სავაჭრო პალატის ანგარიშის მიხედვით, აქციის მონაწილეებმა პარიზში 400-ზე მეტი კერძო ობიექტი დააზიანეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ ფაქტებზე პასუხისმგებლობა “ანტიფას” სახელით ცნობილ, ულტრამემარცხენე ანარქისტულ დაჯგუფებებს დააკისრა.
სექტემბრის ბოლოდან დღემდე 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ათასობით არასრულწლოვანი. უმრავლესობა მალევე გაათავისუფლეს, ზოგიერთი მათგანი დაკავებიდან ერთ საათში.

7 ნოემბრის მდგომარეობით, პატიმრობაში 330-მდე დემონსტრანტი იმყოფება. დაიწყო გამოძიება, როგორც დემონსტრანტების წინააღმდეგ, ასევე სპეცრაზმის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევებზე:
დღევანდელი მონაცემებით, გამოძიება მიმდინარეობს სპეცრაზმელების მხრიდან ძალის გადამეტების 90-მდე ფაქტზე.
14 ოქტომბერს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია “Human Rights Watch”-მა განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროტესტის უდიდესი ნაწილი მშვიდობიანი იყო, მიუხედავად ცალკეული ძალადობრივი ეპიზოდებისა. ორგანიზაცია ასევე წერს:
“სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. მოვუწოდებთ საფრანგეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ძალადობის თითოეული შემთხვევა”.

რუსული დეზინფორმაცია და მითი ევროპის “ისლამიზაციაზე”
ბოლო თვენახევარში სოციალურ ქსელებში საფრანგეთის აქციების ამსახველი არაერთი ყალბი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვიდეომასალა და ინფორმაცია გავრცელდა.
მსგავსი ცრუ ინფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ეიფელის კოშკზე აღმართული პალესტინის დროშა. პარიზის მერიის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო და დაადასტურა, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გენერირებულია. პალესტინის დროშა, რომელიც ევროპელი მემარცხენე Gen-Z თაობისთვის და გვიანდელი მილენიალებისთვის ნეოკოლონიალიზმთან ბრძოლის სიმბოლოა, მხოლოდ აქციებზე ხალხის მასაში ფრიალებდა. არცერთ სახელმწიფო შენობაზე პალესტინის სამფეროვანი დროშა არ აღმართულა.
7 ოქტომბერს ფრანგულმა გამოცემა ”ლე მონდმა” გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია, თუ როგორ ცდილობს პროცესების ესკალაციას რუსული პროპაგანდა. კრემლის საინფორმაციო ომის ახალი ანტიევროპული ფაზის მთავარი გზავნილებია: “მიგრანტების პროტესტი”, “ცივილიზაციათა ომი ევროპაში”, “ევროპის ისლამიზაცია”, “საფრანგეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე” და ასე შემდეგ.
რუსული პროპაგანდა დღეს აქტიურად იყენებს ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოებს, გასავრცელებელ მთავარ პლატფორმად კი სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით ტიკ-ტოკს. კრემლი ჰიბრიდული საცეცებით ცდილობს ერთი მხრივ, სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი ძალადობრივ მოვლენად წარმოაჩინოს, ხოლო მეორე მხრივ, შექმნას ილუზია, რომ სპეცრაზმის მხრიდან ძალის გადამეტება სრულიად უგულებელყოფილია საფრანგეთის მთავრობის მიერ.
რუსული პროპაგანდის საპასუხოდ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთში აქციების ორგანიზატორად მიგრანტების წარმოჩენა სიცრუეა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ კი აღნიშნა, რომ ფრანგი მოსწავლეების პროტესტი რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან და MAGA-ს იდეოლოგიასთან დაკავშირებულმა საინფორმაციო ქსელებმა საკუთარი მიზნებისთვის უარყოფითად გამოიყენეს.
უახლესი ისტორიის რევოლუციური ტალღა ამ სახელმწიფოში დაიბადა. 1789 წლის საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ თანამედროვე ევროპის პოლიტიკური კალეიდოსკოპი სამუდამოდ შეცვალა. ამბოხება საფრანგეთში შემდგომშიც არაერთხელ განმეორდა. ეჟენ დელაკრუას ეპოქალური ტილოც “თავისუფლება მიუძღვება ხალხს“ (La Liberté guidant le peuple) 1830 წლის ივლისის რევოლუციას ასახავს და ფრანგული ფერწერის ერთ-ერთ შედევრადაა აღიარებული. ტილოზე გამოსახული ქალი თავისუფლების ალეგორიაა, - აჯანყებით მოპოვებული თავისუფლების.
21-ე საუკუნის დასავლეთ ევროპაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები და ხმაურიანი ამბოხის სუბკულტურა სხვა არაფერია, თუ არა დიდი რევოლუციის ერთგვარი მემკვიდრეობა, თანასწორობისთვის ბრძოლა ელიტების წინააღმდეგ, კოლექტიური თვითგამოხატვისა და წინააღმდეგობის ეროვნული ერთობა.




