კრიმინალური იერარქია, წამება და სექსუალური ძალადობა ციხეებში
რატომ არის ციხე სახელმწიფოს ანარეკლი სარკეში
იმ დღეს -10 გრადუსი ყინვა იყო, თებერვალი. ბელარუსში ზამთარი გამორჩეულად სუსხიანია. გომელის ქალთა კოლონია თოვლს დაეფარა. პატიმარი ქალები ეზოს ნიჩბებით ასუფთავებდნენ, ამინდისთვის შეუფერებლად თხელ სპეცტანსაცმელში შემოსილები. იმ დღეს ე.წ. ეტაპის მანქანამ მინსკის ციხიდან მსჯავრდებულთა ახალი ჯგუფი მიიყვანა. მათ შორის იყო 2020 წლის აქციებზე დაკავებული და გასამართლებული რამდენიმე პოლიტპატიმარი. როცა საბადრაგო სამსახურს ქალები კოლონიის შენობაში შეჰყავდა, მათ საზარელი სცენა შენიშნეს. დაწესებულების წინ მოზრდილ გალიაში ახალგაზრდა ქალი ჰყავდათ გამოკეტილი, ქუდის, ხელთათმანებისა და თბილი ქურთუკის გარეშე.

გავა ხუთი წელი და სასჯელმოხდილი პოლიტპატიმარი ირინა სჩესნაია ამ საზარელ სცენას „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში გაიხსენებს. „ამან ჩემზე უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა“, -იტყვის იგი.
ე.წ. „გალია ყინვაში“ დასჯის ბელარუსული მეთოდია, - ლუკაშენკოს რეჟიმთან მებრძოლი პატიმრების „მოსარჯულებლად“ დანერგილი და სტალინური გულაგიდან მემკვიდრეობად მიღებული „ყინულის აბაზანა“.
გომელის მე-4 პენიტენციურ დაწესებულებაში წლები გაატარა ბელარუსმა ოპოზიციონერმა მარია კალესნიკოვამ. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი 2024 წლის ანგარიშში მის პატიმრობას წამებად აფასებს.
„მარია კალესნიკოვასადმი არაადამიანური მოპყრობა მოიცავს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წამებას, სამედიცინო მომსახურებაზე გამიზნულად უარის თქმას, 500-დღიან სრულ იზოლაციას, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის შეზღუდვას. კალესნიკოვა ციხეში 45 კილოგრამი იწონის, რაც მის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს“, -წერია ანგარიშში.
ფსიქოლოგიური ტერორი, ხანგრძლივი იზოლაცია, ძილისა და საკვების შეზღუდვა, დამცირება, სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა და სექსუალური ძალადობის მუქარა; აგრეთვე ე.წ. „ცემის დერეფანი“, სადაც პატიმარს ათობით ზედამხედველი ხელკეტებს ურტყამს, - ასე აღწერა რეალობა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ბელარუსის მე-9 კოლონიაში, სადაც სასჯელს მამაკაცი პატიმრები იხდიან.
გომელის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების გარდა, ანგარიშში მოხვდა მინსკის წინასწარი დაკავების იზოლატორიც. იქ დაკავებულ აქტივისტებს სცემენ და გაუპატიურებით ემუქრებიან. Amnesty International-ი ყველა ანგარიშში წამების მსხვერპლთა მონათხრობს და ჩვენებებს ეყრდნობა.
„ვინც ტიროდა და პოლიციელებს ეხვეწებოდა, აღარ ეცემათ, მათ კიდევ უფრო სასტიკად სცემდნენ“, - უამბობს ახალგაზრდა ექიმი უფლებადამცველებს 2021 წელს.
ელექტროშოკით პატიმრების პერმანენტული წამება, ფეხისგულებზე ჩაქუჩის ჩარტყმა, ცემა და გაუპატიურება, -20 გრადუს ყინვაში კარცერში იზოლაცია, - ეს მეთოდები რუსეთის პენიტენციურ სისტემაში ყოველდღიურობაა.

Amnesty International-ის 2023–2026 წლების ანგარიშებში რუსეთის ფედერაციის სამი ციხე მოხვდა, - „პოლარული ბუ“, „პოლარული მგელი“ და ომსკის მკაცრი რეჟიმის კოლონია. დოკუმენტებში არაადამიანური მოპყრობის საზარელი ფაქტებია აღწერილი. ურალის ოლქის ციხეში, სახელწოდებით „პოლარული მგელი“, 2024 წლის 16 თებერვალს ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა.

ნავალნის გარდაცვალებიდან ერთ კვირაში Amnesty International-მა გაავრცელა განცხადება, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ ალექსეი ნავალნი სულ მცირე 27-ჯერ მოათავსეს სადამსჯელო საკანში, ჯამში 300 დღეზე მეტი გაატარა იზოლაციაში, ისჯებოდა უმნიშვნელო დარღვევებისთვისაც, მაგალითად, ტანსაცმელზე ღილის შეხსნის გამო, ვერ იღებდა სამედიცინო დახმარებას, არ ჰქონდა სათანადო კვება. მასზე ხორციელდებოდა მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობა და არ აძლევდნენ ძილის საშუალებას.
წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაცია (OMCT) ნავალნის შემთხვევას რუსეთის პენიტენციურ სისტემაში პოლიტპატიმრების მიმართ მოპყრობის კონტექსტში განიხილავს და წერს, რომ რუსი პოლიტპატიმრებისადმი მოპყრობა უკიდურესად შემაშფოთებელია და საბჭოთა გულაგს უტოლდება.
„პოლარულ ბუ“-ში დღემდე სასჯელს იხდის რუსი ანარქისტი და დისიდენტი აზატ მიფტახოვი. მის საქმეში ფიგურირებს სექსუალური ძალადობის მუქარა და წამება. მიფტახოვს, ისევე როგორც ალექსეი ნავალნის, ევროსტრუქტურებში პუტინის პირად ტყვედ მოიხსენიებდნენ და დღემდე ამ ეპითეტით მოიხსენიებენ.
ომსკის მკაცრი რეჟიმის კოლონიაშიც დღემდე არაერთი პოლიტპატიმარი ჰყავთ სრულ იზოლაციაში, ჯანდაცვის სერვისის დეფიციტით და ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მრავალჯერადი ეპიზოდით. ომსკის კოლონიის პოლიტპატიმრებს შორის იყო ვლადიმერ კარა-მურზაც.
რუსი ოპოზიციონერი 2024 წლის 1 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჩართულობით, პატიმართა საერთაშორისო გაცვლის შედეგად გათავისუფლდა.
„რუსეთის პენიტენციურ სისტემაში დასჯის სამიზნე მხოლოდ პატიმარი არ არის, მისი ოჯახის წევრებიც განიცდიან მისგან იძულებითი იზოლაციის შედეგს. როცა ჩემი შვილები და ცოლი ჩემს სანახავად მოვიდნენ, ციხის ადმინისტრაციამ კარცერში გადამიყვანა გამიზნულად, რომ ვერავის ვენახე. რუსეთის პენიტენციური სისტემა მთლიანად ემყარება ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მეთოდებს. მათი მიზანია სულიერად გაგტეხონ“, - იხსენებდა ვლადიმერ კარა-მურზა ერთ-ერთ ინტერვიუში.
სხვადასხვა ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსული და ბელარუსული ავტოკრატიების პენიტენციურ სისტემებში არაადამიანურ მოპყრობაზე პასუხისმგებელი პირები, - ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები სახელმწიფოს მხრიდან არასდროს დასჯილან, შესაბამისად, არც დამნაშავე გამოვლენილა.
2020 წელს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა მასშტაბური გამოძიება დაიწყო. ფედერალური გამოძიების სამიზნე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი რეჟიმის ციხე აღმოჩნდა. ეს არის 1901 წელს დაარსებული პარჩმანის პენიტენციური დაწესებულება მისისიპის შტატში, ისტორიულად სეგრეგაციითა და არაადამიანური მოპყრობით გამორჩეული საპყრობილე, სადაც წლების განმავლობაში მკაცრი კრიმინალური იერარქია და სუბკულტურა იყო ფესვგადგმული.

„Amnesty International“, „Human Rights Watch“ და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირი“ ამ ციხის ადმინისტრაციას ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევაში წლების განმავლობაში ადანაშაულებდნენ.
2012-2013 წლების ანგარიშებში ასახულია წამების ფაქტები, უმძიმესი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები და ჯანდაცვის სერვისებზე მინიმალური წვდომა. პარჩმანის მსჯავრდებულებში გავრცელებული იყო აივ-ინფექცია და თვითმკვლელობის შემთხვევები, რასაც ადმინისტრაცია უგულებელყოფდა. ასევე ფესვგადგმული იყო კრიმინალური სუბკულტურა, რის შედეგადაც პატიმართა ნაწილს თავადვე პატიმრები კლავდნენ.
2022 წლის აპრილში გამოქვეყნებული ოფიციალური გამოძიების თანახმად დადგინდა, რომ პარჩმანში კრიმინალური ბანდები (Vice Lords და Gangster Disciples) აკონტროლებდნენ ნარკოტიკებისა და კონტრაბანდის არალეგალურ ბაზარს, აშინებდნენ პატიმრებს, სძალავდნენ ფულს და ძალადობით ამყარებდნენ გავლენას. გამოძიებამ ასევე გამოავლინა შემთხვევები, როდესაც ციხის თანამშრომლები ბანდებთან თანამშრომლობდნენ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ასევე დაადგინა, რომ პარჩმანის ციხეში პატიმრების კონსტიტუციური უფლებები მრავალი წლის განმავლობაში ილახებოდა. ამის შემდეგ ციხის უფროსის მოადგილე და რამდენიმე თანამშრომელი დააპატიმრეს, პენიტენციურ დაწესებულებაში კი ძირფესვიანი რეფორმები დაიწყო.
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროსტრუქტურების ზეწოლის შედეგად გამოძიება დაიწყო მოლდოვის სამ პენიტენციურ დაწესებულებაში. ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის 2022 წლის ანგარიში მოლდოვის მე-13, მე-4 და მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციას არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკაში ამხელს. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან წაქეზებულ და პრივილეგირებულ კრიმინალურ ავტორიტეტებზე.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია „ხელშეუხებელთა“ და „დამცირებულთა“ კასტის არსებობა. იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფი პატიმრები სისტემატიურად განიცდიან მუქარას, დამცირებასა და ფიზიკურ ძალადობას“, - წერს კომიტეტი.
მოგვიანებით, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა კიდევ უფრო მწვავე ანგარიში მოამზადა, სადაც აღწერილი იყო კორუფციული კავშირი ციხის ადმინისტრაციასა და კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის. მოლდოვის პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური ავტორიტეტები პრივილეგირებულ პირობებში ცხოვრობენ, კეთილმოწყობილ ოთახებში, ზოგჯერ რამდენიმეთახიან ბინებშიც კი, მაშინ როცა სხვა პატიმრები გადატვირთულ და მძიმე პირობებში იხდიან სასჯელს; დაბალი სტატუსის პატიმრებს სისტემატურად ამცირებენ, ემუქრებიან, სიტყვიერად შეურაცხყოფენ და ფიზიკურადაც კი უსწორდებიან, რასაც ადმინისტრაცია უგულებელყოფს.

„პატიმრები იძულებულნი არიან, დაემორჩილონ არაფორმალურ ქცევის კოდექსს“, - წერია დოკუმენტში.
მოლდოვის პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის ფაქტები აგრეთვე ასახულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშშიც.

2025 წელს, ევროსტრუქტურების მხრიდან ხანგრძლივი ზეწოლის შედეგად, პრეზიდენტმა მაია სანდუმ პენიტენციურ სისტემაში გამოვლენილი პრობლემები აღიარა და გამოძიებაც დაიწყო.
ამერიკელი პროფესორი და კრიმინალური მმართველობის მკვლევარი დევიდ სკარბეკი ორგანიზებული დანაშაულის სტრუქტურასა და კრიმინალურ სუბკულტურას წლების განმავლობაში იკვლევდა. ერთ-ერთ ნაშრომში იგი აღნიშნავს, რომ მხოლოდ სასჯელის სიმკაცრე ორგანიზებულ დანაშაულს ავტომატურად ვერ ასუსტებს, არამედ - პირიქით.
„მასობრივმა პატიმრობამ, გადატვირთულმა ციხეებმა და მკაცრმა შიდა განაწესმა, შესაძლოა, ციხე კრიმინალური ორგანიზაციების გაძლიერების სივრცედ გადააქციოს. ნორდიკული მოდელი კი განსხვავებულ მიდგომას ეფუძნება. ეს არის პატიმრების ნაკლები რაოდენობა, რეაბილიტაცია, ჰუმანური მოპყრობა და სახელმწიფოს მხრიდან პენიტენციურ წესრიგზე ჯანსაღი კონტროლის შენარჩუნება“, - წერდა სკარბეკი.
მართლაც, წლების განმავლობაში ნორვეგიამ, შვედეთმა, დანიამ, ფინეთმა და ისლანდიამ შეიმუშავეს დინამიური უსაფრთხოების სისტემა, რომელიც არა მსჯავრდებულის დასჯაზე, არამედ რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული. ნორდიკულ მართლმსაჯულებაში სასჯელი თავისუფლების აღკვეთაა და არა უფლებების ჩამორთმევა. პატიმარს უნარჩუნდება განათლების, ჯანდაცვის, ოჯახთან ურთიერთობის უფლება და სხვა ფუნდამენტური უფლებები კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების ფარგლებში.
ნორდიკული სისტემისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ძალადობის პრევენცია, ფსიქოლოგიური დახმარება და პატიმრის საზოგადოებაში სრულფასოვნად დაბრუნება - რესოციალიზაცია. ხშირად გამოიყენება ალტერნატიული სასჯელები და ღია ტიპის ციხეები. ამ ციხეების თანამშრომლები სპეციალურ მომზადებასაც გადიან, სწავლობენ სისხლის სამართლის კოდექსს და ფსიქოლოგიას.
რეფორმები სკანდინავიის პენიტენციურ სისტემაში 1960-იანი წლებიდან იწყება. ძირფესვიანი ცვლილებების მხრივ პირველი სახელმწიფო ნორვეგია იყო, ხოლო ამ რეფორმის ერთ-ერთ პატრიარქად ნორვეგიელი სოციოლოგი ნილს კრისტი მოიაზრება. იგი უპირისპირდებოდა მსოფლიოში გაბატონებულ მკაცრ რეჟიმს და ვარაუდობდა, რომ ჰუმანური ციხე მთელს ქვეყანაში კრიმინალის შემცირებას გამოიწვევდა.
„ადამიანი, რომელიც ჩადის მძიმე დანაშაულს, შინაგანად გატეხილია. მკაცრი მოპყრობა საპატიმროში მას კიდევ უფრო მეტად დააზიანებს და მეტი სისასტიკისკენ უბიძგებს“, - ამბობდა ნილს კრისტის რეფორმატორთა ჯგუფი.
1960-იანი წლებიდან ნორდიკულ სამყაროში დაინერგა პატიმართა უფლებები, განათლებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, განვითარდა თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელი და სახელმწიფოს დონეზე შემუშავდა ახალი სტრატეგია. ეს პროცესი დანარჩენი მსოფლიოსთვის თავდაპირველად უტოპია იყო, მაგრამ მოგვიანებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა ამ მოდელის დანერგვა დაიწყეს.
თუ ჰუმანური პენიტენციური სისტემის ამოცანა განმეორებითი დანაშაულის შემცირება და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, დღეს შედეგი რიცხვებშიც აისახება. ევროპაში მკვლელობების მაჩვენებლით ნორდიკული ქვეყნები მართლაც ერთ-ერთი დაბალი ინდექსით გამოირჩევა.
ჰუმანური მართლმსაჯულება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციასაც პირწმინდად იმეორებს. დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანი უპირველესად განიხილება ბავშვად, რომელსაც დახმარება, აღზრდა და რეაბილიტაცია სჭირდება, და არა დამნაშავედ, რომელიც უნდა დაისაჯოს. პატიმრობა კი უკიდურესი სასჯელის ფორმაა.
ამ კონვენციის მე-40 მუხლში წერია: „მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი ბავშვის უფლებას, რომელმაც დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი დარღვევა ან აღიარებულია მის დამრღვევად. სახელმწიფოები თანხმდებიან ისეთ მოპყრობაზე, რომელიც ხელს უწყობს ბავშვში ღირსების გრძნობის განვითარებას, განუმტკიცებს მას ადამიანის უფლებებისადმი და სხვათა ძირითად თავისუფლებათა მიმართ პატივისცემას და რომლის დროსაც გათვალისწინებულია ბავშვის ასაკი და საზოგადოებაში მისი რეინტეგრაციისა და საზოგადოების ცხოვრებაში სასარგებლო როლის შესრულებისათვის ხელშეწყობა.“
ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის 2025 წლის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ნორვეგიის მასშტაბით ჩატარებულმა მონიტორინგმა ვერცერთი პატიმრის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი ვერ დაადგინა. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი, ისევე როგორც წინა წლების მონიტორინგის შედეგი, ნორვეგიისა და დანიის პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის არცერთ შემთხვევას არ ასახავს.
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტპატიმარი, ნელსონ მანდელა ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში “დიდი გზა თავისუფლებამდე” წერდა: “სახელმწიფოს ჭეშმარიტად შეცნობა შეუძლებელია, სანამ ამ სახელმწიფოს ციხეებში არ მოხვდები. ხოლო თავად ერი მისი პატივსაცემი მოქალაქეებისადმი დამოკიდებულებით არ ფასდება, არამედ იმით, ყველაზე დაუცველ ადამიანებს როგორ ეპყრობა”.




