მკვდარი ჟურნალისტი - ცუდი ჟურნალისტი
ჟურნალისტ რატი მუჯირის ბლოგი

უხსოვარ დროს, როცა ამ დაწყევლილ პროფესიაში ფეხს ვიდგამდი, ჩემს პირველ ნიუსრუმში, ჩემი პირველი სამუშაო დღე ჩემმა პირველმა პროდიუსერმა სამუშაო მაგიდის თავზე გამოკრული წარწერით დამამახსოვრა: „DEAD JOURNALIST - BAD JOURNALIST“.
უფრო გაოგნებული ვიყავი თუ უფრო გაბრაზებული, არც კი ვიცი. ჟურნალისტების, პროდიუსერების, ზოგადად მედიის ხალხის ცინიკურობასა და ცივსისხლიანობაზე გაგონილი მქონდა, მაგრამ ეს უკვე ზედმეტი იყო. როგორ შეიძლება მკვდარ კოლეგაზე იფიქრო, რომ ცუდია, რადგან მოკვდა?! იფიქრო - ერთია, და მერე ეს ნიუსრუმში სლოგანად გააკრა - მეორე.
გაივლის წლები და ჩემს პირველ სალექციო დღეს, ჩემს პირველ აუდიტორიაში, ჩემი პირველი სტუდენტების წინაშე, ჩემი პირველი ლექციის მოლოდინში... ანდა, ამაზე ცოტა მერე.
ისევ იმ დროს რომ დავუბრუნდე, როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, პირველი შეცდომაც უნდა გავიხსენო. ეს ის დროა, როცა სფეროების მიხედვით იყოფოდა ახალშექმნილი საზ.მაუს საინფორმაციო სამსახური. „პარკეტზე“ - ასე ვეძახით ჟურნალისტები იმ საქმეს, როცა პარლამენტში, სამინისტროში, სადმე შენობაში, მოკლედ, არა ქუჩასა და ტალახში, არა წვიმასა და ქარში, არა მზესა და გვალვაში მუშაობ - მუშაობა არ მხიბლავდა. და ამ დროს შემომთავაზეს: სამხედრო ჟურნალისტობას ხომ არ ცდიდიო. ვიფიქრე: სროლა, ტანკი, პოლიგონი, წვრთნები, ნატო, ბრიუსელი - ექშენი და თავგადასავალი იქნება-მეთქი, და დავთანხმდი. ომი, სიკვდილი, უბედურება თავში აზრადაც არ გამივლია.
ჰოდა, ესეც შენი პირველი შეცდომა - არასდროს აირჩიო conflict reporter-ობა თავგადასავლის გამო, არაფერია ამაში რომანტიკული!
სანამ მე ამას გავაცნობიერებდი, დიდი დრო გავიდა. რადგან წილი უკვე ნაყარი იყო და სამხედრო ჟურნალისტობა ავირჩიე, რამდენიმე ძირითადი წესიც გამაცნეს:
- აუცილებელია ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი და სამედიცინო ჩანთა;
- უნდა გეცვას ადეკვატურად;
- არ გასცე საიდუმლოება;
- არ გადაიღო ჯარების პოზიციები;
- არ გადაიღო სტრატეგიული ობიექტები;
- დაიცავი უსაფრთხოება;
- ჟურნალისტი ჯარისკაცი არაა - არ აიღო იარაღი;
- შეისწავლე და დაიცავი ომის წესები.
ეს - რაც უცებ გამახსენდა, თორემ კიდევ იმდენია, რა მოთვლის. ძირითადად, ძალიან ლამაზი და სწორი რაღაცეებია, მაგრამ...
ყველაზე სასაცილო მაინც ომის წესებზე მითითებაა. ვინც რა უნდა გითხრათ, ვინც რა უნდა გასწავლოთ, ვინც რა უნდა გიმტკიცოთ - დაიკიდეთ! ომს მარტო ერთი წესი აქვს: ომს წესები არ აქვს.
- ომში ჟურნალისტის მოკვლა ხომ არ შეიძლება? - ხშირად უკითხავთ.
არა, არ შეიძლება. ისევე, როგორც ექიმის, მშვიდობიანი მოქალაქის, იდეაში მტრის მოკვლაც კი არ შეიძლება, თუკი მისი ცოცხლად აყვანის შანსი გაქვს. მაგრამ მერე რა? ვინ იცავს ამ წესს? რომ იცავდნენ, ხომ არ გვეყოლებოდა მკვდარი კოლეგები?! ასე რომ, ამ წესის იმედზე ნუ იქნებით. გააკეთეთ ყველაფერი, რომ გადარჩეთ!

ისიც გაგებული გექნებათ: კარიდან რომ არ გიშვებენ, თუ ნამდვილი ჟურნალისტი ხარ, ფანჯრიდან უნდა შეხვიდეო. ბოდვაა — ომში, ყოველ შემთხვევაში. არ არსებობს კადრი, არ არსებობს ამბავი, რომლის გადაღებასაც შენი ჯანმრთელობის და, მით უმეტეს, სიცოცხლის ფასი შეიძლება ჰქონდეს. შენი, როგორც ჟურნალისტის, მიზანი მარტივია: მიიტანო ამბავი ადამიანებამდე, ვინც იქ არ არიან. ჰოდა, თუ მოკვდი, როგორ მიიტან? ვერ მიიტან. ამიტომ გააკეთეთ ყველაფერი, რომ გადარჩეთ!
ომამდე შეიძლება რამე უფრო მარტივ ამბავზე აღმოჩნდე. ყველაზე მარტივი მაინც სტიქიური უბედურებაა. მასშტაბს გააჩნია, თორემ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს ისეთ ტრაგედიებს გადავეყარე და ისეთი საფრთხის შემცველი გადაღება მქონდა, ბევრ შეიარაღებულ კონფლიქტში არ მქონია მსგავსი გამოცდილება.
ასეთ დროს ყველაფერი ისევ აღჭურვილობით იწყება: ფეხსაცმელი მყარი ძირით, კოჭს რომ ფარავს ისეთი ყელით და მოხერხებული; შარვალი, რომელსაც მარტივად შეელევი (სქესის განურჩევლად - შევთანხმდეთ, რომ ამას აღარ დავაკონკრეტებ, რადგან ყველაფერი თანაბრად გვეხება), რადგან დიდი შანსია, იმ სტიქიის მერე ისეთ მდგომარეობაში ჩავარდეს, აღარ ჩაიცმებოდეს; სასურველია შარფი, კეპი ან ჩაფხუტი (სტიქიას გააჩნია); სამედიცინო ჩანთა; სუფთა წყალი - გასაგებია, რომ დიდი მარაგის ტარება გაგიჭირდება, ამიტომ რასაც შეძლებ, ატარებ, დანარჩენისთვის კი ფილტრები არსებობს (ბოლოს და ბოლოს, სამედიცინო ნახშირისგანაც შეიძლება წყლის ფილტრის გაკეთება); მშრალი საკვები - ასეთ დროს ჩურჩხელა და „სნიკერსი“ იდეალურია; მოერიდე კუჭისთვის უცნობი საკვების მიღებას - დიარეა ბოლოა, რაც ასეთ დროს გჭირდება; საძილე ტომარა - არავინ იცის, როდის და როგორ დაიძინებ.
თურქეთი რომ ვახსენე, 2023-ში ადიამანის პროვინციაზე ვამბობ. მაშინ ყველა ზემოჩამოთვლილი რამ დამჭირდა: არც შენობა იყო მთელი, სადმე რომ დამეძინა, არც საჭმელი იშოვნებოდა და არც წყალი. მანქანით ჩავედით და წყალი საბარგულში მოვიმარაგეთ. რამდენიმე დღე მანქანაში გვეძინა. ბოდიში და, ვერ ვიბანავეთ - დანარჩენი თქვენ წარმოიდგინეთ. თუმცა ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისი სამგზავრო-ჰიგიენური საშუალებები გქონდეს, რომ იმ ეკოლოგიურ კატასტროფას შენიც არ დაუმატო.

და აქ შემოდის ნერვები. გარდა იმისა, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტრაგედიაა - დედები ნანგრევებში მოყოლილ შვილებს ეძებენ, ძმები - დებს, შვილები - მამებს - ამას ემატება შენი თვითგადარჩენის ინსტინქტებიც. მაგალითად, წყალი, რომელიც ისედაც დეფიციტურად გაქვს მომარაგებული, ამ ცხოვრებადაკარგულ ხალხს გაუყო თუ შენთვის შეინახო? „სნიკერსი“, რომელიც ისედაც ცოტა გაქვს, ობოლ ბავშვს გაუყო თუ შენთვის შემოინახო? მე როგორ ვიქცევი, არ გეტყვით - მით უმეტეს, აქ სწორი და არასწორი გადაწყვეტილებები არ არსებობს. ამიტომ გააკეთეთ ყველაფერი, რომ გადარჩეთ!
პირველი შეხება კრიზისთან აქციის დარბევისას მქონდა.
არც აირწინაღი, არც ჩაფხუტი, არც წვივების დამცავები, არც ფიზიოლოგიური ხსნარი, არც ევაკუაციის გეგმა, არც იურიდიული გეგმა, არც... არც... არც... იმდენი „არც“ იყო. მეტიც, პრიმიტიული პირბადეც კი არ მქონდა, არათუ რამდენიმე წყვილი, ყოველი მძიმე შესუნთქვის მერე რომ გამომეცვალა. თუმცა ისე მოხდა, ალბათ რაღაც ინსტინქტით, რომ არაფერი დამმართნია. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, დაპირისპირებულ მხარეებს შორის არ აღმოჩნდე. კადრისთვის და დაკვირვებისთვისაც შემაღლებული ადგილი უნდა ნახო, სასურველია გვერდიდან, და ისე იმუშაო. თუმცა ეს შემაღლებაც მაქსიმუმ წელის სიმაღლეზე უნდა იყოს - ადვილად რომ ახვიდე-ჩამოხვიდე და ჩამოვარდნის შემთხვევაში არაფერი დაიზიანო. კიდევ ბევრი წესი და ლოგიკაა, მაგრამ ლექცია ხომ არ გვაქვს. მოკლედ, გააკეთეთ ყველაფერი, რომ გადარჩეთ!
ისევ ომს რომ დავუბრუნდეთ. სახელდობრ, 2008 წელს. პირველად ჯავშანჟილეტი 12 აგვისტოს ჩავიცვი, კასპის გადასახვევთან რომ მოაწყეს რუსებმა გამშვები პუნქტი, აი, იქ და მაშინ. არა, ისე არ გაიგოთ, თითქოს მაშინ დავიწყე იმ ომის გაშუქება და მანამდე მეძინა. უბრალოდ, მანამდე კედების, ზოლიანი მაისურისა და მუხლზე გადახეული ჯინსის ამარა ვიყავი. ომის ცხელი ფაზა და ცხელი წერტილები მასე გავიარე. არაა ძნელი მისახვედრი, რომ მაშინაც გადავრჩი. ამჯერად ალბათ არა რაღაც ინსტინქტის, არამედ რაღაც ძალის დახმარებით, თორემ თუკი რამე უსაფრთხოების წესია, რაზეც მეტ-ნაკლებად ზევით ვილაპარაკე, ყველა დარღვეული მქონდა. მაგრამ მაინც იყო ინსტინქტიც.
ისე მოხდა, მასალის გამოსატანად ერგნეთიდან გორში მომიწია გამოსვლა. ვინც შემცვალა, დავუბარე: აქედან ფეხი არ გაადგათ, იქით წითელი ზონაა, ვერავინ აკონტროლებს-მეთქი. ჰოდა, გორიდან რომ ვბრუნდებოდი, მირეკავს: რა ვქნათ, შიგნით შევედით და ახლა ყანაში ვწევართ, გვესვრიანო. ნეტავ დაგჭრან-მეთქი - სასიკვდილოდ მაინც ვერ გავიმეტე, ვძმაკაცობდი ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ძალიან კი გავბრაზდი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ომში წითელი ზონები უნდა იცოდე და არავითარ შემთხვევაში არ გადაკვეთო ისინი. მოკლედ, გააკეთეთ ყველაფერი, რომ გადარჩეთ!
ომში ყველაზე მძიმე ომგადარჩენილი ადამიანების ჩაწერაა. არასდროს დააძალო ან მოტყუებით არ ჩაწერო ისინი. თუ ცოტა დრო გაქვს, მათთან ინტერვიუს ნუ დაიწყებ. აჩვენე, რომ გაინტერესებს მისი ამბავი და სენსაციას არ ეძებ. ამას მართლა ლექცია სჭირდება და თუ ეს ამბავი გაინტერესებს, ტრავმირებულ ადამიანებთან ინტერვიუს კურსი გაიარე აუცილებლად. მით უფრო, რომ ამ ყველაფერმა შეიძლება შენც მარტივად დაგანგრიოს. ამიტომ, გააკეთეთ ყველაფერი, რომ გადარჩეთ!
იმასაც გაიგებდით: აუცილებელია, კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის პოზიცია გააჟღეროთო. ჰო, ძირითადად ეგრეა, მაგრამ... აბა, „მაგრამს“ აქ როგორ ავუვლით გვერდს? წარმოიდგინე, ამინდს აშუქებ. ერთი რესპონდენტი ამბობს - წვიმსო, მეორე - არ წვიმსო. შენი ფუნქცია ის კი არაა, მაყურებელს მოუყვე, ერთი ამბობს წვიმს, მეორე კი - არაო. შენი მოვალეობაა, გაიხედო ფანჯარაში და თქვა, რას ხედავ.

ჰოდა, თავში დაწყებულ ამბავს რომ დავუბრუნდე...
გაივლის წლები და ჩემს პირველ სალექციო დღეს, ჩემს პირველ აუდიტორიაში, ჩემი პირველი სტუდენტების წინაშე, ჩემი პირველი ლექციის მოლოდინში ვიტყვი:
- ჩემი მიზანია, კურსის ბოლოს ყველამ გადაიფიქროთ ჟურნალისტობა; უარეს შემთხვევაში - არასდროს მოგინდეთ conflict reporter-ობა; და თუ ამას ვერ შევძლებ, ის მაინც მოვახერხო, რომ გადაღებიდან სახლში ცოცხლები და უვნებლები დაბრუნდეთ! თუ მოკვდებით, ამბავს ვერ მოყვებით. ცოტა ხანს გიგლოვებენ, შეიძლება ტელევიზიის ფოიეში პანაშვიდი გადაგიხადონ, ერთი კვირა მუსიკის გარეშე გავა ქუდი, წლისთავზე ბევრი ადამიანი მოვა საფლავზე, ორზე - ნაკლები, სამზე -კიდევ უფრო ნაკლები. სადღაც ხუთ წელიწადში მხოლოდ საკუთარი ჭირისუფლის მკვდარი იქნებით.
ამოვისუნთქავ და თეთრ დაფაზე დავწერ: „მკვდარი ჟურნალისტი - ცუდი ჟურნალისტი!“



