მაყურებელი… გაშიშვლება… თვითდაზიანება, ხელბორკილები დეესკალაციის ოთახში
რა ხდება ციხეებში - სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით


სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა: უწყების განცხადებით, დავითაძემ უცნობი საგანი გადაყლაპა და კლინიკაში გადასვლაზე უარი განაცხადა, პარალელურად კი მან შიმშილობა დაიწყო. დედის განმარტებით, პროტესტი იმ პატიმრების დეესკალაციის ოთახში გადაყვანას უკავშირდება, რომლებმაც შვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. ამ ფაქტსაც პენიტენციური სამსახური უარყოფს და ამბობს, რომ პატიმრები დეესკალაციის ოთახში თანამშრომლებზე თავდასხმის გამო გადაიყვანეს.
ამ მწვავე საჯარო ბრალდებებმა და ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დასვა კითხვა: რა ხდება რეალურად პენიტენციურ დაწესებულებებში?
გთავაზობთ ამონარიდებს საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2025 წლის ანგარიშიდან.

„დეესკალაციის ოთახებში და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში მოთავსება კვლავაც ხშირად და ხანგრძლივი ვადით გამოიყენება, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების მიმართ. ეს უმეტეს შემთხვევაში მაქსიმალური ვადით ხდება და ადგილი აქვს ერთი და იგივე პირის წუთებისა და საათების ინტერვალებით, ფაქტობრივად უწყვეტ მოთავსებას, რამდენიმე დღისა და კვირის განმავლობაში. დეესკალაციის ოთახიდან გამოყვანის შემდეგ პატიმარი შეიძლება მოათავსონ სამარტოო (უსაფრთხო) საკანში და კვლავ დააბრუნონ დეესკალაციის ოთახში. ამასთან, წარმოებული დოკუმენტაცია შაბლონურია და არ შეიცავს ინდივიდუალურ და არგუმენტირებულ დასაბუთებას, ხოლო პატიმრებისთვის ეს ყველაფერი დასჯად აღიქმება,“ - ვკითხულობთ საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2025 წლის ანგარიშში.

„№2 და №8 დაწესებულებებში კვლავ ფიქსირდება არასრულწლოვნების დეესკალაციის ოთახში და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსების შემთხვევები. 2025 წელს, №2 დაწესებულებაში არასრულწლოვნის დეესკალაციის ოთახში მოთავსების 3 შემთხვევა იყო (სამივე 24 საათი), ხოლო №8 დაწესებულებაში - 2 (12 სთ. და 14 წთ., 19 სთ. და 10 წთ.).
არასრულწლოვნის განცალკევებით მოთავსების 18 შემთხვევა იყო: აქედან 15 შემთხვევაში — 24 საათზე ნაკლები, 3 შემთხვევაში -3 დღე, 6 დღე და 16 საათი, და 9 დღე.
აღნიშნული პირდაპირ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზნებს, ბავშვის უფლებათა კონვენციის სულისკვეთებას და წარმოადგენს მათ მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას“, - წერია დოკუმენტში.
№2 დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში ხელბორკილების დადება ძირითადად 2 საათიდან 5 საათამდე ვადით ხდება; ფიქსირდება 5 საათზე მეტი, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში - ინტერვალებით, თუნდაც 20 საათამდე ვადით გამოყენებაც.
მოცემული ანგარიშის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებებში გამოვლენილი ძალადობის, არასათანადო მოპყრობისა და კრიმინალური სუბკულტურის შესახებ ძირითადი დარღვევები და მაგალითები დაწესებულებების მიხედვით ასე გამოიყურება:
- №2, №5 და №8 დაწესებულებები: პატიმართა გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა თანამშრომელთა მხრიდან ყვირილის, უხეში, დამამცირებელი მიმართვისა და მუქარის ფაქტების შესახებ. გარდა ამისა, №2 და №5 დაწესებულებებში (№8-სთან ერთად) საკნებში კვლავ ერთად არიან განთავსებულები ბრალდებულები და მსჯავრდებულები, ინდივიდუალური მახასიათებლების გაუთვალისწინებლად, რაც კონფლიქტებს იწვევს.
სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2025 წელს თანამშრომელთა მხრიდან პატიმრის მიმართ სავარაუდო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის 1 შემთხვევაზე მიიღო ინფორმაცია. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მიერ ჩადენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის 7 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
№14, №15 და №17 დაწესებულებები: პატიმრებმა დაადასტურეს პრივილეგირებული პატიმრების (ე.წ. მაყურებლების) მიერ დაწესებულებების მართვაში არაფორმალური მონაწილეობა, რაც სერიოზულ საფრთხეს ქმნის და ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება.
№14 და №17 დაწესებულებები: ვიზიტების დროს სპეციალური ჯგუფის წევრებს მუდმივად თან დაჰყვებოდნენ კონკრეტული პატიმრები, რათა მოსმენოდათ კითხვა-პასუხი და თავიანთი ყოფნით ზემოქმედება მოეხდინათ პატიმრებზე, რომ მათ არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა არ ესაუბრათ. ამავე დაწესებულებებში პატიმრების არაფორმალური იერარქიის აშკარა ნიშნებზე წამების პრევენციის ქვეკომიტეტიც საუბრობს.
№11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება: მიღებულ იქნა ინფორმაცია პატიმართა არაფორმალური იერარქიის არსებობის შესახებ, ხოლო დაწესებულების ერთ-ერთმა თანამშრომელმაც ისაუბრა არასრულწლოვნებში კრიმინალური სუბკულტურის გავლენებსა და მისი დაძლევის აუცილებლობაზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ დაწესებულებებში არ არის წესრიგის შესანარჩუნებლად და ძალადობის ასაცილებლად საკმარისი რაოდენობის პერსონალი.
2025 წლის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიხედვით, გაცემულია რეკომენდაცია. სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს მიუთითებს, რომ აუცილებელია: №2, №5 და №8 დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მკაცრი იზოლირება და განცალკევება, პატიმართა რაოდენობის შესამცირებელი სამოქმედო გეგმის შემუშავება ევროპული სტანდარტების შესაბამისად და უსაფრთხოების პერსონალის გაზრდა ისე, რომ საცხოვრებელი ფლიგელების ყოველ 15 პატიმარზე მოდიოდეს მინიმუმ 1 თანამშრომელი.
მძიმეა პატიმრის შემოწმების პრაქტიკაც შესახლების მომენტში. სახალხო დამცველი ამბობს, რომ №2 და №8 დაწესებულებებში პატიმრების (მათ შორის არასრულწლოვნების) პირველადი შესახლებისას კვლავ ითხოვენ სრულ გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთებას, რაც არღვევს დებულებებს და წარმოადგენს დამამცირებელ მოპყრობას.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს თვალშისაცემია პატიმართა (მათ შორის, ქალთა და არასრულწლოვნთა ) რაოდენობის ზრდა - 2,6%. ამავე წლის დეკემბრის მონაცემებით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა განთავსების საერთო ლიმიტი 90,4%-ით იყო შევსებული და 14-დან 5 დაწესებულებაში იყო პატიმრების საერთო (11 153) რაოდენობის 79% (8 795).
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ №2, №8 და №15 დაწესებულებებში გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანია, პატიმრები გადაიყვანონ სხვა, შესაბამისი ტიპის დაწესებულებაში და ამ პროცესში გათვალისწინებული იყოს პატიმრის ოჯახის საცხოვრებელი ადგილი.
„ცალკეულ პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ პრობლემურია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების, ვენტილაციის, ბუნებრივი განათებისა და პენიტენციური კოდექსით დადგენილი 4 კვ.მ. მინიმალური ფართობის უზრუნველყოფის საკითხი. პენიტენციურ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურა კვლავ არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში შხაპის კვირაში მხოლოდ ორჯერ მიღების შესაძლებლობა ვერ აკმაყოფილებს პატიმართა ჰიგიენურ მოთხოვნებს. №17 დაწესებულებაში დღემდე არ გაუქმებულა ე.წ. „ბარაკული“ ტიპის საერთო საცხოვრებლები, სადაც შეუძლებელია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა.“
ასევე, №2, №5, №6, №8 და №11 დაწესებულებებში კვლავ პრობლემურია კონფიდენციალურ გარემოში სატელეფონო საუბრის განხორციელება, ვინაიდან ტელეფონის აპარატები განთავსებულია დაწესებულების თანამშრომლების სამორიგეო ოთახში ან კაბინაში, რომელსაც არ აქვს ხმის იზოლაცია და პატიმრების საუბარი კაბინის გარეთაც ისმის.
№2, №3, №5 და №8 დაწესებულებებში არაერთი პატიმარი აღნიშნავდა, რომ დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე საუბრის გამო ჰქონდათ დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ანგარიშსწორების შიში. ზოგადად, პატიმრებს ჰქონდათ განცდა, რომ შესაბამის ორგანოებს ვერ მიმართავდნენ ისე, რომ დაწესებულების ადმინისტრაციას ვერ გაეგო.
ანგარიში სახალხო დამცველის აპარატმა 26 ივნისს, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს, გამოაქვეყნა.




