ეკრანს მიღმა ჩასაფრებული
სად მთავრდება ბავშვური ნდობა და სად იწყება კიბერძალადობა?

თანამედროვე ციფრულ რეალობაში, სადაც ბავშვობამ თითქმის მთლიანად სმარტფონის მანათობელ ეკრანებში გადაინაცვლა, უსაფრთხოების ძველი საზომი აღარ მუშაობს. მშობელს ხშირად ჰგონია, რომ საკუთარ ოთახში მყოფი შვილი დაცულია, თუმცა ჩაკეტილი კარი სიმშვიდის გარანტიას აღარ იძლევა. ონლაინ-სივრცეში დანაშაული, იშვიათად იწყება აშკარა აგრესიით ან ხმაურიანი შემოჭრით. ის იპარება შეუმჩნევლად, მზრუნველი მეგობრის ნიღბით და ზუსტად იქ პოულობს ადგილს, სადაც მოზარდს ყველაზე მეტად უჭირს: მის ემოციურ დანაკლისსა და მარტოობაში.
სად გადის ზღვარი გულუბრყვილო ვირტუალურ გატაცებასა და წინასწარ გათვლილ, მანიპულაციურ ხაფანგს შორის? რა გზას გადის მოძალადე და რატომ რჩება ბავშვი საკუთარ შიშებთან სრულიად მარტო? ამ უმძიმეს გამოწვევებზე, ფარულ მექანიზმებსა და პრევენციაზე ადვოკატი თამარ გაბოძე გვესაუბრება და გვიხსნის, როგორ შეიძლება ამოვიცნოთ საფრთხე მანამ, სანამ შეუქცევადი შედეგი დადგება.
ნდობის ფარული ხაფანგი
ონლაინ-სივრცეში მოძალადეები გამოცდილი ფსიქოლოგებივით იქცევიან. მათ მშვენივრად იციან ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები, მისი გამოუცდელობა და იწყებენ ეტაპობრივ დაახლოებას. განსაკუთრებული სამიზნე კი ის მოზარდია, რომელსაც აკლია აღიარება, განიცდის ბულინგს სკოლაში ან ოჯახში ვერ პოულობს ემოციურ საყრდენს.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” დირექტორის, თამარ გაბოძის თქმით, მოძალადე, ბავშვის ემოციური დეფიციტით ოსტატურად თამაშობს:
„მოძალადე ინტერესდება, რა უყვარს ბავშვს, რა დანაკლისი აქვს - მშობლებთან კომუნიკაციის დეფიციტია ეს თუ სკოლაში ბულინგის მსხვერპლია.. ის ურთიერთობას ისე აწყობს, რომ ბავშვს ეს ახალი მეგობარი მოსწონს, თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებს. თუ დედამ სადმე არ გაუშვა, მოძალადე ეუბნება, რომ ის ნამდვილად გაუგებდა, ნამდვილად ენდობოდა და გაუშვებდა. იწყებს შექებას, ზოგჯერ საჩუქრებსაც ჩუქნის. ბავშვი კი თავისდაუნებურად ხდება ანგარიშვალდებული, ამ მეგობრის მიმართ.“
თუ რეალურ სამყაროში მოძალადეს, მსხვერპლის დასამარტოხელებლად ხელსაყრელი გარემოება სჭირდება, ციფრულ სივრცეში ბარიერები აღარ არსებობს. ის ბავშვის პირად სივრცეში ნებისმიერ დროს, ერთი შეტყობინებით იჭრება.
განმარტოების მოთხოვნა და მორალური შანტაჟი
როდესაც ნდობის პირველი საფეხური მიღწეულია, ურთიერთობა სახიფათო ფაზაში გადადის. მოძალადე ბავშვს სთხოვს, საუბრისას ცალკე ოთახში გავიდეს და კომუნიკაცია, ოჯახის წევრებისგან დამალოს. სწორედ აქედან იწყება პირადი ინფორმაციის, ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გამოძალვა.
ამ ეტაპზე მოზარდს უარის თქმა უკვე ძალიან უჭირს, რასაც თამარ გაბოძე მოძალადის მიერ შექმნილი მორალური წნეხით ხსნის:
„როდესაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვებას სთხოვს, უარი უკვე მარტივი აღარ არის, იმიტომ რომ არ გინდა აწყენინო მეგობარს. მოძალადისგან მოდის სტრესი: 'ნუთუ არ დავიმსახურე შენი ნდობა? მე თუ გენდობოდი, შენ რატომ არ მენდობი?' ბავშვი ფიქრობს, ნუთუ ისეთი ადამიანი ვარ, რომ ამ ,,კარგ ადამიანს’’ არ ვენდობიო, ამგვარად ახერხებენ, გატეხონ ბავშვის ნება.“
როდესაც მეგობრობის ნიღაბი ძალას კარგავს, იწყება პირდაპირი მუქარა და შანტაჟი, რომ მასალას გაუგზავნიან მშობლებსა და სკოლას. ბოლო დროს განსაკუთრებულ საფრთხედ იქცა ხელოვნური ინტელექტიც, როცა მოზარდს ყალბი ინტიმური ფოტოებით აშინებენ სიტყვებით: „არავინ დაგიჯერებს, რომ ეს შენ არ ხარ“.

ორმაგი ჩიხი: რატომ დუმს მსხვერპლი?
სტატისტიკურად, კიბერძალადობის მთავარი სამიზნე 8-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები არიან, უმეტესად გოგონები, თუმცა რისკის ქვეშ ბიჭებიც იმყოფებიან. ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ ბავშვები ამ პრობლემაზე თითქმის არ საუბრობენ.
იურისტის შეფასებით, მიზეზი ოჯახისგან მომავალი კრიტიკის შიშია:
„ეს არ არის ისეთი დანაშაული, რომ ადამიანმა მარტივად ისაუბროს. ეს არ არის ეკონომიკური დანაშაული, სადაც იტყვი, რომ ტელეფონი მოგპარეს. ბავშვმა უნდა თქვას, რომ ფოტო გაუგზავნა ვიღაცას, რასაც უმეტეს შემთხვევაში კრიტიკა მოჰყვება ოჯახისგან. ამას ემატება მოძალადის მუქარაც, რომ არავინ დაუჯერებს, ბავშვი ფიქრობს, რომ ისევ თვითონ გაამტყუნებენ, ამიტომ რჩება სრულიად მარტო ამ ძალადობის პირისპირ.“
აკრძალვა თუ ნდობა: სად არის გამოსავალი?

პირველი რეაქცია, რომელიც მშობლებს აქვთ, ქმედებაში აკრძალვად ითარგმნება. პირველი ნაბიჯი კი ტელეფონის ჩამორთმევა, ინტერნეტის გათიშვა და მიმოწერების ფარული კონტროლია. თამარ გაბოძე აღნიშნავს, რომ ეს არა მხოლოდ არასწორი, არამედ საზიანო მიდგომაცაა:
„ინტერნეტის გათიშვა და კონტროლი გამოსავალი არ არის, ეს ბავშვის პირადი სივრცის დარღვევაა და მოძალადის წისქვილზე ასხამს წყალს. მოძალადე ხომ ეტყვის: “ხომ გეუბნებოდი, რომ მანდ არ გაფასებენ და არ გენდობიან”. პირიქით, უფრო დიდი უფსკრული ჩნდება მშობელსა და ბავშვს შორის. გამოსავალი არის საუბარი, საფრთხეების ახსნა და ის რომ ბავშვმა, გაჭირვების დროს მშობლის გვერდში დგომა იგრძნოს.“
გარდა ოჯახური კომუნიკაციისა, ადვოკატის ხედვით აუცილებელია:
პრევენცია, როგორც გადარჩენილი ბავშვობა
როდესაც საქმეში პოლიცია ერთვება და იწყება გამოძიება, ბავშვი უკვე დაზიანებულია. კანონის ჩარევა მხოლოდ შედეგთან ბრძოლაა, ნამდვილი გამარჯვება კი საფრთხის თავიდან აცილებაში მდგომარეობს.
„ბავშვი არ არის მშობლის საკუთრება, ბავშვი არის მშობელთან დროებით და მშობლის ვალდებულებაა, რომ ის დააყენოს გზაზე, ასწავლოს, მისცეს განვითარება და მერე გაუშვას. ნებისმიერი ბავშვის დაყოლიება და მოტყუება შესაძლებელია არა იმიტომ, რომ ჩვენ უფრო ჭკვიანები ვართ, არამედ იმიტომ, რომ მას გამოცდილება და ასაკი აქვს ნაკლები. ამიტომ სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა.“
სანამ მოზარდს ეცოდინება, რომ შეცდომის აღიარებას სახლში კრიტიკის ნაცვლად უპირობო სიყვარული და დაცვა დახვდება, ის ეკრანს მიღმა ჩასაფრებულ მანიპულატორებთან მარტო აღარასდროს დარჩება.




