ბათუმელ მედროშეს სავარაუდოდ 7 ნოემბერს საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლებენ
ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატის განცხადებით, მან პროკურორ თამარ იაკობიძისგან საპროცესო შეთანხმების პირობებზე დასტური მიიღო

ადვოკატ ნინო ლომინაძის თქმით, საპროცესო შეთანხმების პირობა 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთაა და ასევე, 2 წელი პირობითი მსჯავრი.
მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე გაფორმდება საპროცესო შეთანხმება. პირობები მისაღებია, როგორც ზურაბ ჭავჭანიძისთვის, ასევე - პროკურატურისთვის.
ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე – რასაც სასამართლოს დადასტურება სჭირდება – შეუძლია უარი თქვას საპროცესოზე, რომლის აუცილებელი პირობაა წარდგენილი ბრალის აღიარება.
ზურაბ ჭავჭანიძე „4 ოქტომბრის საქმის“ ერთ-ერთი მსჯავრდებულია, რომელსაც 2026 წლის 22 ივნისს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ამ საქმეზე ბრალდებულ კიდევ 7 პირს.
ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეა.
მას პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.




