ციხეში ჩამსვეს მდინარაძის სცენარით, რომელსაც მხარს მისი თანაკურსელი, გვარაკიძე უმაგრებს - ელისო კილაძე
ჟურნალისტმა სასამართლო სხდომაზე სიტყვა წარმოთქვა

"ქრონიკა +" - ის რედაქტორის თქმით, ის ციხეში მამუკა მდინარაძის გამოგონილი სცენარის გამო მოხვდა.
ელისო კილაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრალს არ აღიარებს და არ აპირებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.
ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი სუსის ექს დირექტორი, მამუკა მდინარაძეა. სამწუხაროდ, მას მხარს დღემდე უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი, გიორგი გვარაკიძე. მიზანი მიღწეულია, რედაქცია დარბეული და დახურულია, რედაქტორი ციხეშია. თქვენი გამამტყუნებელი განაჩენი იქნება ხელისუფლების პასუხი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასტური. მადლობელი ვარ სახელმწიფო ბრალდების - ამ ტრიბუნასთან რომელიმე ნარკორეალიზატორი რომ არ დააყენეს და მძიმე ნარატივი არ განავითარეს - ნარკოტიკებთან, ბარიგებთან და ნარკოპოლიციელებთან ჩემი უკომპრომისო ბრძოლა რომელიმე ნარკორეალიზატორის დაკვეთად არ გამოაცხადეს. ბრალს არ ვაღიარებ, დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე. ჩემი ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ ცუდი ადამიანების მგელთმოშიშობის ვირწმუნე. ჩვენ ვიბრძვით წყვდიადში, რათა ვემსახუროთ სინათლეს! და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე! სიმართლე სინათლეა - ესაა ჩემი ბოლო სიტყვა!"
ჟურნალისტმა ადვოკატებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე კილაძემ მადლობა გადაუხადა ოჯახის წევრებს და მეგობრებს გვერდით დგომისთვის.
„ქრონიკა+“-ის რედაქტორი ჟურნალისტი 2026 წლის 18 თებერვალს ე.წ. თაღლითურ ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს. გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავება.
ელისო კილაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს.
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე.




