თბილისში 4 არასრულწლოვანი დააკავეს
გამოძიება მათ ჯგუფურ ძარცვასა და ქურდობას ედავება.

შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციამ ჯგუფური ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავა.
გამოძიების თანახმად, არასრულწლოვანებმა სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან და ერთ-ერთი კვების ობიექტიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილებიდან მიიმალნენ.
"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია აღნიშნულ ობიექტებში განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო და კვების ობიექტებს ჯამში 20 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოთხივე არასრულწლოვანი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს" - აცხადებს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




