თავისუფლების ხმა ციხიდან
რეგიონებიდან ევროპარლამენტამდე: სინდისის პატიმრების ოჯახების ორწლიანი ბრძოლა პროპაგანდის წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მასშტაბით ათობით სოფელსა და ქალაქში 60 000-ზე მეტი გაზეთი, "თავისუფლების ხმა ციხიდან” გაავრცელეს, პატიმრებზე საუბარს ევრო პარლამენტში გააგრძელებენ- სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ბრიუსელში ჩავიდნენ.
მანამდე, კი თითქმის ორი წელია, რაც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ქვეყნის მასშტაბით, პროპაგანდასთან ბრძოლის იარაღად სპეციალურ გაზეთს - „თავისუფლების ხმა ციხიდან“ - იყენებენ. გამოცემა მთლიანად ეფუძნება 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდებისა და სტუდენტების წერილებს, ასევე მათ ისტორიულ სასამართლო სიტყვებს.
გაზეთზე ოთხმა ქალმა პოლიტიკოსმა - თეონა ჭალიძემ, დეა მეტრეველმა, ბარბარა ჯიმელი სულაშვილმა და ანა გოგოლაძემ - იმუშავა. მათ სინდისის პატიმრების ოჯახები შემოიკრიბეს და მთელი საქართველო ასე შემოიარეს.
„გაზეთის შექმნის პროცესი ამ ამბის ნახევარია, მეორე ნახევარი კი მის გავრცელებასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში შეტანილ წვლილზეა. ემოციური, დამღლელი, რუტინული და სტრესული, მაგრამ შედეგიანი გზის გასავლელად რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი დედების შემართება უდიდესი მოტივაცია იყო ჩემთვის და ყველასთვის, ვინც ამ საქმეში გვერდით გვედგა - სხვადასხვა საპროტესტო ჯგუფებისთვის, პოლიტიკური პარტიების წევრებისთვის, აქტივისტებისთვის, მოხალისე მძღოლებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის“- აცხადებს თეონა ჭალიძე „სანდო წყაროსთან“.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული პატიმრების მშობლებმა ორი წლის განმავლობაში საქართველოს 56 ქალაქსა და რეგიონში გაზეთის 65 000-ზე მეტი ეგზემპლარი დაარიგეს. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებთან ერთად, უპირისპირდებოდნენ პროპაგანდას, რომელსაც მმართველი გუნდი პროევროპულ აქციებზე დაკავებული პირების წინააღმდეგ იყენებს.
სინდისის პატიმრების ოჯახებისა და პოლიტიკოსების შემდეგი გაჩერება ბრიუსელია. საქართველოს შემდეგ, ახლა უკვე ევროპარლამენტიდან გაჟღერდება თავისუფლების ხმა. მშობლები ევროპარლამენტარებთან ისაუბრებენ იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში და რატომ დააკავეს ახალგაზრდები, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძოდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და პატიმრების ოჯახის წევრები ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებსაც შეხვდებიან.
„როცა შენს ქვეყანაში ვერ პოულობ სამართალს და მიდიხარ სხვაგან, რომ ევროპელ პარტნიორებს აჩვენო, რამდენი უსამართლობა ხდება საქართველოში, ეს ძალიან გულსატკენია. არასოდეს მეგონა, რომ ჩემს ქვეყანაში ვერნაპოვნი სიმართლის საძებნად ბრიუსელში ჩასვლა მომიწევდა“ - აცხადებს ეკა წერეთელი „სანდო წყაროსთან“.

ოჯახებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან გაზეთების დარიგებისა და რეგიონებში სიარულის მთავარი მოტივაცია სასამართლო სხდომების დახურვა იყო. როგორც 21 წლის სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე „სანდო წყაროსთან“ აცხადებს, „ქართული ოცნების“ ახალი კანონპროექტისა და სასამართლოში მედიის აკრძალვის ფონზე, მათი შვილების გზავნილები აღარ ვრცელდებოდა. ამიტომ გადაწყვიტეს, ბრძოლის ახალი ხერხისთვის მიემართათ და ხალხთან პირისპირ ესაუბრათ - არა მხოლოდ სინდისის პატიმრებზე, არამედ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც.
„ერთი წლის წინ, როცა მოქალაქეებს რაღაც ინფორმაციას ვაწვდიდით, გაკვირვებული თვალებით გვიყურებდნენ, ვერ ხვდებოდნენ, რომ ეს საქართველოში ხდებოდა. აი, ერთი წლის შემდეგ, როცა იმავე ტერიტორიაზე გავიარეთ, იმავე რაიონში და ისევ მივიტანეთ გაზეთები, ადამიანების დიდი უმრავლესობა უკვე ინფორმირებული იყო არა მარტო ჩვენი შვილების სიმართლესა და ბრძოლასთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც. ფაქტობრივად, ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს მიზანს - საზოგადოებას ჩვენი შვილების შესახებ ჭეშმარიტი, სწორი და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდეთ. ხალხმა დაინახა, სად არის ტყუილი და სად - სიმართლე, რომ რეჟიმი მათ ბრმა იარაღად იყენებს და ასე შემდეგ“ - ცხადებს ზურაბ ცეცხლაძე.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს თითოეულ ქალაქში, სოფელსა თუ რეგიონში სხვადასხვა განწყობით ხვდებოდნენ - იყო თანაგრძნობაც და დაპირისპირებაც.
სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის დედა, ნანი წულაია „სანდო წყაროსთან“ არაერთ შემთხვევას იხსენებს. მისთვის ყველაზე რთული და დასამახსოვრებელი ინციდენტი თბილისში, ლილოს ბაზრობაზე მოხდა, სადაც მოქალაქე დაუპირისპირდა:
„ლილოს ბაზრობა მოვიარეთ, ხალხმრავალი ადგილი რომ იყო, და ასეთი ხმამაღალი ინციდენტი შემემთხვა: აფხაზეთიდან დევნილმა კაცმა, რომელსაც რუსებმა შვილი მოუკლეს, გაზეთი დამიხია, სახეში შემაფურთხა და ასე მითხრა: „რა არ მოგწონთ და რა ვერ გასვენებთო“. კაცი იმას ვერ ხვდებოდა - რუსებმა რომ მოუკლეს შვილი, მეც რომ არ მინდოდა, ჩემი შვილი მოეკლათ რუსებს და ამისთვის ვიბრძვი, ეს ვერ გაიგო ვერანაირად“ -ამბობს ნანი წულაია „სანდო წყაროსთან“.

სინდისის პატიმრების ნაწილი ციხეს დეკემბერში დატოვებს, თუმცა, ამის მიუხედავად, ოჯახები პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.




