სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოში მისი მეუღლე დაიკითხა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმე - ბრალდებულის მეუღლე, მაია ჭეიშვილი დაიკითხა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმე - ბრალდებულის მეუღლე, მაია ჭეიშვილი დაიკითხა.
პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, მოწმემ ზოგად საკითხებზე, კერძოდ ოჯახის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასა და იმ ფინანსურ სახსრებზე ისაუბრა, რომლითაც აღნიშნული ქონება შეიძინეს. პროკურორმა აღნიშნა, რომ უშუალოდ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით მოწმეს ინფორმაცია არ ჰქონია. პროკურორის თქმით, ლილუაშვილთან დაკავშირებული ქონება დაყადაღებულია, ხოლო მისი ბიძაშვილის, ანდრია ლილუაშვილისგან ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით მოწმემ განაცხადა, რომ მათ შორის რაიმე საერთო ფინანსური ინტერესების შესახებ ცნობებს არ ფლობდა.
პროკურორმა ასევე უპასუხა შეკითხვას შესაძლო საპროცესო შეთანხმებაზეც და განმარტა, რომ ბრალის აღიარებისა და თანამშრომლობის შემთხვევაში უწყება ნებისმიერ განცხადებას განიხილავს, ხოლო გადაწყვეტილება ბრალის აღიარებაზე თავად ლილუაშვილმა უნდა მიიღოს, სუსის ყოფილი უფროსი დაკავების დღიდანვე აცხადებს,რომ ის წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლით (სსკ-ის 338-ე მუხლი) აქვს წარდგენილი, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




