ძალადობის ფაქტს დისციპლინური კომიტეტი სწავლობს - 175-ე საჯარო სკოლის დირექტორი
ძალადობის ფაქტი, რა დროსაც სკოლის მოსწავლე სცემეს, 16 ოქტომბერს მოხდა
175-ე საჯარო სკოლის დირექტორი სკოლის სიახლოვეს მომხდარ დაპირისპირებაზე, რა დროსაც მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ სახის ძვლების დაზიანებები მიიღო, ინფორმირებულია. ირაკლი კუპატაძე პირველ კომენტარს „სანდო წყაროსთან“ აკეთებს. სკოლის დირექტორის განცხადებით:
„ სკოლა ყველანაირ რეაგირებას, კანონის მიხხედვით, ახდენს. მეტი, რაც არ შეგვიძლია, იმას ვერ გავაკეთებთ. დეტალებთან დაკავშირებით ღიად ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს ეხება ბავშვებზე ინფორმაციას. ზოგადად კი, საკითხი დისციპლინურზეა გადაცემული, ვიკვლევთ ყველა კუთხით. თუ დაფიქსირდება მასწავლებლის გადაცდომა, გვექნება შესაბამისად რეაგირება.“
კითხვაზე, როგორ გაეპარნენ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს მოზარდები სკოლის ტერიტორიიდან, დირექტორი გვეუბნება:
„მანდატურის სამსახური არის ცალკე უწყება, მათ შესაბამისი რეაგირება ჰქონდათ ამ საქმეზე. სკოლამ შესაბამისი რეაგირების მიზნით ეს საკითხი იმავე დღეს გადასცა კომიტეტს, რომელიც აღნიშნულ საკითხს იკვლევს. მეც ვარ მოლოდინის რეჟიმში, თუ რა დასკვნა მომივა; დასკვნის გარეშე პასუხის გაცემა არ იქნება სწორი. პირდაპირ ვაფიქსირებ, თუ რომელიმე მხარის დანაშაული, მაგალითად მასწავლებლის, გამოვლინდება, სკოლა იმოქმედებს კანონის შესაბამისად. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ცივილურად მივუდგეთ საკითხს და მოვაგვაროთ პრობლემა, შესაბამისად ვიმოქმედებთ კანონის სრული დაცვით. რაც შეეხება კომიტეტს, შესწავლის დროს შესაძლოა იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, რა ვადაც ჰქონდა მითითებული, გააჩნია, სად რა გამოიკვეთება.“
„სანდო წყაროს“ ინფორმაციით, შემთხვევა 16 ოქტომბერს მოხდა, რა დროსაც ქართულის გაკვეთილზე პირობითი სახელით ლევანმა თანაკლასელს, ასევე პირობითი სახელით ირაკლის, ქაღალდის თვითფრინავი ესროლა. ამ ფაქტმა ირაკლის უკმაყოფილება გამოიწვია: თანაკლასელს ჯერ შენიშვნა მისცა, შემდეგ კი ხელი გაარტყა. მომდევნო გაკვეთილზე თანაკლასელებმა საგაკვეთილო პროცესი დატოვეს, მანდატურის სამსახურს გაეპარნენ და სკოლის გარეთ გავიდნენ. პირობითი სახელებით - ირაკლიმ ლევანი დაიმარტოხელა და მას სახის არეში დაარტყა. ბიჭმა გონება დაკარგა; „სანდო წყაროს“ გვიყვებიან, რომ გონების დაკარგვის შემდეგ მოზარდი თანაკლასელს წიხლებს სახეში ურტყამდა. 16 წლის ბიჭს სახის ძვლები აქვს მოტეხილი, მას ჩაუტარდა ოპერაციაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების თქმით, გამოვლენილია ერთი პირი. დაზარალებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე, მაგრამ სტაბილურია.




.webp&w=1920&q=75)