სტატისტიკის ხაფანგში
ორგანიზებული დანაშაულის რეალური საფრთხე და მართლმსაჯულების სტანდარტი
ორგანიზებული დანაშაული და ე.წ. „ქურდული სამყარო“ საქართველოსთვის ათწლეულებია ერთ-ერთ უმძიმეს გამოწვევად რჩება. ეს არ არის მხოლოდ კრიმინალური სტატისტიკის ნაწილი - ეს არის ჩრდილოვანი სისტემა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფო ინსტიტუტებს, ნერგავს ძალადობრივ წესებს და საზოგადოების უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან ამ საფრთხესთან შეურიგებელი და მკაცრი ბრძოლა არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ მისი პირდაპირი ვალდებულებაა.
თუმცა, როცა საქმე ქურდულ სამყაროს ეხება, ჩნდება საშიში ცდუნება: კრიმინალთან ბრძოლის სახელით სახელმწიფომ თავად დაარღვიოს კანონი. დამნაშავის დასასჯელად პოლიცია ხშირად მოკლე გზას ირჩევს - მტკიცებულებების შეგროვების ნაცვლად, წესებს გვერდს უვლის და საკუთარ თვითნებობას „კანონის სიმკაცრით“ ამართლებს.
ამის ნათელი გამოვლინებაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ბოლო მასშტაბური სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით ერთბაშად 80 ადამიანი დააკავეს. ერთი მხრივ, მსგავსი ოპერაციები საზოგადოებას უჩვენებს სახელმწიფოს ძალასა და მზაობას, ებრძოლოს ჩრდილოვან გავლენებს. მეორე მხრივ კი, სამართლებრივ სივრცეში ჩნდება კითხვა: რამდენად არის ეს ციფრები სისტემური, სიღრმისეული გამოძიების შედეგი და რამდენად - პოლიციური სტატისტიკის დემონსტრირება?
პრობლემის არსი ისაა, რომ ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრა მხოლოდ შედეგებთან ბრძოლით მასობრივი დაკავებით - შეუძლებელია. თუ არ გამოვიკვლიეთ მიზეზები, რატომ პოულობს კრიმინალური მენტალიტეტი კვლავ ნოყიერ ნიადაგს ჩვენს საზოგადოებაში და რატომ მიმართავენ მოქალაქეები დავების მოსაგვარებლად არა სასამართლოს ან სახელმწიფოს შესაბამისს სტრუქტურებს, არამედ კრიმინალურ ავტორიტეტებს.
ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე, რომელიც ამ კატეგორიის საქმეებში ბრალდებულთა უფლებებს იცავს, ყურადღებას ამახვილებს გამოძიების საწყის ეტაპზე არსებულ პროცედურულ პრობლემებზე. მისი თქმით, ხშირად საქმის წარმოება იწყება არა უტყუარი მტკიცებულებებით, არამედ ფორმალური პატაკებით:

ადვოკატის განმარტებით, როდესაც სასამართლო განხილვებისას სამართალდამცავებს ეკითხებიან, დადასტურდა თუ არა პატაკში მითითებული თავდაპირველი ოპერატიული ინფორმაცია, უმრავლეს შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. ფარული მიყურადება კი ხშირად გამოიყენება არა უკვე გამოკვეთილი დანაშაულის დასადასტურებლად, არამედ იმ იმედით, რომ ჩანაწერებში რაიმე - მტკიცებულებად გამოსადეგი ინფორმაცია გამოჩნდება.
კანონმდებლობა მკაფიოდ განასხვავებს ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ ოთხ შემადგენლობას:
· კანონიერ ქურდობას
· წევრობას
· მხარდაჭერასა
· მიმართვას
კანონი თითოეული შემადგენლობისთვის უტყუარ მტკიცებულებებს ითხოვს. რეალობაში კი, ნაცვლად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანომ პირის როლი ზედმიწევნით გამიჯნოს, უპირატესობა თითქმის ყოველთვის ყველაზე მკაცრი კვალიფიკაციას ენიჭება.
ამასთანავე, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა მტკიცებულებების მაღალ სტანდარტს მოითხოვს. მაგალითად, შეერთებულ შტატებში, სადაც ცნობილი „რიკოს აქტით“ (RICO Act) ებრძოდნენ უმძიმეს მაფიოზურ კლანებს, ლეგენდარული ალ კაპონეც კი მხოლოდ იმისათვის გასამართლდა, რაც უტყუარად დადასტურდა,კერძოდ, კი გადასახადებისგან თავის არიდება. სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი პრინციპი სწორედ ესაა: ისჯება კონკრეტული, დამტკიცებული ქმედება და არა პიროვნების რეპუტაცია თუ სტატუსი.
როდესაც პრიორიტეტი დაკავებულთა რაოდენობა ხდება და არა საქმის დეტალური გამოძიება, ბრალდებულთა შორის სრულიად უდანაშაულო ადამიანების აღმოჩენის საფრთხე მკვეთრად იზრდება.
სწორედ აქ წყდება სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხიც. დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება უნდა იყოს არა საპოლიციო სტატისტიკის დამკანონებელი, არამედ ის ბარიერი, რომელიც მოქალაქეს უსაფუძვლო დევნისგან იცავს.
ორგანიზებული დანაშაული უდავოდ მოითხოვს სახელმწიფოსგან პრინციპულ და უკომპრომისო რეაგირებას. თუმცა, როდესაც ეს ბრძოლა მხოლოდ რიცხვების ზრდაზე, ფორმალურ პატაკებსა და ბრალდების ავტომატურ დამძიმებაზე გადადის, რისკის ქვეშ დგება თავად სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა - სისტემა, რომელშიც დანაშაული მკაცრად უნდა ისჯებოდეს, მაგრამ მხოლოდ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების უპირობო დაცვით.




