სპეცოპერაცია „Polk Around and Find Out II“
ფლორიდაში არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 281 ადამიანი დააკავეს

Disney-სა და Universal Studio-ს თანამშრომლებს ფლორიდაში ხელბორკილები დაადეს. პოლკის ოლქში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, არასრულწლოვანთა სექსუალურ ექსპლუატაციასა და ინტერნეტ-ნადირობას, ადამიანებით ვაჭრობასა და პროსტიტუციის ორგანიზების ბრალდებით სულ 281 ადამიანი დააკავეს. მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება სულ 7 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დაკავებულებს ბრალი 488 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე წარედგინათ - მათგან 198 მძიმე, ხოლო 290 ნაკლებად მძიმე დანაშაულს ედავებიან. საგამოძიებო მოქმედებების დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს იარაღები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
ბრალდებულთა უმრავლესობა ახალგაზრდაა. სიაში აღმოჩნდნენ პოლიტიკოსები, საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლები, სპორტის მწვრთნელები და სკოლის პერსონალიც კი.
დაკავებულთა შორის 17 პირი Disney-სა და Universal Studio-ს თანამშრომელია. მათგან შვიდს ბრალი უშუალოდ არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ სექსუალურ დანაშაულებში ედება. კომპანია Disney-მ სკანდალში გახვეული თანამშრომლები სამსახურიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა.
დაკავებულთა სიაშია სკოლის რესურსების დეპარტამენტის თანაშემწე. დაკავებულია ორინჯ ქაუნთის სკოლის თანამშრომელი, რომელსაც ბავშვებთან ყოველდღიური შეხება ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, მან ოლქის შერიფს სთხოვა, მისი ფოტო არ გასაჯაროებულიყო, თუმცა უშედეგოდ. საგანგებო ბრიფინზე შერიფმა ყველა ბრალდებულის ფოტო გამოაქვეყნა. ასე გავრცელდა, რომ ბრალდებულთა შორის აღმოჩნდა ოლქის დეპუტატიც.
ბრალდებულთა ნაწილს მძიმე კრიმინალური წარსული აქვს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთა დიდ ნაწილს სისხლის სამართლის მძიმე მუხლებით ნასამართლეობა აქვთ. მათ წინააღმდეგ წარსულში სულ 798 სისხლისსამართლებრივი საქმე იყო აღძრული, საიდანაც 358 მძიმე შინაარსის დანაშაული გახლდათ. 9 პირი წარსულში ბავშვთა მიმართ სასტიკი მოპყრობის გამოა გასამართლებული.
281 დაკავებულიდან მხოლოდ 40 ცხოვრობდა უშუალოდ პოლკის ოლქში. დანარჩენები აშშ-ის 20 სხვადასხვა შტატიდან იყვნენ ჩასულები, 18 პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო 32 - არალეგალი.
ოპერაცია „Polk Around and Find Out II“ ორი ძირითადი მიმართულებით დაგეგმილ და განხორციელებულ საპოლიციო ხაფანგს ეფუძნებოდა:
ინტერნეტში არასრულწლოვნებზე მოპედირეების (Child Predators) გამოვლენა;
ადამიანებით ვაჭრობისა და პროსტიტუციის ორგანიზებული ქსელების განადგურება.
მასშტაბურ დაკავებამდე გამოძიებამ ეჭვმიტანილებს ფარული აგენტები მიუგზავნა და სპეციალური საპოლიციო ხაფანგი მოუწყო. აღსანიშნავია, რომ ამავე ოპერაციის პირველი ეტაპის დროს სულ 32 ადამიანი იყო დაკავებული.





