სერგეი ყანჩელის საქმეზე ადვოკატებმა გამოძიებას ხელახლა მიმართეს
აქტივისტის ადვოკატების თქმით, საგამოძიებო ორგანოს ამ დრომდე არ აქვს ჩატარებული კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები
.webp&w=1920&q=75)
სერგეი ყანჩელის ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ 9 ოქტომბერს ყანჩელმა მრავალსაათიანი გამოკითხვის ფარგლებში პროკურატურას მის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.
ადვოკატის თქმით ისინი ითხოვენ კონკრეტული პირების დაუყოვნებლივ გამოკითხვას, შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალის კანონით დადგენილი წესით მოპოვებას და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ნივთების ამოღებას.
ადვოკატ გიორგი ჩხეიძის თქმით, საგამოძიებო ორგანოს ამ დრომდე არ ჩაუტარებია ის კონკრეტული მოქმედებები, რომლებიც, დაცვის მხარის შეფასებით, დანაშაულში მონაწილე პირების გამოსავლენად მნიშვნელოვანია.
დეტალურად დაათვალიერონ დიდუბე – ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 სამმართველო და მიმდებარე ტერიტორია. ხსენებული სამმართველო მდებარეობს შემთხვევის ადგილიდან 200-300 მეტრში და დიდი ალბათობით სწორედ ამ სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ ჩართულები ამ დანაშაულებრივ და ამორალურ ქმედებებში. მოიპოვონ არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერები. დაადგინონ ზემოხსენებული სამმართველის თანამშრომლების სახელები, გვარები და მოიპოვონ მათი სამსახურებრივი ფოტოსურათები. ასევე, დაადგინონ თუ რომელი თანამშრომლები ასრულებდნენ 2026 წლის 27 სექტემბერს სამსახურებრივ მოვალეობას. ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რომლის ფარგლებშიც სერგეი ყანჩელი აუცილებლად ამოიცნობს ყველა დამნაშავე პოლიციელს. პოლიციის ავტომობილებზე არსებული შესაბამისი გადამცემებით დადგინდეს – 2026 წლის 27 სექტემბერს, 15:00-16:00 დროის შუალედში, რომელი ავტომობილები ფიქსირდებოდნენ ნორიოს აღმართი #61 – ის მიმდებარედ. გამოიკითხონ ზემოხსენებული სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილეები.
ჩხეიძის თქმით, ადვოკატებმა საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველსაც მიმართეს. მისი თქმით, 8 ოქტომბერს მათ ომბუდსმენს სთხოვეს, დაინტერესებულიყო საქმით და შეხვედროდა როგორც ადვოკატებს, ისე სერგეი ყანჩელს, თუმცა, ჩხეიძის განცხადებით, ამ დრომდე მათ სახალხო დამცველის აპარატისგან უკუკავშირი არ მიუღიათ.
სერგეი ყანჩელი განცხადებით, 27 სექტემბერს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, პოლიციელებმა კუკიის სასაფლაოს მიმდებარედ გააჩერეს, შემდეგ კი სასაფლაოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით ემუქრებოდნენ. აქტივისტის განცხადებით, მას ასევე სექსუალური ხასიათის ქმედებების შესრულებას აიძულებდნენ. ყანჩელი პოლიციის მხრიდან ძალადობას საკუთარ სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს. მან მომხდარი „TV პირველის“ ეთერში დეტალურად გაიხსენა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აქტივისტმა საქართველო უკვე დატოვა.




