რა ხდება ამ წუთებში ბათუმში
ბათუმში, „დინამო არენაზე“ მიმდინარე „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩისას მომხდარი დაპირისპირების გამო პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა

ამ წუთებში ბათუმის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა, თუმცა ადგილზე კვლავ მობილიზებულია პოლიცია, სპეცრაზმი, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ბათუმის ქუჩებში გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია.
ბათუმის „დინამო არენაზე“ უეფას ევროპა ლიგის ფაზის მეხუთე ტურის მატჩი მიმდინარეობს, რომელშიც ერთმანეთს თურქული „ბეშიქთაში“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევა“ უპირისპირდებიან.
ვითარება ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე დაიძაბა, როდესაც თურქმა გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს და პალესტინის მხარდამჭერი, ანტიისრაელური შეძახილები დაიწყეს. ამას დაპირისპირება მოჰყვა, სიტუაციის განმუხტვის მცდელობისას კი პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ინციდენტები შეხვედრის მიმდინარეობის დროსაც გაგრძელდა. ვითარების გასანეიტრალებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
თურქული მედიასაშუალებები თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ მინისტრი ჰაკან ფიდანი ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს ტელეფონით ესაუბრა ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ.




