სასამართლომ დავით ფეიქრიშვილი პატიმრობაში დატოვა
პროცესი დღეს გაიმართა, რომელზეც დავით ფეიქრიშვილმა ციხეში მასზე ძალადობაზე ისაუბრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული დავით ფეიქრიშვილი და ალექსანდრე ჩაფოძე პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
გლდანის ციხეში ძალადობის ფაქტზე დავით ფეიქრიშვილმა დღეს სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.
დავით ფეიქრიშვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ ის ციხეში ვატო ყიფიანმა,ავთანდილ ბილანიშვილმა(კაწრომ) და სხვებმა იმიტომ აწამეს, რომ მის დაბლოკილი ტელეფონის გახსნა უნდოდათ.
"40 ნაკერი მადევს. მობილური იყო პროკურორის ხელში, ამათ ხელში რომ არ აღმოჩენილიყო მოტივაცია არ ექნებოდათ, რომ ჩემთან საკანში შემოეყვანათ, ვეწამებინე. წამების მთავარი მოტივაცია იყო ტელეფონი. მთავარი იყო, რომ მე მობილური უნდა გამეხსნა. პროკურორს უნდა უზრუნველყო, რომ ტელეფონი ყოფილიყო დალუქული... მე უკვე ნაცემი ვყავდი, ნაწამები, მითხარი პაროლიო. გაუხსენი, შენ ჩანაწერები გაქვსო... მეთქი, რა ჩანაწერები... შეიძლება პროკურორს ჯიბეში არ ედო ეს ტელეფონი, მაგრამ ჩემი საპროცესო უფლებები არის დარღვეული.
4 დღის განმავლობაში რომ მაწამებდნენ, ამაში ჩართული იყო ციხის უფროსი, პენიტენციური სამსახურის უფროსი... სპეციალურად შემოიყვანეს პარასკევს, ორშაბათი ძლივს დადგა და შემოვიდა ადვოკატი, ძლივს შევძელი ხმის მიწოდება... გადამიყვანეს ვივამედში და მერე ამ დაზიანებებით უკან დამაბრუნეს და ჩამიწერეს, ვითომ გადმოვვარდი.
უკან რომ მიმიყვანეს მანდ დაიწყო, რომ შენი ტელეფონი ვერ გახსნესო. კიდევ მიდიოდა მათი მხრიდან ჩემზე ძალადობა ბოლოს შენი ძმის ტელეფონი უნდა გაგვიხსნაო და ამით დამთავრდება ყველაფერიო. გოცირიძე და შოთა ყიფიანი თან დამყვებოდნენ თანამშრომლებთან ერთად, რომ ვინმესთვის რამე არ მეთქვა, თუმცა იქ თანამშრომლებისთვის რამის თქმას საერთოდ აზრი არ ჰქონდა.
ყველანაირად იზოლირებული ვყავდი, ერთადერთი შანსი იყო, რომ გამეძლო ორშაბათამდე, როცა ადვოკატი შემოვიდოდა. წინა ადვოკატთან 11 წელია ვმეგობრობ, შვილის ნათლიავარ და ესე, მოწმენდილ ცაზე მივიდა ჩემს ოჯახში და ვეღარ ვიქნები ადვოკატიო, წყალს გააყოლა ეს მეგობრობა.
ბოლოს, უკვე აზრზე რო მოვედი, ლეიბები, შემწვარი კარტოფილი, ციხის უფროსმა ცხელი პური გამოგიგზავნაო - მივხვდი, რომ ესენი რჩებიან ჩემთან საკანში მეთქი, ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო რამდენად მალე გავუხსნიდი ტელეფონს. შემოსვლის დღიდან ეგრევე ჩემთან შემოიყვანეს, არც კარანტინი გაუვლიათ არაფერი, ციხის „ნასეტკები“ ცდილობდნენ ჩემგან ინფორმაციის ამოღებას“, — "ფორმულას" თანახმად, ამბობს დავით ფეიქრიშვილი სასამართლო სხდომაზე.




