სასამართლო დავა შვილების გამო -ვინ არის კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის მკვლელობის შეკვეთას ედავებიან
ცნობილია დაკავებული მამაკაცის ვინაობა - ადვოკატი შსს-ს ფარულ ჩანაწერზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბრალდებული ცოლს მანამდე სასამართლოში ედავებოდა

კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის მკვლელობის შეკვეთას 25 000 დოლარის სანაცვლოდ ედავებიან, ყოფილ მეუღლესთან ბავშვების ნახვის უფლების გამო სასამართლოში დავა ჰქონდა.
გამოცემა „სანდო წყაროსთვის“ ცნობილი გახდა დაკავებულის ვინაობა - ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყარათაკლიაში მცხოვრები 38 წლის რაფი ორუჯოვია.
ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, ყოფილ მეუღლესთან დავა შვილების ნახვის უფლებას უკავშირდებოდა. სასამართლოს თავად ორუჯოვმა მიმართა, რადგან ყოფილი ცოლი მას ბავშვებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა პროცესი მხარეთა მორიგებით დასრულდა. ინტერესების დამცველის თქმით, სწორედ ის ფაქტი, რომ მამაკაცმა პრობლემის მოსაგვარებლად სასამართლოს მიმართა და დავის სამართლებრივი გზა აირჩია, მოწმობს, რომ ის კანონმორჩილი მოქალაქეა.
დაკავებულისთვის ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ, თავად ორუჯოვი კი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატის მტკიცებით, ფარული ჩანაწერი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, სრულ სურათს არ ასახავს და მასში არსად ისმის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი ცოლის მკვლელობას უკვეთავს.
განსხვავებულია საგამოძიებო უწყების ვერსია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა.
უწყების ცნობით, განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მამაკაცი ნაცნობს დაუკავშირდა და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით ასევე გაირკვა, რომ ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა.
რაფი ორუჯოვი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ. მათივე ცნობით, ოპოზიციაში გადასვლამდე, ორუჯოვი 2014 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას და პარტია "ქართული ოცნებას" წარმოადგენდა.
ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ის მობილური ტელეფონი ამოიღეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება) მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




