საყდრიონის საბავშვო ბაღში შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე პოლიციას ორმა მშობელმა მიმართა.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე პოლიციას ორმა მშობელმა მიმართა. თავდაპირველად ინფორმაცია TOK TV-მ გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
მშობლების ინფორმაციით, ბაღში აღსაზრდელების მიმართ სავარაუდოდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. მათი მტკიცებით, ძილის დროს ბავშვებს სახეზე ბალიშს აფარებდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ და დასჯის მიზნით თანატოლებისგან იზოლირებდნენ.
ერთ-ერთი მშობლის, ლია ჩოგაძის განცხადებით, დღეს ბავშვები ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოკითხეს. მშობლები აცხადებენ, რომ შესაძლო ძალადობის შესახებ ბაღების გაერთიანებასაც აცნობეს, თუმცა მათი თქმით, შესაბამისი რეაგირების ნაცვლად, კრიტიკა მიიღეს.
მშობლები ასევე საუბრობენ საბავშვო ბაღში სათვალთვალო კამერების დამონტაჟების გაჭიანურებულ საკითხზე.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მელსიდა მეხზიროვა ადასტურებს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და აცხადებს, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. დამატებით დეტალებზე მას არ უსაუბრია.
სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მენეჯერი ჟუჟუნა ბერიძე ბრალდებებს უარყოფს და მათ ცილისწამებას უწოდებს. მისი განცხადებით, აღნიშნული ბრალდებების მიზანი შესაძლოა მისი თანამდებობიდან ჩამოშორება იყოს.
რაც შეეხება სათვალთვალო კამერებს, მენეჯერის განმარტებით, მათი დამონტაჟება მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.




