საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეები და პოლიტიკური პარტიები იკრიბებიან
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას იწყებს

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ასევე, პოლიციაა განლაგებული მთავრობის სახლთან.
ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ. ასევე, მოსამართლეთა ნაწილი, რომლებიც საქმეს განიხილავენ, თუმცა მათ ედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.
სასამართლოსთან ჯერ არ გამოჩენილან მოსარჩელე მხარის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.
სასამართლო განხილვის პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოს წინ სამოქალაქო აქტივისტები დიდ ეკრანს ამონტაჟებენ, სადაც სასამართლო განხილვის პირდაპირი ეთერის ტრანსლაცია მოხდება.
სხდომა 12 საათზე დაიწყება.
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის გადაღებისა და პირდაპირ ეთერში გადაცემაზე თანხმობა გასცა.
"ქართული ოცნება" - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ითხოვს.
მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო განხილვებზე პარტიის ინტერესებს ოთხი წარმომადგენელი დაიცავს: არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.
საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. საკითხზე 7 მოსამართლე 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს. ბათუმში მიმდინარე სასამართლო პროცესები ღია იქნება. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 9-თვიანი ვადა აქვს.
განხილვის პარალელურად ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება აქციების გამართვას გეგმავს. აქციები იგეგმება თბილისშიც.
საკონსტირუციო სასამრთლოში, დარბაზისი სიმცირის გამო არ უშვებენ მედიის წარმომადგენლებს, სხდომას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემს და სხვა მედია საშუალებებში გაავრცელებს.




