ევროკომისია ქართულ ოცნებას მოუწოდებს, გაათავისუფლონ თვითნებურად დაკავებულები
ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი.

ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი, გადახედოს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ კანონმდებლობას და გამოიძიოს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებისა და წამების სავარაუდო ფაქტები.
ევროკომისიის შეფასებით, გასული წლის რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებას არ შეუსრულებია, რის გამოც ქვეყანამ გადაუდებელი ნაბიჯები უნდა გადადგას. კომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს შორის პირველ ადგილზე სწორედ დაკავებული პირების გათავისუფლებაა.
ანგარიშში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ არაერთ პრობლემაზეც არის საუბარი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები უმეტესწილად შეუსრულებელი რჩება, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი სათანადო დონეზე არ მიმდინარეობს.
კომისია გამოწვევებად ასახელებს მართლმსაჯულების, პენიტენციურ და სამართალდამცავ სისტემებში არსებულ მდგომარეობას, ასევე დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხს.
დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ევროკომისია ამის მიზეზად სულ უფრო რეპრესიულ საკანონმდებლო გარემოს ასახელებს, რომელმაც განსაკუთრებით გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებები შეზღუდა.


.webp&w=1920&q=75)

