საია: თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართული დევნის კამპანიის ნიშნებს შეიცავს
საია სამოქალაქო აქტივისტის დისკრედიტაციის მიზნით ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეოებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ეხმიანება

საია- ს შეფასებით, სამოქალაქო აქტივისტისა და პლატფორმა „მისმინეს“ წამყვანის, თორნიკე რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ვიდეოებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელება მისი მიზანმიმართული დევნის კამპანიის ნიშნებს შეიცავს.
ორგანიზაციის განცხადებით, მსგავსი შინაარსის ყალბი ვიდეოების მიზანმიმართული გავრცელების მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ციფრული ტექნოლოგიების მანიპულაციური გამოყენებით ადამიანის წინააღმდეგ მტრული გარემოს შექმნის მცდელობა.
საიას შეფასებით, ეს გარემობები იმპერსონაციის კონტექსტში უნდა შეფასდეს, რაც გულისხმობს სხვა პირის იდენტობის გამოყენებას ისე, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს თავად ეს პირი საუბრობს, აკეთებს კონკრეტულ განცხადებას ან ახორციელებს გარკვეულ ქმედებას.
მოცემულ შემთხვევაში, თორნიკე რაზმაძის გამოსახულებისა და ხმის ხელოვნურად გამოყენებით შექმნილი და გავრცელებული ვიდეოები მას მიაწერს რეალურად არარსებულ განცხადებებსა და ქმედებებს, რაც მისი იდენტობის გამოყენებისა და მისი სახელით კომუნიკაციის იმიტაციის აშკარა ნიშნებს შეიცავს. გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში გადამწყვეტია, აღიქმება თუ არა მსგავსი მასალა გონივრული აუდიტორიის მიერ აშკარა სატირად, პაროდიად ან შეფასებით მოსაზრებად, თუ ის წარმოდგენილია როგორც რეალური აუდიოვიზუალური მტკიცებულება. ამ შემთხვევაში, საიას შეფასებით, მასალებს არ ახლავს სატირული ხასიათის გარკვეული მითითება, და, არც დამოუკიდებელი დამკვირვებლის მიერ შეიძლება იქნას ასეთად მიჩნეული / შეფასებული. ეს ზრდის რაზმაძის პატივის, პირადი ცხოვრების, იდენტობისა და უსაფრთხოების უფლებებზე ზემოქმედების სიმძიმეს
ცნობისთვის, ბოლო დღეებში სამოქალაქო აქტივისტისა და ბლოგერის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის კამპანია მიმდინარეობს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეოები, სადაც რაზმაძის იდენტობის გამოყენებით ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს ის ნარკოტიკულ საშუალებებთან და ნარკორეალიზატორებთან არის დაკავშირებული.
ამავე პერიოდში პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა რაზმაძეს დაუკავშირეს ფეისბუკგვერდი, რომელმაც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ძველი კადრები ახალ ამბად წარმოაჩინა და მსხვერპლის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.




