საია: სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება
"საია" კვლევით - მოსამართლეთა სპეციალიზაცია გავლენიანი ჯგუფის ინტერესების გასაძლიერებლად და ზემოქმედებისთვის გამოიყენება

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გამოაქვეყნა კვლევა - სპეციალიზაცია და ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეების დაუსაბუთებელი გადაყვანები საქართველოში - ზემოქმედების ბერკეტი სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის ხელში.
საიას შეფასებით, მოსამართლეთა სპეციალიზაციის არსებული სისტემა არათანმიმდევრულია და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლოების თავმჯდომარეებს მოსამართლეთა გადანაწილებისას ფართო, ხშირად დაუსაბუთებელ უფლებამოსილებებს აძლევს.
საიას განმარტებით, პრაქტიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის, სისტემაში არაფორმალური გავლენებისა და ანგარიშვალდებულების არარსებობასთან დაკავშირებული ხანგრძლივი გამოწვევების ფონზე, სპეციალიზაციის მექანიზმი არ ემსახურება მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებას.
საია აღნიშნავს, რომ იგი იუსტიციის საბჭოს ხელში არსებული დამატებითი ზემოქმედების ბერკეტია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონკრეტული საქმეების განმხილველი შემადგენლობის ფორმირებაზე ზემოქმედებისთვის, არასასურველი მოსამართლეების ნაკლებად სენსიტიურ კატეგორიებში გადასაყვანად და სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის ინტერესების გასაძლიერებლად.
ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლო სისტემა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მოსამართლეებს საქმეების დამოუკიდებლად, მხოლოდ კანონის საფუძველზე გადაწყვეტის შესაძლებლობა ჰქონდეთ.




