რუსეთის პროკურატურის ინფორმაციით, ქართველ მებრძოლს, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გურამ ჭიჭინაძე ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ გაასამართლა

ინფორმაციას რუსული მედია გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსების ტყვეობაში მყოფ ქართველ მებრძოლს გურამ ჭიჭინაძეს, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის, ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.
რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, გურამ ჭიჭინაძემ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი 2022 წლის ოქტომბერში, ოდესის ოლქში უკრაინის 28-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის დისლოკაციის ადგილზე გააფორმა, ხოლო წვრთნები მიკოლაივის ოლქში გაიარა.
პროკურატურის განცხადებით, ჭიჭინაძემ 2022 წლის ნოემბერში სამხედრო მოქმედებების ზონა დატოვა და კიევში ჩავიდა, სადაც 400 ათასი რუბლის ოდენობის ანაზღაურება მიიღო.
რუსეთის პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 43 წლის ჭიჭინაძე 2024 წლის თებერვალში სამხედრო მოქმედებების ზონაში დაბრუნდა, ხოლო თებერვლის ბოლოს რუსმა ჯარისკაცებმა ტყვედ აიყვანეს.




